ქიტიაშვილი ცირა
ქიტიაშვილი ცირა – (1932 – 2016) პოეტი, რეჟისორი, მსახიობი. დაიბადა თბილისში. 1954 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, შემდეგ, 1969 წელს – თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1954-1969 წლებში მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობად, შემდეგ განათლების სამინისტროსა და მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის მეთოდისტად, საესტრადო სასწავლებლის პედაგოგად, 1976 წლიდან ფილარმონიის დამდგმელი რეჟისორია. მისი ბევრი ლექსი შეტანილია დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოებში. ფირმა მელოდიას მიერ 1991 წელს გამოცემული აქვს ორი ფირფიტა: „დამპრა-დუმპრა“ – ავტორის ლექსები და სიმღერები. გამოცემული აქვს კრებულები: „ბუდეშურის აკიდო“ (1970), „უცნაური თოჯინა“ (1974), „წერილები სიმღერეთიდან“ (1983), „ლაჟვარდებში მტრედი ცურავს“ (1987), „წითელქუდა ყაყაჩოები“ (1989), „ეს სამშობლოა ჩემი და შენი” (2007).
- საქართველო მომიქარგე
- მზეო, მზეო, თვალხატულავ,
- იხარე და იბრიალე,
- სარკესავით ნათელ ცაზე
- დროშასავით იფრიალე.
- დამიშაქრე ოჯალეში,
- დამიშაქრე ციცქა, თითა...
- საქართველო მომიქარგე
- სითბოთი და სინათლითა.