ნერუ ჯავაჰარლალ
ჯავაჰარლალ ნერუ – (1889-1964), ინდოეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.
1905-12 სწავლობდა პეროუს არისტოკრატიულ სკოლასა და კემბრიჯის უნივერსიტეტში (ინგლისი). 1912 შევიდა ინდოეთის ეროვნულ კონგრესში (იეკ). 1921 პირველად დააპატიმრეს სოფლად ანტიინგლისური აგიტაციისათვის და სულ ციხეებში 10 წელი გაატარა.
ნერუს შეხედულებით ინდოეთის განთავისუფლება უნდა მომხდარიყო მასების აქტიური ბრძოლის გზით, ძირეული სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნების ლოზუნგით. ინდოეთის მომავალი მას წარმოდგენილი ჰქონდა სოციალიზმის სახით. მისი მიღწევა სურდა სოციალური კომპრომისის გზით. 1929-30, 1936-37, 1946, 1951-54 იყო იეკ-ის თავმჯდომარე. 1946 ინდოეთის დროებით მთავრობაში დაიკავა ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი, დამოუკიდებელი ინდოეთის შექმნიდან (1947) სიკვდილამდე შეუცვლელად იყო პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, შეიმუშავა და ცხოვრებაში გაატარა ინდოეთის რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები (ე.წ. „ნერუს კურსი“), ინდოეთის ეკონომიკური განვითარების გეგმები. საგარეო პოლიტიკაში ატარებდა „პოზიტიური ნეიტრალიტეტის“ პოლიტიკას, აქტიური როლი შეასრულა მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთი პრინციპის – „პანჩა შილას“ შემუშავებაში: იყო ბანდუნგის კონფერენციის 1955 ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ინდოეთის ისტორიაში შევიდა როგორც „ახალი ინდოეთის მშენებელი“.