როტენბერგი ჯერომ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჯერომ როტენბერგი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯერომ როტენბერგი – (დ. 1931), ამერიკელი პოეტი, მთარგმნელი, ინდიელთა ფოლკლორის შემგროვებელი. ჯერომ როტენბერგი ნიუ-იონკში კოლეჯის დამთავრებისა და მიჩიგანის უნივერსიტეტში სწავლის მერე ორი წელი აშშ-ის არმიაში იმსახურა და უმაღლესი განათლება კოლუმბიის უნივერსიტეტში დაასრულა. ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო გერმანული ენიდან შესრულებული პოეტური თარგმანების გამოქვეყნებით, 1958 წელს კი ფერლინგეტის თხოვნით თარგმნა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის გერმანელი პოეტები. ამერიკელმა მკითხველმა სწორედ მისი თარგმანებით გაიცნო პაულ ცელანის, ინგებორგ ბახმანის და გიუნთერ გრასის შემოქმედება. იმავე პერიოდში როტენბერგი სარედაქციო სამუშაოებს ასრულებდა ჟურნალში Poems from the Floating World, სადაც იბეჭდებოდნენ რობერტ ბლაი, დენიზ ლევერტოვი, გარი სნაიდერი, რობერტ დანქენი და სხვები. პარალელურად იკვლევდა საუკუნის დასაწყისის ავანგარდს და გერტრუდა სტაინის შემოქმედებას, ნაყოფიერად მუშაობდა ექსპერიმენტულ პოეზიაში და ლიტერატურის თეორიაში. ე. წ. „პრიმიტიული“ და თანამედროვე პოეზიის შედარებით ანალიზში მისი ძიებები კი 1968 წელს დაგვირგვინდა პრიმიტიული და არქაული პოეზიის უნიკალური ანთოლოგიის გამოცემით. ამან, თავის მხრივ, სათავე დაუდო როტენბერგის მიერ ეთნოპოეზიის და რეზერვაციებში მცხოვრებ ინდიელთა სარიტუალო სიმღერების შესწავლას; შეიმუშავა ამ სიმღერების თარგმნის საკუთარი მეთოდიც, ე. წ. „სრული თარგმანის“ მეთოდი, რაც გულისხმობდა ყველა ერთი შეხედვით უაზრო სიტყვის თუ გამოთქმის შენარჩუნებას და რთულ ეტიმოლოგიურ წიაღსვლებს. 70-იან წლებში მან, თანამოაზრეებთან ერთად, დააარსა ჟურნალი Alcheringa, რომელიც მთლიანად ეთნოპოეზიებს ეთმობოდა. ამავე პერიოდში დაიწყო მან ებრაული პოეტური სიძველეების კვლევა, რაც ასევე კაპიტალური ანთოლოგიის გამოცემით დასრულდა. სწორედ უძველესი პოეტური და მისტიკური ტრადიციების კონტექსტში იკვლევდა როტენბერგი თანამედროვე ექსპერიმენტულ პოეზიას. ევროპული ავანგარდის საკვანძო ფიგურების – პაულ ცელანის, ჰ. მ. ენცენსბერგერის, კურტ შვიტტერსის, ოიგენ გომრინგენის და გარსია ლორკას მისმიერი თარგმანი-ინტერპრეტაციები უნიკალურია იმის გამოც, რომ ისინი სისტემურად ასახავენ მის „ისტორიცისტულ“ პოზიციას. თვით როტენბერგის ორიგინალური შემოქმედება არანაკლებ ცნობილია, ვიდრე – მისი თეორიული, საგამომცემლო და მთარგმნელობითი მოღვაწეობა.


წყარო

მეოცე საუკუნის ამერიკელი პოეტები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები