უოთსონი ჯონ ბროდეს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჯონ ბროდეს უოთსონი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უოთსონი ჯონ ბროდეს

უოთსონი ჯონ ბროდეს - Watson John Broadus, Уотсон Джон, 1878-1958

ამერიკელი ფსიქოლოგი, კლასიკური ბიჰევიორიზმის ფუძემდებელი, თანმიმდევრული მატერიალისტი და ემპირისტი. სწავლობდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში, ფუნქციონალიზმის ერთერთ ცენტრში. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ზოოფსიქოლოგიაში. 1908 წლიდან უოთსონი ბალტიმორის ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. იქ მუშაობდა ამერიკის უძველესი ფსიქოლოგიური ლაბორატორია, რომელსაც უოთსონი ჩაუდგა სათავეში. 1913 წელს „ფსიქოლოგიურ რევიუში” გამოაქვეყნა საპროგრამო წერილი „ფსიქოლოგია ბიჰევიორისტის თვალსაზრისით”, რომლითაც საფუძველი ჩაუყარა ბიჰევიორიზმს. 1915 წელს, 37 წლისა, იგი ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს. 1920 წელს უოთსონის ბრწყინვალე სამეცნიერო კარიერა მოულოდნელად შეწყდა და, ოჯახური პირობების გამო, იგი სარეკლამო ბიზნესში გადავიდა, სადაც ძალიან მალე დიდი ფირმის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. მიუხედავად ამისა, უოთსონი განაგრძობდა ბიჰევიორიზმის პოპულარიზაციას. მისმა წიგნმა „ბიჰევიორიზმი” (1925) უდიდესი ინტერესი გამოიწვია მთელ მსოფლიოში.

უოთსონი უარყოფდა ცნობიერების მეცნიერული შესწავლის შესაძლებლობას, რაც მხოლოდ თვითდაკვირვებისთვისაა მისაწვდომი. ფსიქოლოგიის საგნად მიიჩნევდა ქცევას, რომელიც სტიმულზე ობიექტურად აღრიცხვადი რეაქციის სახითაა წარმოდგენილი. ის ამომწურავად აღიწერება S-R (სტიმული-რეაქცია) წყვილით. „ბიჰევიორიზმის მთავარი ამოცანაა, შეკრიბოს ადამიანის ქცევაზე დაკვირვებათა მონაცემები, რათა ყოველ მოცემულ შემთხვევაში, ბიჰევიორისტს შეეძლოს იმის თქმა, თუ როგორი იქნება რეაქცია, ან, თუკი რეაქცია სახეზეა, გაარკვიოს, რა სიტუაციამ გამოიწვია ის. ფსიქოლოგიის ძირითადი მიზანი ქცევის წინასწარმეტყველება და მართვა (კონტროლია).

სტიმული მოცემულ მომენტში ორგანიზმზე მოქმედი გამღიზიანებელია; რეაქციას უოთსონი უწოდებდა იმ ცვლილებათა ერთობლიობას, რასაც ადგილი აქვს კუნთებისა და ჯირკვლების მოქმედებისას. რეაქცია ორგანიზმის მოტორული და სეკრეტორული გამოვლინებაა. შესაბამისად რეაქციების ორი სახეობა გამოიყოფა - გარეგანი და შინაგანი. რეაქციების კიდევ ერთი დაყოფა მათი თანდაყოლილობა-შეძენილობის თვალსაზრისით ხდება.

უოთსონის აზრით, ადამიანის რეაქციების უდიდესი უმეტესობა შეძენილია. ბავშვი იბადება თანდაყოლილი მარტივი რეაქციების შეზღუდული რაოდენობით. გარემოს მიზანდასახული ცვლილების გზით ჩვენ ბავშვის ჩამოყალიბების პროცესი საჭირო მიმართულებით შეგვიძლია წარვმართოთ. ქცევა დასწავლის შედეგია. ბიჰევიორიზმის რწმენით, დასწავლის საშუალებით ყველაფრის მიღწევა შეიძლება. ამასთან დაკავშირებით უოთსონი ამბობდა: „მომეცით რამდენიმე ჩვილი ბავშვი და შესაძლებლობა, აღვზარდო ისინი სპეციალურ იზოლირებულ გარემოში. მე გაძლევთ გარანტიას, რომ შემთხვევითად შერჩეული ერთერთი მათგანისაგან ნებისმიერი პროფილის სპეციალისტს გამოვიყვან: ექიმს, ადვოკატს, მხატვარს, ვაჭარს, მათხოვარსა და ქურდსაც კი, მიუხედავად მისი მიდრეკილებებისა, ნიჭისა, მისი წინაპრების საქმიანობისა და რასობრივი მიკუთვნებულობისა” (სუფთა დაფის თეორია). უოთსონმა განახორციელა კვლევითი პროექტი, რომელშიც ნაჩვენები იქნა, როგორ შეიძლება გამოუმუშავდეს ბავშვს შიშის რეაქცია ობიექტზე (თეთრ თაგვზე), რომლისაც თავდაპირველად არ ეშინოდა. შემდგომში ნაჩვენები იყო, თუ როგორ შეიძლება უკვე არსებული შიშის რეაქციის განეიტრალება. ამ კვლევებმა ბიძგი მისცა ქცევითი თერაპიის განვითარებას.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები