თავისუფლებათა დიდი ქარტია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა Magna Carta Libertatum-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავისუფლებათა დიდი ქარტია (Magna Carta Libertatum) - ადამიანის უფლებათა აღიარების ჩანასახად ისტორიულად 1215 წლის ინგლისს ასახელებენ. პირველი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ადამიანის უფლებათა მხრივ საინტერესოა, თავისუფლებათა დიდი ქარტიის (Magna Carta Libertatum) სახელწოდებითაა ცნობილი.

1215 წელს, მეფის უფლებათა თაობაზე უთანხმოების გამო, ინგლისში გამოცემული თავისუფლებათა დიდი ქარტია, თანამედროვე კონსტიტუციური სამართლის ჩამოყალიბების პირველ ნაბიჯად მიიჩნევა. ქარტიის პირველადი ვერსია შეიქმნა მეამბოხე ბარონებისა და რომის პაპის ინოკენტ III-ის (1198-1216) აქტიური ჩართულებით. ეკლესია წარმოადგენდა ერთის მხრივ დამაბალანსებელ ფაქტორს, რომ არ მომხდარიყო შეიარაღებული დაპირისპირება, მეფესა და მეამბოხეებს შორის, ხოლო მეორეს მხრივ იყო მონარქიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი.

საბოლოო შეთანხმებას ხელი მოეწერა მეფე ჯონ უმიწაწყლოსა (King John of England at Runnymede 1199-1216) და ოცდახუთი ინგლისელი ბარონისგან შემდგარ საბჭოს შორის. თავისუფლებათა დიდი ქარტიის თანახმად, მეფეს გარკვეული უფლებები უნდა დაეთმო, დამორჩილებოდა სამართლებრივ პროცედურებს და ეღიარებინა, რომ იგი თავადაც ყოფილიყო შეზღუდული კანონმდებლობით. აღსანიშნავია, რომ ქარტიის დიდი ნაწილი, სიტყვასიტყვით იყო გადმოტანილი 1100 წლის ქარტიიდან, რომელიც ასევე ინგლისელი ბარონების მიერ იგივე მოთხოვნებით მეფე ჰაინრიხ პირველის (1100 -1135 ) წინააღმდეგ იყო შექმნილი.

ქარტიის ავტორებმა აიძულეს მეფე, ხელი მოეწერა დოკუმენტისთვის, რომლითაც გარანტირებული იქნებოდა მათი უფლებები და თავისუფლებები. თავისუფლების დიდი ქარტია ლათინურ ენაზეა შედგენილი და შეიცავს პრეამბულასა და 63 მუხლს. ეს დოკუმენტი დიდი ბრიტანეთის მმართველობის სისტემის ერთგვარი საფუძველია. ინგლისში Magna Carta Libertatum განიხილება როგორც პირველი საკონსტიტუციო აქტი. ჯონის გარდაცვალების შემდეგ, მისმა მემკვიდრემ ჰენრი III-მ 1216 და შემდგომ 1225 წელს 8 განაახლა და გამოსცა ქარტიის განახლებული ვერსია, რომელიც განიხილება ნორმატიული კანონის საწყისად და მხარს უჭერდნენ გვიანი შუა საუკუნეების ინგლისის მეფეები. ქარტია გახდა ინგლისური პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი და როგორც წესი, ყველა მონარქი ანახლებდა მას თავისი მმართველობის პერიოდში, თუმცა დრო და დრო ინგლისის პარლამენტი იღებდა სხვადასხვა კანონს და ქარტიამ დაკარგა თავისი პრაქტიკული მნიშვნელობა. მიუხედავად მისი ისტორიული მნიშვნელობისა, ეს აქტი ფეოდალიზმის პერიოდის სამართლებრივი დოკუმენტია და იგი, თანამედროვე გაგებით, ადამიანის უფლებათა დეკლარაციად ვერ მიიჩნევა, რადგან ქარტია მაინც ფეოდალთა უფლებებისა და ინტერსების დამცავ მექანიზმს ქმნიდა. თუმცა სწორედ მან შექმნა საზოგადოებრივ ცხოვრებაში თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის შემდგომი განმტკიცების საფუძველი და წინაპირობა. იმ ადრეულ ეტაპზე, მსგავსი დეკლარაციები მეფის ხელისუფლების შესუსტებასა და ფეოდალური პრივილეგიების, მოგვიანებით კი საპარლამენტო თავისუფლების დამკვიდრებას უფრო ისახავდა მიზნად, ვიდრე ადამიანის უფლებათა დაცვას.

თანამედროვე გაგებით, ადამიანის უფლება-თავისუფლებების განვითარების პირველადი ისტორიული საწყისი, უფრო მოგვიანებით, XVII საუკუნის ინგლისში შეიმჩნევა. ამ მხრივ, საინტერესოა შემდეგი სამართლებრივი აქტები: Habeas Corpus Act (1679) და Bill of Rights (1689). ჩამოთვლილი დეკლარაციები, ადამიანის უფლებათა დღევანდელი გაგებით, მართალია ინდივიდის სრულყოფილ უფლებას არ უზრუნველყოფდა, თუმცა ერთ-ერთ წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება იყოს მიჩნეული.

წყარო

ძირითადი უფლებები: კომენტარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები