ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია რუსეთის მიერ 1801
ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია რუსეთის მიერ 1801 – 1798 წლის 11 იანვარს ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფო შინა და საგარეო პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა. რუსეთის საიმპერატორო კარი 1783 გეორგიევსკის ტრაქტატით გათვალისწინებულ პირობებს არ ასრულებდა, რაც კიდევ უფრო ააქტიურებდა ირანს. ერეკლეს მემკვიდრემ ავადმყოფმა გიორგი XI-მ იძულებითი მოლაპარაკება დაიწყო ირანის შაჰ ბაბა-ხანთან, რომელმაც დამორჩილება მოსთხოვა ქართლ-კახეთის მეფეს. ამავე დროს გიორგიმ რუსეთის მთავრობას აცნობა, რომ თუ ის ტრაქტატის პირობებს არ დაიცავდა, ქართლ-კახეთი დამოუკიდებელი პოლიტიკის გზას დაადგებოდა, იმპერატორმა თვალთმაქცურად გიორგი მეფედ დაამტკიცა, ხოლო მის შემდგომ მემკვიდრედ – დავით ბატონიშვილი გამოაცხადა.
გიორგი მეფემ რუსეთის მთავრობის უფრო დასაინტერესებლად 1799 წლის 7 სექტემბერს გეორგიევსკის ტრაქტატის შესწორება ითხოვა (ე.წ. სათხოვარი პუნქტები), რომლის ძალითაც ქართლ-კახეთი რუსეთის მფარველობა-ქვეშევრდომობაში შედიოდა როგორც საგარეო, ისე საშინაო საქმეებში რუსეთის მორჩილების ფორმით, ოღონდ გიორგისა და მის შემდგომ მემკვიდრეებს მეფის წოდება და შეკვეცილი შინაგანი ავტონომია უნდა შეენარჩუნებინათ. ამის საფუძველზე ქართველმა ელჩებმა: გ. ჭავჭავაძემ, ელ. ფალავანდიშვილმა და გ. ავალიშვილმა 1800 წლის 24 ივნისს რუსეთის მთავრობას წარუდგინეს ნოტა ახალი ხელშეკრულების შესახებ, რომელიც იმპერატორმა დაამტკიცა იმავე წლის 23 ნოემბერს და სიგელით აცნობა ეს გიორგი XII-ს. ამავე დროს რუსეთის მთავრობას გადაწყვეტილი ჰქონდა ქართლ-კახეთის სახელმწიფოს გაუქმება.
1800 წ. 16 დეკემბერს პავლე იმპერატორმა ხელი მოაწერა სათანადო მანიფესტს, რომელსაც ჯერ საიდუმლოდ ინახავდნენ. 1801 წ. 28 იანვარს მანიფესტი პეტერბურგში გამოაქვეყნეს. 1801 წლის იანვარში ჩამოსული ელჩები წარუდგნენ დავით გიორგის ძეს, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ მართავდა სამეფოს. მან ისინი ხელშეკრულების გასაფორმებლად ისევ პეტერბურგში გაგზავნა, მაგრამ მათ პავლე ცოცხალი აღარ დახვდათ. ქართველმა ელჩმა რუსეთის მთავრობას წარედგინა ნოტა, რომელსაც საფუძვლად ედო 1800 წლის 19 ნოემბრის პავლე I-ის მიერ მოწონებული ხელშეკრულების პროექტი. მაგრამ რუსეთის მთავრობამ ელჩები საქმეს ჩამოაშორა და მათ აზრს ანგარიში არ გაუწია. ფორმალური ხასიათის ღონისძიებათა გატარების შემდეგ, 1801 წლის 12 სექტემბერს გამოქვეყნდა იმპერატორ ალექსანდრე I-ის მანიფესტი. დავითი მმართველობიდან გადააყენეს. ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმეს და ქვეყანაში საგუბერნიო მმართველობა დააწესეს. იმავე დღეს იმპერატორის ხელმოწერით დამტკიცდა დებულება ახლად შეერთებული ქვეყნის მმართველობის შესახებ. ამ დებულებამ მოქმედება დაიწყო 1802 წლის მაისში.