ეკლესია
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
ხაზი 31: | ხაზი 31: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | * | + | * [[მსოფლიო რელიგიები საქართველოში]] |
* [[რელიგიები საქართველოში]] | * [[რელიგიები საქართველოში]] | ||
[[კატეგორია:ეკლესია]] | [[კატეგორია:ეკლესია]] | ||
[[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]] | [[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]] |
მიმდინარე ცვლილება 21:48, 19 ივნისი 2023 მდგომარეობით
ეკლესია - ეკლესია ბერძნული სიტყვაა და ორი მნიშვნელობა აქვს: ძირეული, პირველადი და მეორეული, გადააზრებითი. თავდაპირველი და ჩვეულებრივი აზრით იგი ნებისმიერი რწმენისა და სოციალური ფენის წარმომადგენელთა კრებულს (საზოგადოებას) აღნიშნავს. მეორეული შინაარსით, ე.ი. ქრისტიანული თეოლოგიის ენაზე, ეკლესია გულისხმობს მორწმუნეთა და (და მხოლოდ მორწმუნეთა) კრებულს, საზოგადოებას, გაერთიანებას.
ეკლესიის წევრები არიან როგორც მართალი, ისე ცოდვილი მორწმუნეები. მაშასადამე, ეკლესია ფაქტობრივად და რეალურად შესაბამისი ქვეყნისა და საზოგადოების ყველა უბანს მოიცავს. ეკლესია ის რელიგიური ორგანიზაციაა, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს საზოგადოების ფართო ფენებთან და მის წიაღში მოქმედებს. ეკლესიის არსებითი ნიშანი არის ჰარმონიული ურთიერთობა სახელმწიფოს კულტურასთან და ტრადიციებთან. მნიშვნელობა არა აქვს, ოფიციალურად რა სტატუსი ექნება მას მინიჭებული. ეკლესია, როგორც წესი, ამა თუ იმ მხარის, ერისა თუ ეთნოსის ძირითადი სარწმუნოებრივი გაერთიანებაა.
[რედაქტირება] ქრისტიანული ეკლესია
ბერძნული სიტყვაა და მომდინარეობს ზმნიდან ეკკალეო - „მოვუწოდებ“, „მოვუხმობ“. მაშასადამე, ახალი აღთქმის ეკლესია წოდებულთა, მოხმობილთა კრებულია.
პირველი ეკლესია იერუსალიმში დაფუძნდა აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, როდესაც მოციქულებზე სულიწმიდა გადმოვიდა და მათ ქადაგების განსაკუთრებული უნარი შეიძინეს. იმ დღეს სამი ათასმა კაცმა იწამა იესო ქრისტე და მოინათლა (საქ. 2:41). იერუსალიმის ეკლესია უძველესი ეკლესიაა და ქრისტიანობა მთელ მსოფლიოში იერუსალიმიდან გავრცელდა.
ქრისტიანული რელიგიის მრწამსმა, რომელიც ჯერ ნიკეის (325წ.) და მერე კონსტანტინოპოლის (381 წ.) მსოფლიო კრებაზე იქნა მიღებული, ამგვარად ჩამოაყალიბა ქრისტიანული ეკლესიის ოთხი ნიშანი: „მწამს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქული ეკლესია“. განვმარტოთ, რას ნიშნავს თითოეული მათგანი.
ერთი. ქრისტემ შექმნა მხოლოდ ერთი ეკლესია, ეკლესია, რაზედაც ლაპარაკობს მრწამსი. როგორც ერთია ღმერთი, როგორც ერთია ძე ღვთისა ქრისტე, როგორც ერთია ქრისტეს სხეული, ასევე ერთია ეკლესია.
წმიდა. რაკი ეკლესია ქრისტეს დაფუძნებულია და ის არის მისი სხეული, იგი წმიდაა. ის წუთისოფელშია, მაგრამ განრიდებულია მისგან. წუთისოფლის სიბილწე არ ბღალავს მას. წმიდა არ ნიშნავს, რომ ყველა წევრი ეკლესიისა წმიდაა. წმიდა ნიშნავს, რომ ცოდვილნი, რომელთა მოწოდებისთვის მოვიდა ქრისტე, სიწმიდის გზაზე არიან, ეკლესიაში ეზიარებიან სიწმიდეს.
კათოლიკე. ერთი მნიშვნელობით ეს არის „მთლიანი“, „მრთელი“. ეკლესია შეიქმნა და არსებობს როგორც მთლიანი, დაუნაწევრებელი, ისევე როგორც ქრისტეს სხეულია მთლიანი. ყველა ცალკეული ეკლესია მთლიანად, არა ფრაგმენტულად, არა დანაწილებულად მოიცავს ერთს. მეორე მნიშვნელობით, კათოლიკე ნიშნავს საყოველთაოს, უნივერსალურს. ეკლესია აერთებს ყველა ქრისტიანს, მთელ მსოფლიოში გაფანტულთ, ყველას - ცოცხალსა და განსვენებულს, წმიდასა და ცოდვილს, განურჩევლად ეთნიკურენობრივი, კულტურული, სოციალური კუთვნილებისა. არსებობს ქრისტეს ერთი ეკლესია თავის უნივერსალურ მთლიანობაში, ყველა მოდგმისათვის - ყველასათვის ერთნაირად განტეხილ-დათხეული ქრისტეს ხორცი და სისხლი, მაგრამ მაინც მთლიანი ხორცით და სისხლით. „უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი... თქვენ ყველანი ერთნი ხართ ქრისტე იესოში“ (გალ. 3:28).
სამოციქულო. სამოციქულო ნიშნავს, რომ ეკლესია დაარსებულია მოციქულთა მიერ და ინახავს მოციქულთა მოძღვრებას, რომელიც მათ უშუალოდ ქრისტესგან მიიღეს. ქრისტეს სიცოცხლეში თორმეტი მოციქული უკანასკნელ სერობაზე უკვე შეადგენდა ეკლესიას თავისი ევქარისტიის საიდუმლოთი (ქრისტეს ხორცისა და სისხლის ზიარებით), მაგრამ ეკლესიის დაარსების დღედ ითვლება აღდგომიდან ორმოცდამეათე დღე, როცა მოციქულთა კრებულზე გადმოვიდა სულიწმიდის მადლი და სხვადასხვა ქვეყნიდან იერუსალიმში შეკრებილ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ებრაელებს ყველას საკუთარ ენაზე ექადაგა სახარება (საქმე, 2:111).
მართლმადიდებლური მოძღვრებით, ეკლესია არის ყველა წმიდის და ცოდვილის თავშესაფარი ამ სოფელში, როგორც ნოეს კიდობანი. ეკლესია ხომალდია, რომელიც დაცურავს წუთისოფლის აბობოქრებულ ზღვაში და იფარებს თავის წიაღში მორწმუნეებს, რომელთაც თავისუფალი ნებით აირჩიეს თავიანთი ხვედრი, რათა ასულიყვნენ ხომალდში. ამიტომაც ადრექრისტიანული წარმოდგენით, ეკლესიის შენობის არსის განმსაზღვრელი ტიპი ბაზილიკაა, რომელსაც გემის ფორმა აქვს იმის ნიშნად, რომ ის მიაპობს ამაოების ტალღებს. არსად ის არ მკვიდრობს, მისი მკვიდრობა მხოლოდ გზაშია და გზას აქვს მიზანი - ღვთის სასუფეველი და თავად არის, საბოლოო აზრით, თვითმიზანი (რადგან ის დაუსრულებელია, გრძელდება სასუფეველშიც, როგორც ამას ასწავლიდა გრიგოლ ნოსელი), როგორც ქრისტე ამბობს: „მე ვარ გზა“ (გზა ეწოდებოდა ქრისტიანობას მის საწყის ხანაში).
თუ ეკლესია სადმე მკვიდრობს, ეს არის ცა, მაგრამ მას, ცის მკვიდრს, სოფელშიც ჰყავს თავისი შვილები. ამ აზრით, „ეკლესია არის მიწიერი ცა, სადაც ზეციერი ღმერთი მყოფობს და მოძრაობს“ (გერმანე კონსტანტინოპოლელი). ცაში მკვიდრობის ამ იდეას გამოხატავს ცენტრალურ-გუმბათოვანი ეკლესიები, რომელთა გუმბათი მდგრადობის, უძრაობის, თითქოს ციური გუმბათის მიწაზე გარდამოსვლისა და მასზე დავანების განცდას ბადებს. VI საუკუნიდან ბაზილიკების გუმბათებით დაგვირგვინებამ თითქოს შეაჩერა ბაზილიკა-ხომალდის სვლა და მყარად დაამკვიდრა ერთ ადგილზე. ამით აღინიშნა დევნილებისგან თავდაღწეული და გამარჯვებული ეკლესიის სტატუსი, რაც არანაირად არ აუქმებს ეკლესიის, როგორც წუთისოფელში მსვლელი ხომალდისა იდეას. ის საძირკვლიანი სახლიც არის და ხომალდიც. თუმცა ხომალდის ცურვას თავისი საბოლოო მიზანი აქვს - სასუფეველი, რასაც ძველქრისტიანულ სიმბოლიკაში ღუზა გამოხატავს.
მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა რომის იმპერიის ოფიციალური (სახელმწიფო) რელიგია გახდა, მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად დღის წესრიგში დადგა ეკლესიების მშენებლობა. შენობა ღვთისმსახურებას უნდა ყოფილიყო მისადაგებული, ამან განსაზღვრა მისი შიდა სივრცის ფორმა. მიუხედავად საეკლესიო შენობების განსხვავებებისა დროსა და სივრცეში, ეკლესიის შიდა სივრცე, ლიტურგიული საჭიროებიდან გამომდინარე, ორ ძირითად ნაწილად განიყოფება: ტერიტორია, რომელიც მრევლისთვის არის განკუთვნილი და ტერიტორია, რომელიც განკუთვნილია საკურთხევლისთვის. ისინი ერთმანეთისგან გამიჯნულია ტიხრით (კანკელით) იმის ნიშნად, რომ მრევლს არა აქვს უფლება შევიდეს იქ, სადაც აღესრულება საღვთო ლიტურგიის ყველაზე დიდი და წმიდა საიდუმლო (პურისა და ღვინის გარდაარსება ქრისტეს ხორცად და სისხლად).
ქრისტიანული ეკლესიის რამდენიმე ტიპი არსებობს: ბაზილიკა, ანუ სიგრძივი დაგეგმარების შენობა, რომელიც ხომალდის ასოციაციას იწვევს; ჯვარ-გუმბათიანი, გუმბათიანი ბაზილიკა; ცენტრალურ-გუმბათოვანი; წრიული (როტონდა); რვაკუთხა (ოქტოგონი) შენობები.
ეკლესიის შენობა, როგორც წესი, საკურთხევლით აღმოსავლეთისკენ არის მიმართული, იმ მხარისკენ, საითაც, ჩვეულებრივ, მლოცველია მიპყრობილი. შენობას ადგას ჯვარი, ახლავს სამრეკლო, რომელიც მის შორიახლო შენდება. ზარი, რომლის ხმა უნდა წვდებოდეს მორწმუნეებს, ამცნობს მათ ღვთისმსახურების - წირვა-ლოცვის დაწყებას.