ჩერქეზიშვილი ეკატერინე
(ახალი გვერდი: '''ეკატერინე ჩერქეზიშვილი''' – (ეკა ჩერქესი), (დ. 1898, თბილისი, – 1946)...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჩერქეზიშვილი ეკატერინე“ გადაიტანა გვერდზე „[[ეკატერინე ჩერქეზი...) |
00:22, 17 მარტი 2024-ის ვერსია
ეკატერინე ჩერქეზიშვილი – (ეკა ჩერქესი), (დ. 1898, თბილისი, – 1946), ინგლისური ქართველოლოგიის განვითარების ერთ-ერთი მონაწილე.
დაიბადა და აღიზარდა თბილისში. დაამთავრა კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი, სადაც დაეუფლა უცხო ენებს. 1919-იდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ძირითადად უცხოური ლიტერატურის დამუშავებაზე. 1922 გაემგზავრა ინგლისში საბიბლიოთეკო საქმის შესასწავლად. ლონდონში ცხოერობდა ვ. ჩერქეზიშვილთან („ვაზიანი“), რომელიც იყო მ. და ო. უორდროპების ქართული ენის მასწავლებელი. მისი წარდგინებითო. უორდროპმა ოქსფორდის ბოდლის ბიბლიოთეკაში დაცული უორდროთა წიგნებისა და ხელნაწერების კოლექციის აღწერა და კატალოგის შედგენა ეკატერინე ჩერქეზიშვილს მიანდო. მის მიერ შედგენილი, მანქანაზე გადაბეჭდილი 550-გვერდიანი კატალოგის ორი ტომი სამ ეგსემპლარად ყოფილა წარმოდგენილი. ეს კატლოგი უორდროპთა ვგრცელი ფონდის ერთ-ერთ გზამკელევი იყო დიდხანს, ხოლო ზოგიერთი პირველხარისხოვანი ცნობის გამო დღესაც ინარჩუნებს მნიშვნელობას.
ეკატერინე ჩერქეზიშვილმა ქართული გამოცემებით შეავსო უორდროპთა ფონდი, რაც კარგად ჩანს ს. იორდანიშვილისთვის 1925–31 მიწერილი მისი წერილებიდან (დაცულია ს. იორდანიშვილის არქივში). წერილები ნათელს ჰფენს ეკატერინე ჩერქეზიშვილის ბიოგრაფიას, მის მოღვგაწეობას საქართველოსა და ქართული საქმის საკეთილდღეოდ. იგი ქართველ მეცნიერებს სთხოვდა, გაეგზავნათ თავიანთი უახლესი გამოკვლევები და ნაშრომები, რომელთა გადათარგმნასა და გამოქვეყნებას რომელიმე სამეცნიერო ჟურნალში თვითონ უზრუნველყოფდა. თბილისიდან მიღებულ კატალოგებს, ბიულეტენებს აცნობდა ო. უორდროპს და შესაძენი წიგნების სიას გზავნიდნენ თბილისში. ინგლისიდან საქართველოს ბანკში გაიხსნა კრედიტი.
ეკატერინე ჩერქეზიშვილს კავშირი ჰქონდა ლონდონში მცხოვრებ საქართველოთი დაინტერესებულ პირებთან, ეხმარებოდა მათ ქართული წიგნების შეძენაში.
1928 წელს მან დაიწყო ქართულ-ინგლისური ლექსიკონის შედგენა, რომელიც ეყრდნობოდა ძველი და ახალი აღთქმის ქართულ და ინგლისურ ტექსტებს, „ვეფხისტყაოსნის“ მ. უორდროპისეულ თარგმანს, დ. ჩუბინაშვილის რუსულ-ქართულ ლექსიკონს (1886). საცნობაროდ გამოყენებული ყოფილა მ. ბროსესა და ნ. მარის შრომები; ავტორს უსარგებლია ი. ჯავახიშვილის ისტორიული ხასიათის ნაშრომებითა და თბილისის უნივერსიტეტის სხვა მეცნიერთა გამოკვლევებით. 1937 წელს ლექსიკონი განიხილეს ზ. ავალიშვილმა და რ. გაბაშვილმა, მისი საბოლოო რედაქცია ო. უორდროპს ეკუთვნის.
ხსენებული ლექსიკონი ეკატერინე ჩერქეზიშვილს დაუსრულებია 1939 წელს, მაგრამ მის გამოცემას ხელი შეუშალა მეორე მსოფლიო ომმა. ლექსიკონი დაიბეჭდა 1950 წელს; ეძღვნება ო. უორდროპის ხსოვნას და გამოცემულია ოქსფორდის უნივერსიტეტის მ. უორდროპის სახელობის ფულადი ფონდის ხელშეწყობით.
ლექსიკონი შეიცავს 15 ათას სიტყვას. ავტორის მიზანი იყო ხელმისაწვდომი გაეხადა ქართული ენა და ლიტერატურა ინგლისელ მკვლევართათვის. რამდენადაც ეს იყო პირველი ცდა ამგვარი ლექსიკონის შედგენისა, ბუნებრივია, იგი სრულყოფილი არ არის, მაგრამ ის, რაც გაკეთებულია, ყურადღების ღირსია.
ეკატერინე ჩერქეზიშვილის ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა - გემი, რომლითაც იგი საბერძნეთში მიემგზავრებოდა, ჩაიძირა.
ლ. იორდანიშვილი