ავადჰარა (კურორტი)
(ახალი გვერდი: კურორტი ავადჰარა '''ავადჰარა (აუადჰარა)'...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აუადჰარა (კურორტი)“ გადაიტანა გვერდზე „ავადჰარა (კურორტი)“ გად...) |
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) |
მიმდინარე ცვლილება 14:04, 1 აპრილი 2025 მდგომარეობით
ავადჰარა (აუადჰარა) – (ინგლ.Avadhara, Auadhara; რუს.Авадхара, Ауадхара) − კლიმატო-ბალნეოლოგიური კურორტი საქართველოში, აფხაზეთში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში, რიწის ტბიდან 17 და ქ. გუდაუთიდან 75 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, კავკასიონის ქედის მთავარ (წყალგამყოფ) ფერდობზე, მდინარე ავადჰარას (მდინარე ლაშიფსეს მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 1600 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – სუბტროპიკული და ნოტიო, შუა მთის ზედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია, ხანგრძლივი და თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -6,7°C. ზაფხული ხანმოკლეა და ზომიერად გრილი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 15,8°C. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა არის 80%, ნალექების წლიური რაოდენობა – 2480 მმ, ხოლო მზის ნათების ხანგრძლივობა 1900 საათია წელიწადში.
კურორტი გარშემორტყმულია: ნაძვის, სოჭისა და წიფლის ტყეებით.
ავადჰარას ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: სუბტროპიკული, შუა მთის ზედა სარტყლის ჰავა, ერთი წყაროს და 11 ჭაბურღილის მინერალური წყლები.
წყარო მდებარეობს მდინარე ავადჰარას მარცხენა ნაპირზე, ხოლო ჭაბურღილები – ავადჰარასა და მის მიდამოებში.
წყაროს წყალი არის სუსტი მინერალიზაციის (M–2,5გ/დმ3) ნახშირმჟავა,ჰიდროკარბონატულ-კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყალი.
ჭაბურღილებიდან მიიღება ნახშირმჟავა მინერალური წყლის 4 ტიპი:
- ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, რომელთა საერთო მინერალიზაცია მერყეობს 5,9 გ/დმ3 -17,7გ/დმ3 ფარგლებში;
- სუსტი მინერალიზაციის (M- 1,4 გ/დმ3 -3,3 გ/დმ3) ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-ნატრიუმიანი (ან ნატრიუმიან-კალციუმიანი) მინერალური წყლები;
- სუსტი მინერლიზაციის (M-3,6 გ/დმ3-4,2 გ/დმ3) ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-ნატრიუმიანი, რკინიანი მინერალური წყლები;
- სუსტი მინერალიზაციის (M-0,8 გ/დმ3-1,2 გ/დმ3) ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, მაგნიუმიან-კალციუმიანი, რკინიანი მინერალური წყლები.
ავადჰარას ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: პასიური კლიმატოთერაპია და მინერალური წყლის პერორალური მიღება (დალევა).
ჩვენებები ავადჰარაში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური, კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, ნაღველგამომყოფი და შარდსადენი გზების პათოლოგიები; ნივთიერებათა ცვლის ფუნქციური დარღვევები; რკინადეფიციტური ანემია.