ბასილაძე ნოდარ
(ახალი გვერდი: '''ნოდარ ბასილაძე''' – მეცნიერი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, დაიბა...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბასილაძე ნოდარ“ გადაიტანა გვერდზე „ნოდარ ბასილაძე“) |
17:38, 30 სექტემბერი 2025-ის ვერსია
ნოდარ ბასილაძე – მეცნიერი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, დაიბადა 1936 წლის 18 ოქტომბერს, ქედის რაიონის სოფელ ქოსოფელში.
1954 წელს დაამთავრა მახუნცეთის საშუალო სკოლა, ხოლო 1963 წელს – წარჩინებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი რუსული ენის, ლიტერატურისა და გერმანული ენის მასწავლებლის კვალიფიკაციით. სტუდენტობის პერიოდში იყო ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სტიპენდიატი.
1985 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 2006 წელს სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
გამოქვეყნებული აქვს 30 წიგნი, რომელთა შორის 12 მონოგრაფიაა, 4 სახელმძღვანელო, 5 თარგმნილი ლიტერატურა, 300-ზე მეტი სამეცნიერო და პუბლიცისტური წერილი, სტატია, რეცენზია.
მისი კვლევის ძირითადი ობიექტია აღზრდის თეორია, ქართული პედაგოგიკის ისტორია და XX საუკუნის დიდი უკრაინელი პედაგოგის ვასილ სუხომლინსკის პედაგოგიკური მემკვიდრეობა, რომელსაც მიუძღვნა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, ასევე 5 მონოგრაფია და 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.
ნოდარ ბასილაძე ავტორია წიგნებისა: „ვ. ა. სუხომლინსკის პედაგოგიკური სისტემა და თანამედროვეობა", „ჰუმანიზმის აღზრდის პრობლემები ვ. ა. სუხომლინსკის პედაგოგიკურ მემკვიდრეობაში“, „სკოლამდელი აღზრდის განვითარება აჭარაში“ (1921-1981), „ჰუმანიზმის პედაგოგიკა“, „ნარკვევები პედაგოგიკური აზროვნების ისტორიიდან", „ოჯახი და ბავშვის აღზრდა“, „პიროვნების განვითარება და თვითაღზრდა“, „XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართველ განმანათლებელთა ბრძოლა მშობლიურ ენაზე სწავლებისათვის“, „ქართული პედაგოგიკის ისტორია“, „ერისა და ქვეყნის მსახურნი“, „მშობელთა სახელმძღვანელო“ და სხვ.
ასევე გამოცემული აქვს მონოგრაფიები ილია ჭავჭავაძისა და ნოდარ დუმბაძის პედაგოგიკურ შეხედულებებზე;
ნოდარ ბასილაძე ეწევა მთარგმნელობით საქმიანობასაც. მის მიერ თარგმნილია ვ. სუხომლინსკის „წერილები ვაჟიშვილს“ 1996) და „ძნელად აღსაზრდელი ბავშვები“ (2019), იუმორისტული მოთხრობების კრებული გერმანულიდან – „მუსიკა მეზობლის ოთახიდან“ (2008), ალექსეი დოროხოვის „როგორ მოვიქცეთ“ (საუბარია თავაზიანობასა და ქცევის წესებზე, 2009), რუსული და გერმანული ენებიდან თარგმნილი მოთხრობების კრებული „პატიოსანი სიტყვა" (მოსწავლეთა ზნეობრივი აღზრდის თემატიკის ამსახველი, 2014).
ავტორია გამოკვლევებისა რაბინდრანათ თაგორის, იანუშ კორჩაკის, სენტ-ეგზიუპერის, ანტონ მაკარენკოს, ლევ ტოლსტოის, ბესარიონ ბელინსკის, ლუარსაბ ბოცვაძის, დიმიტრი უზნაძის, მემედ აბაშიძის და სხვათა პედაგოგიკურ მემკვიდრეობებზე.
1914 წელს გამოიცა ნოდარ ბასილაძის ლექსთა კრებული „გულის კარნახით“.
წლების განმავლობაში მუშაობდა რუსული ენა-ლიტერატურისა და გერმანული ენის მასწავლებლად ხულოს რაიონის (ამჟამად შუახევის) სოფელ ინწკირვეთის საშუალო სკოლაში, ქედის რაიონის სოფელ უჩხითის, ხელვაჩაურის რაიონის ურეხისა და ინჯალოს, ქობულეთის რაიონის სახალვაშოს სკოლებში.
1969-1970 წლებში ნოდარ ბასილაძე მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის კათედრის მასწავლებლად, შემდეგ 1979 წლამდე კითხულობდა ლექციებს საათობრივი ანაზღაურების წესით. 1973-1975 წლებში იყო საქართველოს განათლების სამინისტროს მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის პედაგოგიკის მეთოდისტი, 1976-1979 წლებში კი – აჭარის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის პედაგოგიკის მეთოდური კაბინეტის გამგე. 1979-2018 წლებში მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის კათედრის მასწავლებლად, უფროს მასწავლებლად, 1990 წლიდან, ინსტიტუტის უნივერსიტეტად რეორგანიზაციის შემდეგ, ნოდარ ბასილაძე უნივერსიტეტის პედაგოგიკის კათედრის დოცენტია, 2009 წლიდან კი – პედაგოგიკის დეპარტამენტის პროფესორი. ამჟამად იგი საქართველის საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორია.
ნოდარ ბასილაძე რედაქტორი და რეცენზენტია 30-ზე მეტი წიგნისა, ექსპერტი და ოპონენტი – რამდენიმე საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციისა, ხელმძღვანელია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებისა.
დაჯილდოებულია ღირსებისა და იაკობ გოგებაშვილის მედლით, სუხომლინსკის სამკერდე ნიშნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმისა და საქართველოს იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირის საპატიო სიგელებით; არის ზაქარია ჭიჭინაძის სახელობის პრემიის ლაურეატი, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ქედის საპატიო მოქალაქე.