არუთინოვი ბაგრატ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „არუთინოვი ბაგრატ“ გადაიტანა გვერდზე „ბაგრატ არუთინოვი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბაგრატ არუთინოვი“ გადაიტანა გვერდზე „არუთინოვი ბაგრატ“ გადამ...) |
16:03, 11 დეკემბერი 2025-ის ვერსია
ბაგრატ ნიკოლოზის ძე არუთინოვი (31.10.1889 – 24.01.1953) I რანგის გზათა მიმოსვლის ვიცე-გენერალ-დირექტორი სოციალისტური შრომის გმირი (05.11.1943).
დაიბადა ტფილისში, ხელოსნის ოჯახში. დაამთავრა 2-წლიანი საეკლესიო-სამრევლო სკოლა, შემდეგ საქალაქო სასწავლებელი და 1907 წელს, ტფილისის სახელოსნო სასწავლებლის საზეინკლო-მექანიკური განყოფილება. მუშაობა დაიწყო მექანიკური ქარხნის ზეინკლად.
1909 წელს გადავიდა სამუშაოდ სახელოსნო სასწავლებელში (სადაც თვითონ სწავლობდა), ხელოსნის თანაშემწედ.
1925 წლის მაისში დაინიშნა საფაბრიკო-საქარხნო სასწავლებლის უფროსად, რომელიც შემდგომში რეორგანიზებულ იქნა სახელოსნო სასწავლებელში.
1928-1931 წლებში იმყოფებოდა პროფკავშირულ სამუშაოზე. მუშაობდა განათლების მუშაკთა კავშირის პასუხისმგებელ მდივნად, შემდეგ კი საქართველოს პროფკავშირების საბჭოს პასუხისმგებელ მდივნად.
1931 წელს, ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის გადაწყვეტილებით, არუთინოვი იქნა დამტკიცებული ტფილისის ორთქლმავალ-სარემონტო ქარხნის უფროსად.
1933 წელს იქნა არჩეული საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად და დაინიშნა ჭიათურის მანგანტრესტის მმართველად. თანამდებობა იყო ძალზე საპასუხისმგებლო, რადგან ჭიათურა მაშინ ითვლებოდა ლამის ერთადერთ გამოკვლეულ საბადოდ საბჭოთა კავშირში. არუთინოვი ცდილობდა გაემართლებინა ის ნდობა, რომელიც მას ანდეს და ამიტომ, რადგან არ იყო თავისი საქმის სპეციალისტი, დაწვრილებით შეისწავლა მეტალურგიული წარმოება.
1937 წლის ოქტომბერში არუთინოვი დაინიშნა ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსად. მთელი თავისი ენერგია და ადმინისტრაციული შესაძლებლობები არუთინოვმა გამოავლინა ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსის თანამდებობაზე.
მისი ინიციატივით რკინიგზაზე დაინერგა პეტრე კრივონოსოვის (1910-1980) მუშაობის მეთოდები. ამან გააუმჯობესა ორთქლმავალთა პარკის მუშაობა, მისცა შესაძლებლობა აემაღლებინა საბარგო ტვირთბრუნვა და გაეზარდა ორთლქმავალთა სადღეღამისო გარბენა. თბილისი-ხაშურის ურთულეს მონაკვეთზე გამოყენებული იქნენ ელექტრომავლები. არუთინოვი დიდ ყურადღებას უთმობდა ნოვატორთა მუშაობას. ზუსტად მაშინ გაითქვეს სახელი მემანქანეებმა გელაძემ, წიკლაურმა, ხაჩათრიანმა, რომლებსაც 1943 წელს მიენიჭათ სოციალისტური შრომის გმირის წოდება.
1939 წლის 1 აპრილს არუთინოვი დაინიშნა საბჭოთა კავშირის გზათა მიმოსვლის სახალხო კომისრის მოადგილედ, ხოლო იმავე წლის ბოლოს კი დამტკიცებულ იქნა სახალხო კომისრის I მოადგილედ. დაკავებული იყო რა საქმიანობით პოლიტბიუროს ხაზით, ის ერთდროულად ასრულებდა ნავთობის, შემდეგ კი სათბობ მრეწველობის სახალხო კომისრის მოვალეობებს.
1941 წლის 22 ივნისს, სტალინთან საგანგებო თათბირის შემდეგ, არუთინოვი და სახალხო კომისრის სხვა მოადგილეების ელექტორული კავშირით ადგენდნენ საზღვრისპირა გზებზე შექმნილ მდგომარეობას, ისახავდნენ სარკინიგზო ტრანსპორტის ომის პირობებში გადასვლის გადაუდებელ ზომებს.
1941 წლის ივლისში არუთინოვი გზათა მიმოსვლის სამინისტროს ხაზით იქნა შეყვანილი ახლადშექმნილ ევაკუაციის საბჭოში.
ომის დროს გზათა მიმოსვლის ორთქლმავალ და სავაგონო სამმართველოების გარდა, არუთინოვი კურირებდა სარკინიგზო ტრანსპორტის ქარხნების მუშაობას და პასუხს აგებდა ამ ქარხნებზე საბრძოლო მასალების წარმოებაზე. თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ის გახადეს პასუხისმგებელი ფრონტისათვის და თავდაცვის მრეწველობისათვის ნავთობპროდუქტების მიწოდების საკითხებში. სავარაუდოდ არუთინოვი იყენებდა იმ გამოცდილებას, რომელიც მან მიიღო ამიერკავკასიის რკინიგზაზე, რომელიც მთელი ომის მანძილზე ამარაგებდა მთელ საბჭოთა კავშირს საწვავით, ნავთით, მაზუთით და სხვა მასალებით.
1941 წლის ოქტომბერში არუთინოვს დაეკისრა გზათა მიმოსვლის სახალხო კომისარიატის აპარატის ევაკუაციის ხელმძღვანელობა და, ოპერატიული კავშირი ყველა სახალხო კომისარიატებთან და სარკინიგზო გზებთან.
1942 წლის 14 თებერვალს თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტთან შეიქმნა სატრანსპორტო კომიტეტი, სტალინის ხელმძღვანელობით. კომიტეტის შემადგენლობაში შეყვანილი იქნა არუთინოვიც. არუთინოვის ავტორიტეტზე, როგორც თავისი საქმის სპეციალისტისა, ლაპარაკობს ის ფაქტი, რომ როცა გზათა მიმოსვლის სახალხო კომისრად ინიშნებოდა ხრულიოვი, პოლიტბიუროს ერთ-ერთმა წევრმა გაუსვა ხაზი იმას, რომ „ხრულიოვი არაა რკინიგზელი, და როგორ შეიძლება ის დაინიშნოს გზათა მიმოსვლის სახალხო კომისრადო?“ სტალინმა კი წამოიძახა ადგილიდან „მე რე რა, იქ ხომ არუთინოვი არისო“. თვითონ ხრულიოვი, რომელსაც ჰქონდა სახელმწიფო მოღვაწის დიდი გამოცდილება, სწავლობდა სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაობის ყველა დეტალს, ეკითხებოდა არა მხოლოდ არუთინოვს, არამედ დარგის სხვა სპეციალისტებსა და ხელმძღვანელს. მაგრამ მისი უპირველესი თანაშემწე იყო არუთინოვი და არა მხოლოდ თანამდებობრივადაც.
არუთინოვი იყო რა სახალხო კომისრის მოადგილე, მრავალჯერ იმყოფებოდა მივლინებებში სარკინიგზო ხაზის ყველაზე რთულ მონაკვეთებზე და წყვეტდა ადგილზე გადაუდებელ საკითხებს.
ასე იყო 1942 წლის ივლისში, სტალინგრადთან და ჩრდილოეთ კავკასიაში. კერძოდ, უნდა დაეჩქარებინათ სტალინგრადის ოლქიდან, საითაც მიიწევდა მოწინააღმდეგე, პურის მარაგის გატანა და ჩრდილოეთ კავკასიაში გადასაწყვეტი იყო ფრონტისათვის და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისათვის ნავთობპროდუქტების გადაზიდვის საკითხები, და ეჩქარათ ყიზლარ-ასტრახანის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. ევაკოტვირთების, მარგანეცის და ნავთობის კრასნოვოდსკში და კასპიის ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე გადაზიდვის სამუშაოთა უკეთესი ორგანიზაციისათვის არუთინოვი დაღესტნიდან ჩამოვიდა ბაქოში. ყოველდღიურად მისი ხელმოწერით, გზების უფროსებთან მიდიოდა მითითებები და ოპერატიული განკარგულებები. არუთინოვი ხელმძღვანელობდა სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმოთა და ორგანიზაციათა მუშაობას.
საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს 1943 წლის 5 ნოემბრის ბრძანებულებით განსაკუთრებული დამსახურებისათვის ფრონტისათვის და სახალხო მეურნეობისათვის გადაზიდვების უზრუნველყოფის საქმეში და, მიღწევებისათვის სამხედრო დროის ურთულეს პირობებში სარკინიგზო მეურნეობის აღდგენის საქმეში ბაგრატ ნიკოლოზის ძე არუთინოვს მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება, ლენინის ორდენისა და ოქროს მედლის „ნამგალი და ჩაქუჩის“ გადაცემით.
ომის შემდეგ, 1946 წლის იანვარში, არუთინოვი დაინიშნა კავკასიის ოლქის (სადაც შედიოდა ჩრდილოკავკასიის, ორჯონიკიძის და ამიერკავკასიის მაგისტრალები), სარკინიგზო გზების უფროსად.
1951 წელს დაინიშნა შავი მეტალურგიის მინისტრის მოადგილედ ტრანსპორტის დარგში.
განსაკუთრებული დამსახურებისათვის, რომელიც მან მიაღწია თავისი დარგის განვითარების საქმეში, მთავრობის და სამხედრო სარდლობის დავალებების შესრულებისათვის დაჯილდოებული იყო ლენინის (1939, 1942, 1943), კუტუზოვის I ხარ.(1945), სამამულო ომის I ხარ. (1945), ამიერკავკასიის ფედერაციის შრომის წითელი დროშის (1932) ორდენებით.
გარდაიცვალა მოსკოვში, დაკრძალულია იქვე, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე ( მე-2 ნაკვ., 38-ე რი გი, მე-13 საფლავი).