გაბლიანი ეგნატე
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გაბლიანი ეგნატე“ გადაიტანა გვერდზე „ეგნატე გაბლიანი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ეგნატე გაბლიანი“ გადაიტანა გვერდზე „გაბლიანი ეგნატე“ გადამის...) |
მიმდინარე ცვლილება 21:13, 12 მარტი 2026 მდგომარეობით
ეგნატე გაბლიანი – (დ. 1881, დაბა მესტია, — გ. 1937), საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, სვანეთის მასშტაბური ანტიბოლშევიკური აჯანყებების (1921-1924 წწ.) ერთ-ერთი ხელმძღვანელი; ზემო სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი.
ეგნატე გაბლიანი 1881 წელს დაიბადა გიორგი (გუტა) გაბლიანის ოჯახში, მულახის თემის სოფელ ზაარდლაშში. განათლება ქუთაისის გიმნაზიაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე განაგრძო. მან მრავალმხრივი და ფუნდამენტური განათლება მიიღო. გახლდათ სანკტ-პეტერბურგის აკადემიის კორესპოდენტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეგნატე მუშაობდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე: მეფის რუსეთის პერიოდშიც, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროსაც და საქართველოს გასაბჭოების შემდეგაც. ყოველ თანამდებობას ის იყენებდა სვანეთის განვითარებისა და წინსვლისათვის.
ამავე დროს, ეგნატე აქტიურად თანმშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან და მკითხველს აცნობდა სვანეთის ეთნოგრაფიას, არსებულ პრობლემებს, სიახლეებს.
გნატე იყო ერთ-ერთი მასპინძელი სვანეთით დაინტერესებული მეცნიერებისა და მოგზაურებისა. თუკი ამ წლების უცხოელ მოგზაურთა წერილებში ობიექტურად არის აღწერილი სვანეთში შექმნილი დიდი ქართული ტრადიციული კულტურის ესა თუ ის ელემენტი, წარმოჩენილია სვანეთის მოსახლეობის სწრაფვა რუსეთის იმპერიისაგან გათავისუფლებისაკენ, ეს უთუოდ ეგნატე გაბლიანისა და სხვა ადგილობრივ მოღვაწეთა (მამა გიორგი მარგიანი, დეკანოზი იოანე მარგიანი, თავადი ლევან დადეშქელიანი, თავადი თათარყან დადეშქელიანი) დამსახურების შედეგია.
ეგნატეს განუზომელი წვლილი მიუძღვის ქართულ ეროვნულ- განმათავისუფლებელ მოძრაობაში, XIX საუკუნის მიწურულისა და XX საუკუნის პირველი მეოთხედის სვანეთში მეწინავე ქართული საზოგადოებრივი აზრისა და იდეალების ფორმირებაში.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში ეგნატე გაბლიანი დიდ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა, ცდილობდა სვანეთის ცხოვრების მოწესრიგებას ძველი ქართული სამართლის ამოქმედებით, რომელიც ყველაზე ცოცხლად სვანეთშია შემონახული ჩვეულებითი სამართლის სახით.
საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ (1921 წ.) ეგნატე გაბლიანის ცხოვრებაში უმძიმესი პერიოდი დადგა. ეგნატემ დაიწყო დაუცხრომელი ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ცნობილია, რომ სვანეთის საზოგადოება არ ეპუებოდა ბოლშევიკურ ოკუპაციას. 1921 წელს სვანეთი კარგა ხანს უმკლავდებოდა რუსებს. საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლმა სვანებმა ლენხერის გზაზე (მდინარე ენგურის ხეობა) „წითლების“ დიდი რაზმი განაიარაღეს. სვანეთის წინააღმდეგობის ამბავი ფართოდ გავრცელდა მთელ საქართველოში და საზღვარგარეთაც: სვანეთის მოსახლეობის მძაფრი წინააღმდეგობის ისტორია აისახა საქართველოს პატრიარქის მემორანდუმშიც (გენუის კონფერენცია).
ეგნატე აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაშიც.
ბოლშევიკური ოკუპაციის პირველ ეტაპზე ეგნატე გაბლიანი ცოცხალი გადარჩა, რადგან იმ დროს დამპყრობელს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ფეხი მტკიცედ მოკიდებული სვანეთში, ეგნატე კი გამორჩეულად უყვარდა მთელ სვანეთს და ხელისუფლებამ მისი შემორიგება არჩია, თუმცა კი ზარდლაშში სახლი აუფეთქეს და კარ-მიდამო გადაუწვეს.
1930-იანი წლების მეორე ნახევარში ეგნატე მესტიის რაიკომში მუშაობდა. ამ წლებში მან ბევრი სასიკეთო სიახლე დანერგა ზემო სვანეთში: მისი ინიციატივითა და მონაწილეობით გაყვანილ იქნა ზუგდიდი-მესტიის პირველი სამანქანო გზა, რაშიც მას მხარში ედგა მიშა პირველი. გაიდო სამეგრელოსთან მაკავშირებელი ხიდი მდინარე მაგანაზე და სხვ.
ეგნატე გაბლიანი მუხლჩაუხრელად იღვწოდა ქართული ეროვნული საგანძურის მოძიების, თავმოყრისა და გადარჩენისათვის. მან საფუძველი ჩაუყარა მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს (იგი დღეს ეროვნული მუზეუმის ნაწილია და ჰქვია „სვანეთის მუზეუმი“), აქ დაუნჯებული უნიკალური საგანძურით. „ამ მუზეუმის ისტორია 1936 წლიდან იწყება. მისი შექმნის აუცილებლობის საკითხის დაყენება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და შესწავლის მიზნით ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების ფუძემდებლთა და ადგილობრივ მოღვაწეთა სახელს უკავშირდება. სეტის წმიდა გიორგის ახელობის ეკლესიაში დაცული სიძველეების ბაზაზე შექმნილი მუზეუმის დირექტორი ეგნატე გაბლიანი გახდა. მისი ხელმძღვანელობით მუზეუმში სხვადასხვა გზით შემოსული ნივთების საშუალებით კოლექცია ნელ-ნელა მდიდრდებოდა“.
ეგნატე გაბლიანმა მოიპოვა არქეოლოგიური გათხრების ჩატარების უფლება, დაზვერვითი სამუშაოები შეასრულა ჩუბეხევის, ლახამულისა და ჭუბერის ტერიტორიებზე.
ამავე წლებში დაიწერა და გამოქვეყნდა ეგნატე გაბლიანის სამი მონოგრაფია.
სიცოცხლის ბოლო წელს ეგნატე მესტიის მუზეუმს ედგა სათავეში.
რამდენიმეგზის რეპრესირებული ეგნატე (ის დაპატიმრებული იყო 1922 და 1924–1926 წლებში) ხელახლა დააპატიმრეს და დახვრიტეს 1937 წელს. რეპრესიების მთელი სიმძიმე იწვნია ეგნატე გაბლიანის ოჯახმაც. საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა და ხანგრძლივად გადაასახლა ეგნატე გაბლიანის მეუღლე, ცნობილი პედაგოგი ვერა თევზაძე. მამის დახვრეტიდან ორი წლისთავზე გარდაიცვალა ეგნატე გაბლიანის ქალიშვილი ეთერი.
ეგნატეს დახვრეტის შემდეგ აიკრძალა მისი წიგნებიც. წიგნების დიდი ნაწილი გაანადგურეს. ბიბლიოთეკებში არსებული ეგზემპლარები კი საიდუმლო ფონდებს გადასცეს. გავიდა ათწლეულები, ვიდრე მკითხველებს ამ წიგნების თავიდან გაცნობის შესაძლებლობა მიეცემოდათ. სწორედ ამ მიზეზით აიხსნება ის გარემოება, რომ ადრეული პერიოდის ქართველი საბჭოთა ეთნოგრაფები არ იმოწმებენ და არ იხსენიებენ ეგნატე გაბლიანის მეცნიერულ მემკვიდრეობას.
[რედაქტირება] წყარო
ქართული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა II : ეგნატე გაბლიანი (1881-1937 წწ.)