მთავარეპისკოპოსი დიმიტრი (აბაშიძე)
(→წყარო) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მთავარეპისკოპოსი დიმიტრი (აბაშიძე)“ გადაიტანა გვერდზე „[[აბაშიძ...) |
11:24, 27 თებერვალი 2020-ის ვერსია
მთავარეპისკოპოსი დიმიტრი (აბაშიძე) – მთავარეპისკოპოსი დიმიტრი, ერისკაცობაში დავით ილიას ძე აბაშიძე დაიბადა 1867 წლის 12 ოქტომბერს, თბილისის გუბერნიის სიღნაღის მაზრის სოფელ ვეჯინში. ოჯახში პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად გაეშურა ოდესაში, ჩაირიცხა უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1891 წელს, 1892 წელს სწავლა განაგრძო კიევის სასულიერო აკადემიაში, იმავე წელს აღიკვეცა ბერად დიმიტრი როსტოველის ხსენების დღეს (21 ოქტომბერს) და უწოდეს სახელად დიმიტრი. 1896 წელს კიევის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. მას სხვა ქართველი სასულიერო პირებისაგან განსხვავებით ენდობოდა რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლება, როგორც იმპერიის იდეოლოგიის ერთგულ დამცველს და სამშობლოს მიმართ ინდიფერენტულად განწყობილ კაცს. ამიტომ 1879 წელს იგი დანიშნეს ქუთაისის სემინარიის, 1898 წელს კი თბილისის სემინარიის ინსპექტორად დაუზუსტებელი ინფორმაციით, იგი ერთხანს მფარველობდა სემინარიელ იოსებ ჯუღაშვილს და ცდილობდა იგი რუსეთის თვითმპყრობელობის ერთგულების სულით აღეზარდა. სემინარიაში ებრძოდა ქართულ ენას და ეროვნული სულისკვეთების უმცირეს გამოვლინებასაც. 1900 წელს მიენიჭა არქიმანდრიტის ხარისხი და დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორად. იმ დროს, როდესაც სემინარიიდან აძევებდნენ ქართველ მასწავლებლებს, დევნიდნენ ქართველ სტუდენტებს, ქართული წარმომავლობის სასულიერო პირის რექტორად დანიშვნა მრავლისმეტყველი ფაქტი იყო.
1902 წლის 16 მარტს რუსეთის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით და იმპერატოორ ნიკოლოზ II-ის თანხმობით არქიმანდრიტი დიმიტრი გამორჩეულ იქნა ეპისკოპოსად. მისი ეპისკოპოსად კურთხევის წესი შეასრულა საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) 1902 წლის 23 აპრილს თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში.
1902 წელს ეპისკოპოსი დიმიტრი (აბაშიძე) დაინიშნა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსად.
1905 წელს ეპისკოპოსი დიმიტრი, მისი ანტიქართული პოლიტიკის გამო, იძულებული გახდა ჩოხაში გადაცმული გასცლოდა მისგანვე უარყოფილ სამშობლოს. საქართველოდან გადახვეწილი ეპისკოპოსი დიმიტრი რუსეთის სინოდმა ბალტიის ეპისკოპოსად განაწესა, სადაც მხოლოდ ერთი წელი დაჰყო, 1906 წლის იანვრიდან თურქმენეთისა და ტაშკენტის ეპისკოპოსია, სადაც ნაყოფიერ მისიონერულ საქმიანობას ეწეოდა.
1905-1906 წლებში ქართველმა სამღვდელოებამ მტკიცედ მოითხოვა რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებისაგან საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. რუსეთის ხელისუფლება ცდილობდ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი მეცნიერული პოლემიკას არ გასცილებოდა. 1906 წელს პეტერბურგში დაინიშნა რუსეთის სინოდის სხდომა, სადაც განსახილველად გატანილ იქნა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მიზანშეწონილების საკითხი. სხდომაზე სიტყვა ითხოვა თურქმენეთისა და ტაშკენტის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ, რომელმაც დაგმო ქართველ ავტოკეფალისტთა მოთხოვნა და მათ ნაციონალისტები და სეპარატისტები უწოდა. დაიჭირეთ ეპისკოპოსები კირიონ და ლეონიდე საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალია აღარავის არ გაახსენდებაო, – ასე დაასრულა თავისი გამოსვლა მან.
1912 წლის 25 ივნისიდან იგი იმპერატორის ბრძანებით დაინიშნა ტავრიისა და სიმფეროპოლის ეპარქიის მმართველად, სადაც ჩვეული ენერგიით შეუდგა საქმიანობას, მან განსაკუთრებით თავი გამოიჩინა სექტანტებთან ბრძოლაში. 1913 წლის 13 მაისს რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ ეპისკოპოსი დიმიტრი ძვირფას თვლებიანი პანაღიით დააჯილდოვა და აიყვანა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.
პირველი მსოფლიო ომის დროს თავისი სურვილით შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთ ხომალდზე საშტატო მღვდლის მოვალეობას ასრულებდა. 1917 წლის აგვისტოში მოსკოვში კრემლის მიძინების ტაძარში გაიხსნა რუსეთის საეკლესიო კრება, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა საპატრიარქო მმართველობის აღდგენა. მთავარეპისკოპოსი დიმიტრი, როგორც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოწინააღმდეგე, დაინიშნა „კავკასიაში მართლმადიდებელი ეკლესიის მოწყობის შესახებ საეკლესიო კომისიის“ თავმჯდომარედ. 1919 წელს იგი მცირე ხნით განერიდა სამოქალაქო ომით გაწამებულ რუსეთს. უკან დაბრუნებული საბჭოთა ხელისუფლებამ არასაიმედო სასულიერო იერარქად მიიჩნია, რამდენჯერმე დააპატიმრა კიდეც. იყო მისი დახვრეტის საშიშროებაც, მაგრამ როგორც ფიქრობენ, იოსებ სტალინმა შეიწყალა თავისი ყოფილი სემინარიელი მასწავლებელი. 1923 წლიდან კიევ-პეჩორის ლავრაში იყო, 1928 წელს შეიმოსა დიდი სქემა და ეწოდა ანტონი. მას დიდ პატივს სცემდნენ რუსეთში, რასაც სამწუხაროდ ვიტყვით მის სამშობლოზე. საქართველოსთან მხოლოდ ნათესავები აკავშირებდა, რომელთაც თბილი წერილებით მოიკითხავდა. აღესრულა 1942 წლის 19 ოქტომბერს. დაკრძალეს კიევ-პეჩორის ლავრაში. საფლავის ქვას ასეთი წარწერა ჰქონდა: „მამაო, ცად მიმართ და წინაშე შენისა, არღარა ღირს ვარ წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ ვითარცა ერთი მუშაკთაგანი.“
წყარო
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)