მიტროპოლიტი სვიმეონი (ჭელიძე)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მიტროპოლიტი სვიმეონი (ჭელიძე)“ გადაიტანა გვერდზე „[[სიმონ ჭელიძე...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სიმონ ჭელიძე“ გადაიტანა გვერდზე „[[მიტროპოლიტი სვიმეონი (ჭელიძე)...) |
15:54, 27 თებერვალი 2020-ის ვერსია
სვიმეონი - (ერისკაცობაში სიმონ სპირიდონის ძე ჭელიძე) (1875, სოფ. ბუგეული, რაჭის მაზრა - 13.XI.1935) - მიტროპოლიტი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
დაიბადა სასულიერო პირის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოფ. ბუგეულის სამრევლო-საეკლესიო სასწავლებელში, შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. იმ დროს თბილისის სემინარიაში უკვე იყო სერიოზული დაპირისპირება მარქსისტულად განწყობილ ახალგაზრდებსა და მორწმუნეთა შორის, ხშირად ჩაშლილი იყო სასწავლო პროცესი. 1893 წელს მიიღო გადაწყვეტილება, სასწავლებლად გადასულიყო სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1898 წელს დაასრულა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აკურთხეს მღვდლად. 1900 წელს დაინიშნა რაჭის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ და კეთილმოწესედ. თავის წერილებში აქტიურად ეხმაურებოდა 1918-1921 წლებში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.
1923 წლის ნოემბერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითმა მმართველმა ეპისკოპოსმა, ქრისტეფორემ (ციცქიშვილი), სვიმეონი ეპისკოპოსად აკურთხა. მეუფე სვიმეონს ურთულეს პერიოდში მოუხდა ეპისკოპოსის ხარისხში ამაღლება. ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლება ეკლესია-მონასტრებს ადმინისტრაციული წესით ხურავდა, ანადგურებდა საეკლესიო სიწმინდეებს. დაპატიმრებული იყო საკათალიკოსო საბჭოს წევრების უმრავლესობა, თვით კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი.
ეპისკოპოსმა სვიმეონმა 1924 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს სსრ სახკომსაბჭოსადმი საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის სახელით გაგზავნილ მიმართვაში, სხვა მღვდელმთავრებთან ერთად, საბჭოთა ხელისუფლებას აღუთქვა ლოიალობა და თანამშრომლობა. 1926 წელს ქუთათელ ეპისკოპოსად დაინიშნა, 1927 წელს ურბნისის ეპარქიის მმართველად. 1930 წელს ქუთაისის ეპარქია ჩააბარეს და აყვანილ იქნა მიტროპოლიტის პატივში. მიტროპოლიტი სვიმეონი გარდაიცვალა მძიმე ოპერაციის დროს. დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში.
- მიხეილ ქართველიშვილი
ლიტერატურა
- ს. ვარდოსანიძე, ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეებში), თბ., 2010;
- მ. კეზევაძე, ეგზარქოსობის დროინდელი რაჭის ეკლესიები და მღვდლები, თბ., 2014.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი