ნარინჯოვანთა ბოტანიკური დახასიათება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ფორთოხლის ხე '''ნარინჯოვანთა ქვეოჯახი''' ''...)
 
ხაზი 34: ხაზი 34:
  
 
==== წყარო ====
 
==== წყარო ====
საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. ტ. 3 : ციტრუსები / ე. თოფურიძე, მ. ტაბლიაშვილი და ვ. შანიძე ; რედ. და წინასიტყვ. ავტ.: ნ. კეცხოველი.
+
საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. ტ. 3 : ციტრუსები / ე. თოფურიძე, მ. ტაბლიაშვილი და ვ. შანიძე ; რედ. და წინასიტყვ. ავტ.: [[ნიკოლოზ კეცხოველი|ნ. კეცხოველი]].
  
 
[[კატეგორია:ციტრუსები]]
 
[[კატეგორია:ციტრუსები]]

17:21, 5 იანვარი 2017-ის ვერსია

ფორთოხლის ხე

ნარინჯოვანთა ქვეოჯახი Aurantioideae შედის ტეგანისებრთა (Rutaceae) ოჯახში. ნარინჯოვნებიდან კულტურაში გავრცელებულია სამი ბოტანიკური გვარი: Citrus, Poncirus და Fortunella, რომლებიც იშვიათი გამონაკლისის გარდა, წარმოადგენენ მარადმწვანე, სხვადასხვანაირი ზომის და მოყვანილობის ეკლიან ან უეკლო ხეებს და ბუჩქებს. ხის ტანი და ტოტები ძალიან მაგარია, მკვრივი ძელით და მჭიდრო წლიური რგოლებით. შეფოთვლა იცის უხვი, ფართო ფირფიტიანი, სქელი, ტყვაისებრი ფოთლებით. ისინი განირჩევიან მბზინვარე ზედაპირით და ნაწილობრივად დაკბილული კიდეებით. ფირფიტის მოყვანილობა დამახასიათებელია ამა თუ იმ სახეობისათვის, უფრო ხშირად მოგრძო ოვალურია, გვხვდება აგრეთვე კვერცხისებრი, დანისებრიც. დიდ ცვალებადობას აქვს ადგილი დაკბილვაში, რომელიც შეიძლება იყოს კიდემთლიანი, ხერხისებრად ან მესრისებრად დაკბილული. ფართო ფირფიტიანი ფოტლის ზედაპირი ტალღისებრი ან დაბუშტულია. ყველა ნარინჯოვანის ფოთოლი მოფენილია სხვადასხვა სიდიდის სპეციფიკური არომატიანი ეთერზეთოვანი ჯირკვლებით. ერთმანეთისაგან განირჩევიათ ფოთლის ბოლოებიც: სახეობის ან ფორმის მიხედვით ფოთლის ფუძე ან მომრგვალებულია ან წამახვილებული; წამახვილება შეიძლება იქნეს ბლაგვი, სოლისებრი და მახვილსოლისებრი. ანალოგიური სხვაობა ახასიათებს ფოთლის წვერსაც, რომელიც მომრგვალებული, მახვილწვეტიანი ან წაგრძელებულწვეტიანია.

ფოთოლი სხვადასხვანაირი სიდიდის და ფორმის ყუნწითაა მიმაგრებული ღეროზე; ფოთლის ფუძესთან ყუნწზე კარგად ჩანს სახსარი. ყუნწი ფრთიანია ან უფრთო, ფრთები ფართო, ვიწრო ან შემორკალულია, ფრთის მოყვანილობა კი ან გულისმაგვარია და ფუძესთან ამოჭრილი, ან მომრგვალებულია და კუთხოვანი. მარადმწვანე მცენარეების მსგავსად ნარინჯოვანთა ფოთოლი იცვლება მორიგეობით და ფოთლის ხნოვანება დამოკიდებულია დოთლის წარმომშობი ტოტის სიძლიერეზე; სუსტ და წვრილ ტოტებზე ფოთოლი 12–15 თვეს არსებობს, მძლავრი ტოტები ფოთლებს 3–4 წლამდე ინარჩუნებენ. უხეშ ხნოვან ფოთლებში ასიმილაცია ნაკლები ინტენსივობით მიმდინარეობს და ისინი უფრო პლასტიკურ ნივთიერებათა საკუჭნაოს წარმოადგენენ.

კვირტები ფართოფუძიანი და დაბალი უწესო კონუსისებრია. ისინი მოთავსებულია ფოთლის უბეში. მათ მფარავი ქერქლები არა აქვთ. კვირტის გვერდზე გამოდის (იშვიათი გამონაკლისის გარდა) ძლიერი, მახვილი და მაგარი, ღეროს წარმონაშობი ეკლები. ეკლების სიდიდე, სიმაგრე და მოყვანილობა სახეობის დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს; ზოგ ნარინჯოვანს ეკალი სულ არა აქვს ან „მოზვერა“ ტოტებზე უჩნდება. ეკალი შეიძლება იყოს გრძელი, ცილინდრული, მახვილი, ფუძესთან გაბრტყელებული, მოკლე, წვრილი და ა.შ.

ყვავილის კვირტების ჩასახვა ციტრუსის გვარში ხდება მიმდინარე ზრდის ყლორტებზე.

ნარინჯოვნები

სახეობისა და ფორმის მიხედვით ყვავილები შეიძლება შემდეგნაირად დაჯგუფდეს: თითოეულა, ორ–ორი, სამ–სამი ან საფარისმაგვარ მტევნებად შეკრებილი. ყვავილობის პერიოდი ფორმების უმეტესობისათვის გაზაფხულის ბოლოზე მოდის. გამონაკლისს შეადგენს ფორტუნელა, რომელიც ყვავილობს ზაფხულში.

ნარინჯოვნებში ხშირია ისეთი ფორმები, რომლებიც განუწყვეტლივ ყვავილობენ; ასეთი უნარი ახასიათებს თითქმის ყველა წარმომადგენელს, თუ მათ საამისოდ შეექმნა შესაფერისი პირობები.

ყვავილები საკმაოდ მოზრდილია, თეთრგვირგვინიანი აქტინომორფული, ხუთმაგნაწილებიანი. ლიმონების, ციტრონების და მათი ჰიბრიდების ყვავილი მზის მხარეზე შეფერადებულია ანტოციანით. ყვავილსაფარი ორმაგი აქვთ; ჯამი ხუთფოთოლაკიანია, რომლებიც ნახევრამდე შეზრდილია. შეუზრდელი ნაწილები კბილისმაგვარადაა ამოწეული.

გვირგვინის ფურცლები თეთრია, სქელი, ცვალებადი სიდიდისა და ზურგის მხარეზე მოფენილია ეთერზეთოვანი ჯირკვლებით. მტვრიანები 12–60–მდე აქვს ჯგუფ–ჯგუფად. მტვერი ყვითელია და მრგვალი; ხშირია სტერილური მტვრის მქონე ფორმები. დინგი მსხვილია, დაბურცული და ლორწოიანი. ბუტკო შედგება რამდენიმე დაყოფ–ფოთოლისაგან. ნასკვი 8–14 ბუდიანია, მრგვალი, ბურთისებური, რომელსაც ნამდვილი წიპწიპიანისაგან გასარჩევად ნარინჯს, „ჰესპერიდას“ ან „პომერანცს“ უწოდებენ. ნაყოფი შედგება სამი შრისაგან. გარე ნაწილი წარმოადგენს „ნაყოფსაფარს“ (პერიკარპიუმი), მეორე – კანის ქვედა ფენას – ალბედოს (მეზოკარპიუმი) და მესამე – სირბილეს (ენდოკარპეუმი).

კანის ფერი ცვალებადობს: ის მწვანე–ყვითელი, ნარინჯისფერი ან მოწითალო. ალბედო სხვადასხვა სისქისაა და ზოგჯერ მოცულობით ნაყოფის ნახევარს შეადგენს.

სირბილე შედგება ნახევარმთვარისმაგვარი სეგმენტებისაგან, რომელთა აღნაგობა და მოყვანილობა აგრეთვე ცვალებადია. სეგმენტი გარედან დაფარულია აპკით, რომლის სისქე და უხეშობა სახეობრივ ნიშანს წარმოადგენს. აპკში მოთავსებულია საწვნე უჯრედები, რომლებიც ფორმა–მოყვანილობით განირჩევიან სხვადასხვა სახესა და ფორმას შორის. აღსანიშნავია, რომ სეგმენტების რაოდენობა შეფერადებულია გვირგვინის ფურცლების რაოდენობასთან; ეს კანონზომიერება ზუსტად დაცულია უმარტივეს ფორმებში. ასევე, მარტივ და უძველეს ფორმებს საწვნე უჯრედებიც წვრილი და გრძელი აქვს. წვენის შემადგენლობა საზღვრავს ნაყოფის გემოს, მასზე დამოკიდებულია სიმჟავე, სიტკბო, სიმწარე და ზოგჯერ მათი ურთიერთშეფერადება. გულის ღერძი წარმოადგენს სეგმენტების შეზრდით შექმნილ სიღრუეს, რომელიც ან მკვრივად ამოვსებულია, ფუყეა, ან ცარიელი. ნაყოფში (სეგმენტებში) მოთავსებულია თესლი. მცირეოდენი სახეობების გარდა თესლი ყველა ფორმას აქვს. თესლის აღნაგობა–მოყვანილობა მეტად ცვალებადია. თესლი დაფარულია ორი შრე საფარით; გარე საფარი პერგამენტისმაგვარად უხეშია, გლუვ ან ნაოჭზედაპირიანი. ამ საფარის სისქეზე და მისი ლებნების გადაზრდის ხასიათზე დამოკიდებულია თესლის გარეგანი ფორმა, რომელიც შეიძლება იქნეს მრგვალი, კვერცხისებრი, ბრტყელი, ნისკარტიანი, სიფრიფანისმაგვარ ნართიანი და სხვა.

თესლის შიგა საფარი თხელია და ნაზი. მისი ფერი ჯიშობრივი თავისებურების მაჩვენებელია. ეს საფარი ქალაძასთან უფრო მუქია, ან სულ სხვა ფერის (წითელი, ვარდისფერი, ყავისფერი).

თესლი ძალიან მალე კარგავს აღმოცენების უნარს; გაღვივების ოპტიმალურ t0 ითვლება 28–320C.

ლებანი, როგორც წესი, ორია, და თეთრი ან მწვანე ფერისაა. ნარინჯოვნებს შორის ძალიან ხშირია მრავალლებნიანობა და მრავალჩანასახიანობა. ამ ჩანასახთა შორის მხოლოდ ერთია ნამდვილი ჩანასახი. დანარჩენები წარმოშობილნი არიან ეგრეთ წოდებული სომატური უჯრედებიდან და ცრუ ჩანასახებს წარმოადგენენ. ნარინჯოვანთა კლასიფიკაციას და ბოტანიკურ სისტემაში მათი ადგილის დაზუსტებას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს, მაგრამ ეს საკითხი დღემდე მოუგვარებელია.

ნარინჯოვანთა სისტემატიკურად დაჯგუფების საქმეში მეცნიერულად მიდგომის ცდებს, ჩვენ ვხვდებით მე–18 საუკუნიდან, მანამდე კი ყველა ნარინჯოვანის ფუძედ და ძირითად ერთეულად სხნობდნენ ციტრონს; დანარჩენები მის სახესხვაობებად მიაჩნდათ. ტურნეფორტმა ნარინჯოვნები დაჰყო შემდეგ სახეებად: ლიმონი, ციტრონი და ფორთოხალი. 1769 წელს ლინეიმ გვარის აღსანიშნავად გამოიყენა გადაკეთებული ბერძნული სიტყვა „ცედროს“–ი, რომელსაც რომაელებმა „ციტრუსი“ უწოდეს, და ის სამ სახეობად დაჰყო: C. medica, C. aurantium და C. trifoliata. ამის შემდეგ ნარინჯოვანთა კლასიფიკაციაზე მუშაობდა მთელი რიგი ბოტანიკოსებისა და მებაღეებისა, დაწყებული ჟიუსიედან (1789წ.) ენგლერის ჩათვლით (1896 წელი) და გათავებული სვინგლეთი (1916 წ.), მარკოვიჩით (1921 წ.) და ტანაკათი (1927 წ.)

მიუხედავად 140 წლის მანძილისა, ნარინჯოვანთა მეცნიერულ კლასიფიცირებაში დღესაც ბევრი რამ მოუგვარებელია და მთელი რიგი სპეციალისტები ზოგჯერ ერთმანეთის დიამეტრალურად საწინააღმდეგო აზრისა არიან. ყველა სისტემა, რომლებიც ჩვენ სადღეისოდ გვაქვს, ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისაგან. ზოგ მათგანს ახასიათებს ნარინჯოვანთა დიდი მრავალფეროვნების მცირე რაოდენობის სისტემურ ერთეულებში მოქცევის ცდა, ზოგს კი – მეტი დაქუცმაცება უფრო წვრილ ერთეულებად. ამის მიზეზი ის არის, რომ ნარინჯოვნებზე მუშაობდა სისტემატიკოსების ორი ჯგუფი: ბოტანიკოსები და მებაღეები. პირველნი ცდილობდნენ ჩაეტიათ მთელი მრავალფეროვნება რამდენიმე ერთეულში, ხოლო მეორენი ასეთ ვიწრო რკალში ვერ თავსდებოდნენ იმის გამო, რომ ნარინჯოვან კულტურაში გავრცელებული ფორმები მეტად მკვეთრი ნიშანთვისებებით ხასიათდებიან, და უხერხულად მიაჩნდათ მათ ერთ ერთეულში მოთავსება. ნარინჯოვანთა არსებული ფორმები კი მოითხოვდნენ თავიანთ შესაფერ აღნიშვნას. გამოსავალს მდგომარეობიდან პოულობდნენ სხვადასხვა ხერხით. ასე, მაგალითად, გალეზიომ (1811 წ.) ციტრუსის გვარი ორ ჯგუფად დაჰყო: ერთში მოათავსა ციტრონები და ლიმონები, მეორეში ფორთოხლები და ნარინჯები. რისომ და პუატიემ ციტრუსები დაჰყვეს რვა ჯგუფად. ამავე გზით მიდიოდნენ დანარჩენი სისტემატიკოსებიც.

წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. ტ. 3 : ციტრუსები / ე. თოფურიძე, მ. ტაბლიაშვილი და ვ. შანიძე ; რედ. და წინასიტყვ. ავტ.: ნ. კეცხოველი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები