ვაჟა-ფშაველა
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვაჟა-ფშაველა“ გადაიტანა გვერდზე „ლუკა რაზიკაშვილი“) |
23:14, 1 მარტი 2022-ის ვერსია
ვაჟა-ფშაველა – (1861 – 1915), ნამდვილი სახელი და გვარი – ლუკა რაზიკაშვილი. ქართველი მწერალი და პოეტი. სხვა ვერსიით, ვაჟა-ფშაველა დაიბადა 1862 წელს. დაიბადა სოფელ ჩარგალში (ფშავი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი), სოფლის მღვდლის პავლე რაზიკაშვილის ოჯახში. რვა წლამდე ჩარგალში იზრდებოდა. შემდეგ სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-79 წლებში კი – თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში. 1883-84 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო დატოვა უნივერსიტეტი და დაბრუნდა სამშობლოში.
ვაჟას პირველი კორესპონდენცია „წერილი ხევსურეთიდან“ 1879 წელს დაიბეჭდა („დროება“), პირველი თარგმანი ერკმან-შატრიანის მოთხრობისა „ფეოდალის აღზრდა“ – 1880 წელს („ივერია“); პირველი ლექსი „მეომარი“ – 1881 წელს („იმედი“), პირველი მოთხრობა „სურათი ფშავლის ცხოვრებიდან“ – 1881 წელს („დროება“). ქართველ პოეტთა შორის ვაჟა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას, მის პოეზიაში განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება – ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. ამ თემას ეძღვნება მისი პოემები: „ალუდა ქეთელაური“(1888), „ბახტრიონი“ (1892), „სტუმარ-მასპინძელი“ (1893), „გველისმჭამელი“ (1901) და სხვა.
ვაჟა-ფშაველას ნაწერები პოეტის სიცოცხლეში ცალკე წიგნად იშვიათად იბეჭდებოდა (მოთხრობათა კრებული, 1889, 1898; „თხზულებანი“, 1899; „ცრემლები“, 1909 და სხვები). 1925-56 წლებში ალექსანდრე აბაშელის თაოსნობით გამოქვეყნდა მწერლის თხზულებათა ყველაზე სრულყოფილი კრებული შვიდ ტომად, 60-იან წლებში კი ათტომეულიც დაიბეჭდა. ვაჟა-ფშაველას ნაწერები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა ენებზე. მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით 1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა მისი დაბადების 100 წლისთავი. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
- არწივი
- არწივი ვნახე დაჭრილი,
- ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
- ეწადა ბეჩავს ადგომა,
- მაგრამ ვეღარა დგებოდა,
- ცალს მხარს მიწაზე მიითრევს,
- გულისპირს სისხლი სცხებოდა.
- ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
- ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
- თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
- გაშლილს, გაფანტულს ველადა!