ორბელიანი გრიგოლ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ორბელიანი გრიგოლ“ გადაიტანა გვერდზე „გრიგოლ ორბელიანი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გრიგოლ ორბელიანი“ გადაიტანა გვერდზე „ორბელიანი გრიგოლ“ გადამ...) |
14:51, 7 აპრილი 2022-ის ვერსია
ორბელიანი გრიგოლ − (1804 − 1883), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. დაიბადა თბილისში, დიდგვაროვანი ფეოდალის ოჯახში, იყო ერეკლე II შვილიშვილის შვილი. სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, შემდეგ საარტილერიო სკოლაში. მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში ლეკების წინააღმდეგ (1822-30), რუსეთ-ირანის (1826-27) და რუსეთ-თურქეთის (1828-29) ომებში. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. განთავისუფლების შემდეგ, 1859 წლიდან, თბილისში მთავარმართებლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა. პროგრესული საზოგადოება დიდად აფასებდა გრ. ორბელიანს, როგორც საზოგადო მოღვაწეს. იგი ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. პოეტმა სამშობლოს წარსულს, მის აღუდგენელ ბრწყინვალებას მიუძღვნა „იარალის” (1832), „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში” (1877). თავის ძირითად თხზულებაში, ლირიკულ-რომანტიკულ პოემაში „სადღეგრძელო” (1827-1870) გრ. ორბელიანმა გააცოცხლა სამშობლოს მოჭირნახულე, დიდებითა და ბრწყინვალებით მოსილ ისტორიულ გმირთა სახეები; იგი რამდენიმე მუხამბაზური ლექსისა („მუხამბაზი” - 1829; 1833; 1835). პოეტს ნათარგმნი აქვს ჟუკოვსკის, კრილოვის, ლერმონტოვის თხზულებანი; შექმნა ლექსები ა.ს. პუშკინის მიხედვით.
- მუხამბაზი (ფრაგმენტი)
- რტო ალვისა, შენი წელი მგონია,
- მაგ წელზედა ცისარტყელა მგონია,
- ეგ თვალები − ცაში ელვა მგონია.
- ვარდის სუნთქვა − შენი სუნთქვა მგონია.
- როს მეღირსოს, ვჰსთქვა: „გეთაყვა, ჩემი ხარ!”
- გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
- თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!
- ათი გზა მაქვს, ათივე შენკენ მოდის!
- ფიქრები მაქვს, წინ შენი სახე მოდის!
- მინდა რამ ვჰსთქვა − შენი სახელი მოდის!
- ჩემს გულში რა ამბებია, რა მოდის?
- ერთხელ მაინც მკითხე: „აგრე რათა ხარ?”
- გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,
- თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!
- ორთაჭალის ბაღში მნახე, ვინა ვარ,
- დარდიმანდის ლხინში მნახე, ვინა ვარ!
- ჯამით ტოლუმბაში მნახე, ვინა ვარ!
- აბა მუშტის კრივში მნახე, ვინა ვარ! −
- მაშინ შეგიყვარდე, სთქვა: „ძვირფასი ხარ!”
- გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,
- თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!