ჩარგალი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჩარგალი“ გადაიტანა გვერდზე „ჩარგლისკარი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჩარგლისკარი“ გადაიტანა გვერდზე „ჩარგალი“ გადამისამართებაზე) |
21:19, 20 აპრილი 2024-ის ვერსია
ჩარგალი, ჩარგლისკარი – ცნობილი სოფელია არაგვის ხეობის ფშავში, დუშეთის მუნიციპალიტეტი, მაღაროსკარის თემი. თბილისიდან 80 კმ-ის დაშორებით. მდებარეობს ქართლის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, მდინარე ჩარგლულის ხეობაში. ზღვის დონიდან 1200 მ. დუშეთიდან 52 კმ. აქ, ამ სოფელში დაიბადა და აღიზარდა დიდი ვაჟა-ფშაველა – ქართული კლასიკური მწერლობის ჭეშმარიტი სიამაყე.
„ჩარგალი არაგვის მარცხენა ნაპირზედ არი, შუაზე ჩარგლულა ჩამაუდის. აბაბაი, ძნელად ლამაზ სოფელია, სუ შიგაით ერჩევა“ (თამარ ხელაშვილი). ადგილობრივი მოსახლეობა მშობლიურ სოფელს უპირატესად ჩარგლის-კარს უწოდებს, თუმცა ხშირად გვხვდება ოფიციალური სახელწოდება ჩარგალიც. ფშავ-ხევსურულ პოეზიაში ორივე ფორმაა დადასტურებული:
- „ჩემო ჩარგალო, ცოტინააო,
- აბრეშუმის საბლით მაზომილო…“
- „ჩარგალ ცას შაღგავ ღრუბლიანსაო,
- დღით სამჯერ იცვლის გუნებასაო…“
- „რბოლით დაკრიფნა ზურაბმა გრძელნი არაგვის გზანიო,
- ჩარგლის-კართ დახვდა მშავლები აყოლეს სისხლი კვალიო…“
ჩარგალი ვაჟა-ფშაველას ნაწერებშიც ორივე ფორმით გვხვდება, მაგრამ უპირატესობა მაინც ჩარგლის-კარს უნდა მიენიჭოს: „ჩარგლის-კარს რო შამოვჩნდი, დავინახე ზევით, ჭალის თავში თითქოს ცეცხლის ნაკვერჩხალს რაღაც ისვრის, ხან ჩაქრება, ხან გამოჯიელავდება.
სპეციალურ ლიტერატურაში გამოთქმული თვალსაზრისის მიხედვით ტოპონიმი ჩარგალი ადამიანის საკუთარ სახელს – ჩარგალას უკავშირდება: „რაზიკაშვილების გვარი ისტორიულ ფხოვში – ახლანდელ უკანა-ფშავში, ცაბაურთის დიდ თემში ჩამოყალიბდა; იგი ცნობილია მე-6 საუკუნიდან. თემის ერთი თავკაცი ჩარგალა წინაფშავში გადმოსახლებულა და სოფელსაც მისი სახელი დარქმევია“.
ჩარგლის მიხედვით წარმომდგარა აქ ჩამომდინარე ხევის სახელიც -ჩარგლურა (||ჩარგლულა). ტოპონიმ ჩარგლის ანთროპონიმული წარმომავლობა გამორიცხული არ არის, მითუმეტეს, რომ ქართველურ საკუთარ სახელთა შორის დადასტურებულია: ჩარაგა, ჩარგა, ჩარგალა, ჩარეგ და სხვ.