აბიდოსი
(ახალი გვერდი: '''აბიდოსი''' – (''ბერძნ.'' სახელი – Abydos, თანამედრ. ელ არაბა ელ მადფუნ...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Abidosi.JPG|thumb|250პქ|აბიდოსი, სეტი I-ის ტაძარი]] | ||
'''აბიდოსი''' – (''ბერძნ.'' სახელი – Abydos, თანამედრ. ელ არაბა ელ მადფუნე), [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] ერთ-ერთი უძველესი [[ქალაქი]] და უმნიშვნელოვანესი რელიგიური ცენტრი ზემო ეგვიპტის მერვე ნომში, ნილოსის დასავლეთ ნაპირზე. ქალაქი [[ნეკროპოლისი|ნეკროპოლისთან]] ერთად დაახლ. 10 კვ. კმ.-ს მოიცავდა. მისი უძველესი დასახლება, რომელიც დღეს ძირითადად [[გრუნტი (ქანები)|გრუნტი]]ს წყლების ქვეშაა მოქცეული, წინადინასტიური პერიოდით თარიღდება (Petrie, 1902, 64). | '''აბიდოსი''' – (''ბერძნ.'' სახელი – Abydos, თანამედრ. ელ არაბა ელ მადფუნე), [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] ერთ-ერთი უძველესი [[ქალაქი]] და უმნიშვნელოვანესი რელიგიური ცენტრი ზემო ეგვიპტის მერვე ნომში, ნილოსის დასავლეთ ნაპირზე. ქალაქი [[ნეკროპოლისი|ნეკროპოლისთან]] ერთად დაახლ. 10 კვ. კმ.-ს მოიცავდა. მისი უძველესი დასახლება, რომელიც დღეს ძირითადად [[გრუნტი (ქანები)|გრუნტი]]ს წყლების ქვეშაა მოქცეული, წინადინასტიური პერიოდით თარიღდება (Petrie, 1902, 64). | ||
13:08, 15 ოქტომბერი 2024-ის ვერსია
აბიდოსი – (ბერძნ. სახელი – Abydos, თანამედრ. ელ არაბა ელ მადფუნე), ეგვიპტის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი და უმნიშვნელოვანესი რელიგიური ცენტრი ზემო ეგვიპტის მერვე ნომში, ნილოსის დასავლეთ ნაპირზე. ქალაქი ნეკროპოლისთან ერთად დაახლ. 10 კვ. კმ.-ს მოიცავდა. მისი უძველესი დასახლება, რომელიც დღეს ძირითადად გრუნტის წყლების ქვეშაა მოქცეული, წინადინასტიური პერიოდით თარიღდება (Petrie, 1902, 64).
ეგვიპტური სახელმწიფოს ისტორია აბიდოსში იწყება, რადგან აბიდოსის ნეკროპოლისში მდებარეობს ეგვიპტის უძველესი – ე.წ. ნულოვანი და I-II დინასტიების ფარაონების სამარხები, რომლებსაც ნომის დედაქალაქის ტინისის მიხედვით ტინისელ ფარაონებს ეძახიან (მათ შორისაა ხორ-ახა, ნარმერი, ჯერი, ჯეტი, პერიბსენი, დედოფალი მერნეიტი. გრანდიოზულობით გამოირჩევა II დინასტიის ბოლო ფარაონის – ხასეხემუის სამარხი, რომლის კედლების სიგრძე 70 მეტრს აღწევს). აბიდოსის ნეკროპოლისში მდებარეობს კანიონი, რომელიც ეგვიპტელთა წარმოდგენით საიქიოში შესასვლელს წარმოადგენდა.
დაახლ. XI-XII დინასტიების პერიოდიდან ქალაქი ხდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური ცენტრი და ოსირისის თაყვანისცემის მთავარი ადგილი, რადგან ამ დროს კანიონთან მდებარე პირველი დინასტიის ფარაონის, ჯერის სამარხი ოსირისის თავის სამარხად იქნა მიჩნეული, და აბიდოსს მომლოცველები მთელი ეგვიპტიდან მოაწყდნენ. უდიდეს პატივად ითვლებოდა აბიდოსის სასაფლაოზე დაკრძალვა, ან, უკიდურეს შემთხვევაში, სასაფლაოზე გარდაცვლილისადმი მიძღვნილი პატარა სტელის აღმართვა. მომლოცველთა ნაკადმა, რომელიც თითქმის ორი ათასი წლის განმავლობაში მოედინებოდა და დიდი ღვთაებისათვის მსხვერპლშესაწირი მოჰქონდა, ისეთი რაოდენობის ჭურჭელი დატოვა, რომ აბიდოსის ნეკროპოლისის ამ ნაწილს არაბებმა უმ-ელ-ქააბი – „ქოთნების დედა“ დაარქვეს. ბუნებრივია, რომ გათხრები აქ დღემდე მიმდინარეობს.
შემორჩენილი ნაგებობებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია აბიდოსის დიდ ტაძრად წოდებული სეტი I-ის (XIX დინასტია) ტაძარი. მის ძირითად დანიშნულებას ძველი ფარაონების თაყვანისცემა წარმოადგენდა, სწორედ ამიტომ ტაძრის ერთ-ერთ კედელზე სეტი I-მა მოათავსა ეგვიპტის ფარაონების სია, რომელიც დღეს ეგვიპტის ფარაონების აბიდოსის სიის სახელით არის ცნობილი („მეფეთა სიები“). ტაძრის უკან მდებარე სეტი I-ის კენოტაფი დღეს ოსირეიონად არის წოდებული. მისმა კედლებმა შემოგვინახა სცენები „ჭიშკრის“ და „მკვდართა“ წიგნებიდან. ოსირისის დიდი ტაძარი I-II დინასტიებით დათარიღებულ ტაძრის ფუნდამენტზეა აგებული, რომელიც უძველესი ადგილობრივი ღმერთის – ხენტიიმენტიუსადმი იყო მიძღვნილი (Bonnet, 1952, 3).
აღსანიშნავია აგრეთვე რამსეს II-ის (XIX დინასტია) ტაძარი და სამეფო საკულტო ნაგებობები ქალაქის სამხრეთ ნაწილში, განსაკუთრებით სენუსერტ II-ის (XII დინასტია) კაპელა და იახმეს III-ის (XVIII დინასტია) ნაგებობები. იახმეს III-მ აქ პატარა პირამიდაც ააგო. 1996 წ. აღმოჩენილია თოტმეს III-ის (XVIII დინასტია) ტაძარი. ძველ ქალაქს გარს ერტყა კედელი, რომელიც დღემდე დგას და მას კომ ეს-სულთანს უწოდებენ.
ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით ნაპოვნია საცხოვრებელი უბნის ნაწილი (თარიღდება ძველი სამეფოს და პირველი გარდამავალი პერიოდით) ვიწრო ქუჩის გასწვრივ დგას 7-10 ოთახისაგან შემდგარი აგურის სახლები ეზოებით და სახელოსნოები, მათ შორის ეგვიპტეში ნაპოვნი უძველესი ქაშანურის სახელოსნო. ქალაქი აქტიურად შენდებოდა და იზრდებოდა XXX დინასტიამდე. აბიდოსის ყველაზე ახალგაზრდა ნაგებობა ამ დინასტიის ფარაონის – ნექტანებოსის მეფობით არის დათარიღებული. პტოლემაიოსების პერიოდიდან ქალაქი თანდათან კარგავს თავის მნიშვნელობას, რომელიც მან XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიბრუნა. უცნაური დამთხვევით, აბიდოსში არა მარტო ეგვიპტური სახელმწიფოს, არამედ ეგვიპტის მეცნიერული შესწავლის ისტორიაც იწყება.
ეგვიპტის არქეოლოგიური კვლევა პირველად აბიდოსში ჩატარდა და თანამედროვე მსოფლიომ ეგვიპტის ისტორიის გაცნობა სწორედ აბიდოსიდან დაიწყო.