პანკრატიონი
(ახალი გვერდი: '''პანკრატიონი''' - ანტიკური ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი სახე...) |
12:33, 14 ნოემბერი 2020-ის ვერსია
პანკრატიონი - ანტიკური ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი სახეობა, კრივისა და ჭიდაობის ერთგვარი ნაზავი, რომელიც წააგავდა თანამედროვე „ბრძოლას წესების გარეშე“ და ყველაზე სასტიკი სახეობა იყო ოლიმპიურ თამაშებზე. დაშვებული იყო სხვადსხვანაირი გდება, ფეხით დარტყმა, მოხრჩობა. ორთაბრძოლა, ისევე როგორც კრივში, გრძელდებოდა მანამ, სანამ ერთ-ერთი მეტოქე არ დანებდებოდა ან არ მოკვდებოდა.
ძველ ბერძნებს პანკრატიონი ორთაბრძოლის ყველაზე ლამაზ და ვაჟკაცურ სახეობად მიაჩნდათ, რომელიც, პინდარეს თქმით, ათლეტისგან „ლომის ძალას და მელიის ეშმაკობას“ მოითხოვდა. პანკრატიონში პირველი გამარჯვებული ყოფილა ლიგდამი სირაკუზიდან - ძვ.წ. 648 წელს. ცნობილი პანკრატიონისტი გახლდათ არაჰიონი ფიგალიიდან, რომელმაც მოიგო ძვ.წ. 572 და 568 წლების ოლიმპიადები, ხოლო შემდეგზე - ძვ.წ. 564 წელს - ბოლომდე იბრძოლა, არ დანებდა და სული განუტევა. გადმოცემით, გამარჯვება მას სიკვდილის შემდეგ მიანიჭეს. სახელგანთქმული მებრძოლი იყო თეაგენი თასოსიდან, რომელმაც ძვ.წ. 480 და 476 წლებში მოიგო ოლიმპიადები და არაერთხელ გაიმარჯვა სხვა პანელინურ შეჯიბრებებზე. ელინებმა მას „ჰერაკლეს ვაჟი“ შეარქვეს. მეტად ცნობილი და პოპულარული იყო პოლიდამე სკოტუზიდან, რომელმაც ძვ.წ. 408 წელს, ანუ 93-ე ოლიმპიადაზე გაიმარჯვა. მის ფიზიკურ შესაძლებლობებზე ლეგენდები დადიოდა. ყვებოდნენ, რომ ძალას ხარებთან ჭიდილში ივარჯიშებდა, ერთხელ კი შიშველი ხელებით დაარხჩო ლომი. პოლიდამე ნამდვილი გმირივით დაღუპულა თურმე უეცრად გროტის ჭერი ჩამოინგრა, სადაც მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მან მოასწრო და ჩამონგრეულ ჭერს მხარი შეუდგა, დრო მისცა მეგობრებს, თავი რომ გადაერჩინათ, გროტიდან გაეღწიათ, თვითონ კი ნანგრევებში ცოცხლად ჩაიმარხა.