პარიზის VIII ოლიმპიური თამაშები (1924)
(ახალი გვერდი: '''პარიზის VIII ოლიმპიური თამაშები''' - VIII ოლიმპიური თამაშები ჩა...) |
17:17, 3 დეკემბერი 2020-ის ვერსია
პარიზის VIII ოლიმპიური თამაშები - VIII ოლიმპიური თამაშები ჩატადა 1924 წლის (4 მაისი - 27 ივლისი), პარიზში.
- მონაწილე ქვეყანა - 44
- სპორტსმენი - 3,088/ 134 ქალი / 2,954 კაცი
- სპორტის სახეობა - 17
- მედლების კომპლექტი - 126
ყველაზე მეტი ოქროს მედალი
კაცებში: პაავო ნურმი (მძლეოსნობა, ფინეთი) 5
ქალებში: ჰეიზელ ვაითმანი (ჩოგბურთი, აშშ) ელენ უილისი (ჩოგბურთი, აშშ) 2 ეთელ ლაკი (ცურვა, აშშ) 2
1924 წლის პარიზის ოლიმპიადა საიუბილეო გამოდგა. შესრულდა თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის 30 წელიწადი, რასაც პიერ დე კუბერტენმა ჩაუყარა საფუძველი. ფრანგი ბარონის ამ და სხვა დამსახურებათა პატივსაცემად, პარიზს VIII ოლიმპიადის ჩატარების უფლება მისცეს. ასე, რომ პარიზი ოლიმპიურ დედაქალაქებს შორის პირველი იყო, რომელსაც ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა მეორედ ერგო.
თავად ოლიმპიური თამაშები უზადო გამოდგა. ქვეყანათა რიცხვი 29-დან ერთბაშად 44-მდე გაიზარდა, რაც ოლიმპიური თამაშების, როგორც უმთავრესი სპორტული ასპარეზობის პოპულარობაზემიუთითებდა. ამის დასტური იყო 1000-ზე მეტი ჟურნალისტის და 625 ათასამდემაყურებლის დასწრებაც.
ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე პირველად გამოჩნდნენ ეკვადორის, ჰაიტის,ლატვიის, ლიტვის, ირლანდიის, პოლონეთის, ურუგვაის და ფილიპინების დელეგაციები (ლატვიამ და პოლონეთმა ოლიმპიური ნათლობა რამდენიმე თვით ადრე ზამთრის პირველ ოლიმპიადაზე შამონიში მიიღეს), ხოლო პირველი მსოფლიო ომის თაოსანი გერმანია, წინა ოლიმპიადის მსგავსად, თამაშებზე არ მიიწვიეს. გახსნის საზეიმო ცერემონიაზე გამოჩნდნენ ჩინელი სპორტსმენებიც (ჩოგბურთელები), რომლებიც ჩინეთის რესპუბლიკის სახელით ეწვივნენ პარიზს, მაგრამ მოგვიანებით ასპარეზობებზე უარი თქვეს.
ოლიმპიური პროგრამა თითქმის ანტვერპენის მსგავსი იყო. გამონაკლისი გახლდათ შეჯიბრებები ზამთრის სახეობებში - ფიგურულ ციგურაობასა და ყინულის ჰოკეიში, რომლებიც იმავე წელიწადს საფრანგეთის შამონიში გამართულ ზამთრის პირველი ოლიმპიადის პროგრამაში შეიტანეს და, შესაბამისად, ზაფხულის თამაშების პროგრამიდან ამოიღეს.
პარიზში პირველად გამოჩნდა ოლიმპიური დევიზი: Citius, Altius, Fortius („სწრაფად, მაღლა, ძლიერად“), რომელსაც კუბერტენი თავის ფრანგ მეგობარს ანრი დიდონს დაესესხა. გარდა ამისა, კუბერტენისვე იდეით, პარიზი გახდა პირველი ქალაქი, სადაც სპორტსმენთათვის ხის სახლებისგან ოლიმპიური სოფელი გაშენდა. იქამდე ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს თავიანთი დელეგაციებისთვის დამოუკიდებლად უწევდათ ბინების დაქირავება, რაც მეტად ძვირი ჯდებოდა.
დახურვის ცერემონიაზე ოლიმპიური დროშის მომავალი თამაშების მასპინძელი ქალაქის მერისთვის გადაცემის ტრადიცია სწორედ VIII ოლიმპიადიდან იღებს სათავეს. ეს იყო ბოლო თამაშები, რომელიც მისი ფუძემდებლის _ პიერ დე კუბერტენის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
პარიზში განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი ფინელმა მძლეოსნებმა: პაავო ნურმი აქაც შეუდარებელი აღმოჩნდა _ 5 ოქროს მედალი მოიპოვა, მედლების სიმრავლით მეორე იყო მისი თანაგუნდელი ვილე რიტოლა, რომელმაც 4 ოქროს და 2 ვერცხლის ჯილდო დაიმსახურა.