ანჩისხატის ეკლესია
(ახალი გვერდი: '''ანჩისხატის ეკლესია''' - დღევანდელ დღეს ანჩისხატად წოდებული ...) |
16:29, 1 თებერვალი 2017-ის ვერსია
ანჩისხატის ეკლესია - დღევანდელ დღეს ანჩისხატად წოდებული ეკლესია აგებულია მე-5 საუკუნის ბოლოსა და მე-6 საუკუნის დასაწყისში, ვახტანგ გორგასლისა და მისი ძის - დაჩის მიერ, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობილის შობის სახელზე. ეს იყო ერთადერთი ეკლესია თბილისში, სადაც მუსულმანთა 400 წლიანი ბატონობის დროსაც კი ზარი ყოველთვის ხმიანობდა და ამიტომ მას „ზარის ეკლესიასაც“ უწოდებდნენ მე-17 საუკუნის დასაწყისამდე, ვიდრე სოფელ ანჩიდან არ გადმოაბრძანეს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელსაც თან ჩამოჰყვა მისი მცველი - პეტრე მესხი.
ანჩისხატის ეკლესია კლდეში ამოკვეთილ სარდაფზე დგას.იგი ერთ-ერთი უძველესი სამნავიანი ბაზილიკაა (ბაზილიკა - ქრისტიანული ეკლესიის უძველესი სახეობა. მართკუთხა ფორმის უგუმბათო ეკლესია). ანჩისხატის ტაძარი ყოველთვის არა მარტო სალოცავი ტაძარი, არამედ კულტურულ -საგანმანათლებლო კერაც იყო. სწორედ მის ეზოში არსებობდა სასულიერო სემინარია, სადაც ღებულობდნენ სასულიერო განათლებას, როგორც უფლისწულები, ასევე ქართველ თავად-აზნაურთა შვილები.
1755 წელს დიდმა კათოლიკოსმა ანტონ I განაახლა მტრისაგან დანგრეული სემინარია, რომელმაც იარსება ანტონ II-ის კათოლიკოსის რუსეთში იძულებით წასვლამდე (1811 წ).
დომენტი კათოლიკოსმა ანჩისხატის ეკლესიას აუშენა სამრეკლო, რომელიც დღესაც პირვანდელი სახითაა; შეაკეთა თვით ეკლესია და დაძველებული სამკვეთლოს წინა მხარე, განაახლა თავისი სასახლე, ააშენა სახლი მოსამსახურეთათვის და ყრმათა სასწავლებლად. რაც თვით ვერ მოასწრო, მისმა მოადგილემ, შემდგომ კი კათოლიკოსმა ნიკოლოზმა დაამთავრა.
მიუხედავად აღა-მაჰმად-ხანის უამრავი შემოსევებისა და როსტომ მეფის მიერ მრავალი სპარსული წეს-ჩვეულების შემოღებისა, დედოფალ მარიამისა და კათოლიკოსების - ქრისტეფორეს, დომენტისა და ნიკოლოზის - მეოხებით საქართველოში არც ქრისტიანობა შესუსტებულა და მხატვრობამაც და მწერლობამაც ძალიან დიდი ნაბიჯებით წაიწია წინ. ანჩისხატის ეკლესია იყო სწავლა-განათლების უპირველესი კერა, რომელიც თავისთან იზიდავდა არა მარტო ქართველებს, არამედ სომხებსა და თათრებსაც კი.
ანჩისხატის ეკლესიის დღესასწაულია 29 აგვისტო. მას ანჩისხატობა ეწოდება. ამავე დღეს მარტყოფში აღინიშნება მამა ანტონობა ანუ მარტყოფობა, რადგან მე-6 საუკუნეში მამა ანტონმა შემოაბრძანა კეცზე ამოტვიფრული პირი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატისა და მას მარტყოფში აუშენა ე.წ. „ღვთაების ეკლესია“ (მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი).
წყარო =
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.