ვოლსკი გრიგოლ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვოლსკი გრიგოლ“ გადაიტანა გვერდზე „გრიგოლ ვოლსკი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გრიგოლ ვოლსკი“ გადაიტანა გვერდზე „ვოლსკი გრიგოლ“ გადამისამარ...) |
14:50, 4 მარტი 2022-ის ვერსია
ვოლსკი გრიგოლ − (1860 − 1909), პუბლიცისტი, პოეტი, მთარგმნელი, ექიმი, საზოგადო მოღვაწე; წარმოშობით პოლონელი ფსევდონიმი − გ.უმწიფარიძე. დაიბადა ქუთაისში. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო და ფილოლოგიური ფაკულტეტები. უნივერსიტეტში სწავლის დროს მონაწილეობას იღებდა სტუდენტთა მოძრაობაში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაერთო. 1888 წლიდან მოღვაწეობდა ბათუმში. მას მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის 1897 წელს ბათუმის ქალთა პროგიმნაზიის, ხოლო 1900 წელს ვაჟთა გიმნაზიის დაარსებაში, მისივე ინიციატივით 1902 წელს გაიხსნა და 1903 წელს გაფართოვდა ბათუმის პირველი საავადმყოფო, იმავე წელს გაიხსნა ბათუმის გაერთიანებული საჯარო ბიბლიოთეკა, 1908 წელს კი − ბათუმის საბავშვო მუზეუმი. დავით კლდიაშვილთან და ივანე მესხთან ერთად იღვწოდა აჭარის მოსახლეობის კულტურული პროგრესისათვის. ხელმძღვანელობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აჭარის განყოფილებას; მხარს უჭერდა დემოკრატიული რეფორმების გატარებას, საწარმოო ძალთა განვითარებას კაპიტალისტურ საფუძველზე. მისი კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, ლექსები და თარგმანები 1878 წლიდან იბეჭდებოდა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში. ვოლსკის ეკუთვნის პატრიოტული და ლირიკული ლექსები: „მეგობარს”, „სიზმარი” (1882), „როს საუკუნოდ დავდუმდე” (1893), ასევე პოპულარულ რომანსად ქცეული „შენ გეტრფი მარად” (1891, მუსიკა მელიტონ ბალანჩივაძისა). 1907 წელს ვოლსკის თავს დაესხნენ და მძიმედ დაჭრეს. მოღვაწეობის გაგრძელება მხოლოდ 1908 წლიდან შეძლო – მუშაობდა თბილისის კერძო გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. გარდაიცვალა თბილისში; დაკრძალულია ბათუმში, თუმცა მისი საფლავი დაკარგულია. ვოლსკის სახელს ატარებს ქუჩა ბათუმში.
- ელეგია
- გუნდ-გუნდ ვარსკვლავნი, ანგელოზთ თვალნი,
- ეშხით დამზერენ ტურფა გარემოს.
- მთები მაღალნი, უზარმაზარნი,
- ადიან ზეცას, ისვრიან ჩეროს.
- წყარო მჩქეფარე, ვითა მწყრომარე
- ჩამორბის კლდიდან ვარსკვლავთ მჩინარი,
- ძირსა ველს გაშლილს, ვარდნარით ფენილს,
- ბულბული კვნესის ნაზი, ნარნარი.
- კოშკნი ნგრეულნი, მოხუცებულნი,
- თეთრი თმის გაშლით ჩაფიქრებულან.
- წარსულის, ძველის, გულის მომწველის
- ვერ მპოვნი, მწარედ დაღონებულან.
- ქცევა კაცური, ზნე მამაცური
- მათ გარს ეხვევათ, ვითა სიზმარი...
- მათ არ ამხნევებს, მათ არ აღელვებს
- ცეცხლის მომდები იმედი მტკბარი...
- ვჭვრეტ ჯერ მეც წყვდიადს, მაგრამ განთიადს
- მაინც კი ველი, ვიყო გინდ მკვდარი.