სამაია
11:19, 4 მაისი 2023-ის ვერსია
სამაია, სამანა — განაყოფიერების და შვილიერების სადიდებელი ძველქართული მისტერია. პოეტ თეიმურაზ მეორის აღწერილობითაც სამაია მიჩნეულია ძეობის სადღესასწაულო ფერხულად, რაც სრულდებოდა კვდომადი და აღდგომადი ღვთაების სადიდებელი წესსახიობისათვის დამახასიათებელი მოძრაობის სითამამით, სააშიკო პირმოხეული ლაღობით და ფალიკური აწყვეტილობით. სამაია წარმოგვიდგება რთული, დახვეწილი, ჩამოქნილი საფერხულო წყობის როკვად, რომლის სამგანად, სამკუთხად მოძრავ მწყობრთა შიგნით სრულდება ჯერ ერთი კენტად მოსამის დავლური, რაც გადადის ქალ-ვაჟის წყვილურ და მერმე სამთა სამაიას როკვაში (დ. ჯანელიძე).
სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით სამა-დ იწოდებოდა „როკვა შუშპარი“. სამაიას ფერხული უნდა ყოფილიყო „სამთაგანა“ და ვერ იქნებოდა „ორთაგანა“, ანუ სამგანად უნდა ყოფილიყო ჩაბმული. ამჟამად ჩვენში გავრცელებული სამაია სამეულის პრინციპზეა აგებული და თეატრალიზებული ფორმით სრულდება ქალთა ჯგუფის მიერ. მუს. ზომა 6/8.