პოზიციური თვლის სისტემა
(ახალი გვერდი: '''პოზიციური თვლის სისტემა''' – თვლის სისტემა, რომელიც დაფუძნე...) |
მიმდინარე ცვლილება 13:04, 21 ივნისი 2023 მდგომარეობით
პოზიციური თვლის სისტემა – თვლის სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ციფრების მნიშვნელობის პოზიციურ პრინციპზე, რომლის თანახმად, ერთსა და იმავე ციფრს აქვს სხვადასხვა რიცხვითი მნიშვნელობა იმისდა მიხედვით, თუ რა ადგილი უკავია მას რიცხვის ჩაწერაში.
პოზიციურ თვლის სისტემას მიეკუთვნება ამჟამად საყოველთაოდ გავრცელებული ათობითი პოზიციური თვლის სისტემა, აგრეთვე ორობითი, რვაობითი და სამოცობითი თვლის სისტემები. ორობითმა თვლის სისტემამ დიდი გამოყენება ჰპოვა ელექტრონულ-გამოთვლით ტექნიკაში (მანქანურ მათემატიკაში).
მათემატიკის განვითარების ისტორიაში პირველი პოზიციური თვლის სისტემა იყო ძველი ბაბილონელების სამოცობითი პოზიციური თვლის სისტემა, რომელიც შეიქმნა ჩვ. წ. აღ-მდე 2000 წლის წინათ. ეს სისტემა არ იყო სრულყოფილი – მასში არ იყო 0 -ის სიმბოლო, რის გამოც მას არ ჰქონდა დასრულებული სახე. ამ სისტემის კვალი დღემდეა შემორჩენილი: 1 სთ იყოფა 60 წუთად, 1 წთ – 60 წმ -ად; წრეწირი იყოფა 360 რკალურ გრადუსად.
პოზიციური თვლის სისტემა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წარმოიქმნა მაიას ტომში (ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში) და ინდოეთში (VIII-IX სს). თანამედროვე თვლის ათობითი სისტემის საწყის წყაროს წარმოადგენდა ინდური თვლის სისტემა, რომლის საფუძველი იყო რიცხვი 10 და მასში იყო ნულის აღმნიშვნელი სიმბოლო. ინდოეთიდან იგი გავრცელდა სხვა ქვეყნებში. ევროპის ხალხებში ციფრების გამოსახულება და რიცხვთა პოზიციური აღნიშვნის ხერხი გავრცელდა ესპანეთიდან, სადაც იგი გადმოიტანეს ინდოეთიდან წინა აზიის მავრიტანული სახელმწიფოების გავლით.
რუსულ ლიტერატურაში ინდური ნუმერაცია პირველად გვხვდება 1638 წელს, ლ. მაგნიცკის ცნობილ წიგნში „არითმეტიკა“, რომელიც მოსკოვში დაიბეჭდა 1703 წელს; ყველა გამოთვლა ტექსტში ხდება ინდური ჩაწერის რიცხვებზე.