ქცევა (ზმნა)
(ახალი გვერდი: '''ქცევა''' – ვერსია, ზმნის კატეგორია, რომელიც გამოხატავს კუთვნ...) |
15:39, 12 მარტი 2024-ის ვერსია
ქცევა – ვერსია, ზმნის კატეგორია, რომელიც გამოხატავს კუთვნილებით ურთიერთობას სუბიექტსა და ობიექტს, ან ობიექტებს შორის. მოქმედებითი გვარის ზმნებში დაპირისპირებულია ნეიტრალური, სასხვისო და სათავისო სახეობები, პასივებში კი – ნეიტრალური და სასხვისო. საშუალო გვარის ზმნებში ქცევა პასივთა წესზე ყალიბდება.
ნეიტრალური ფორმებია ამოსავალი სასხვისო ქცევისთვის: წერს ˜უ-წერს; თეთრდება ˜უ-თეთრდება. სათავისო ქცევის ფორმებში ინიციატორი აქტანტი ითავსებს სუბიექტისა და ადრესატის როლებს.
პასივთა ფორმების მიხედვით ჩანს, რომ ნეიტრალური ფორმები მონაწილეობენ კატეგორიის შიდა დაპირისპირებაში: შრება˜უშრება, თეთრდება ˜უთეთრდება. ამ დაპირისპირებაში ნეიტრალურ ფორმათა გამორიცხვით პასივები უქცევო გამოვა – ირღვევა კატეგორიის პრინციპი.
II სერიაში გვხვდება ქცევის აღწერითი ფორმებიც: ამიშენებია (ნეიტრ) ˜ამიშენებია შენთვის (სასხვ) ˜ამიშენებია ჩემთვის (სათ.). თუ სასხვისო ქცევის აქტივთა ფორმებში მონაწილეობენ I და II პირების პირდაპირი და ირიბი ობიექტები, ფორმები მაშინაც აღწერითია: „მან დამიქირავა მე შენი თავი“, „მან დაგიქირავა შენ ჩემი თავი“ და სხვ. ამათი კონვერსიული სათავისო ქცევის ფორმები სინთეზურია, შესაბამისად რიგისა, იქნება – დაგიქირავე (მე შენ) და დამიქირავე (შენ მე).
თ. უთურგაიძე