მორდარი
(ახალი გვერდი: მორდარი - (სპარს. mohrdār - ბეჭდის მცველი); სეფიანთა ირანის ადმინის...) |
15:17, 14 ივნისი 2017-ის ვერსია
მორდარი - (სპარს. mohrdār - ბეჭდის მცველი); სეფიანთა ირანის ადმინისტრაციის სხვადასხვა სახის ბეჭდის მცველი, რომელიც სხვა მოხელეებთან - მდივანბეგთან (dīvānbegī), სახელმწიფო მდივანთან (monše' al-mamālek), სამეფო ექიმთან (ḥakīm-bāšī), სამეფო ასტროლოგთან (monajjem-bāšī) და სხვ. ერთად შედიოდა სასახლის შიდა ადმინისტრაციული აპარატში (moqarrab al-ḵāqāns). ქართულ წერილობით წყაროებში ეს ტერმინი სხვადასხვა გახმოვანებით გვხვდება: მოჰრდარი / მურდარი / მორდალი. მ. მეფის სამდივნოს მოხელე იყო და სახლთუხუცესს ექვემდებარებოდა. მას ეკავა უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობა - ჩაბარებული ჰქონდა მეფის დიდი და პატარა საბეჭდავები, რომლებიც, უპირველესად, უნდა დაეცვა და შემდგომ დანიშნულებისამებრ გამოეყენებინა. ამიტომ მ-ის თანამდებობაზე მეფეები ნიშნავდნენ ერთგულებით გამორჩეულ „მისანდო“ პირებს.
მ. იხსენიება როსტომ მეფის მიერ 1638 წ. მანუჩარ თუმანიშვილისადმი ბოძებულ ქართულ-სპარსულ დოკუმენტში, რომელშიც ამ სახელოს სარგოსა და ფუნქციებზეა საუბარი. აღნიშნული საბუთის მიხედვით, ყველა სახეობის სიგელი და სხვა დოკუმენტები მ-ს უნდა დაებეჭდა, მაგრამ, მოგვიანებით, ქართლის მეფე ერეკლე I (ნაზარალი-ხანის) დროს (1688-1703) მ-ის როლი დაკნინებულა და მეფის საბუთების დაბეჭდვის პრივილეგია ვეზირსა (იხ.) და მუსტოფს (იხ.) გადასცემიათ, რომლებიც უშუალოდ შაჰის მოხელეები იყვნენ ქართლის მეფის კარზე. „დასტურლამალში“ შეტანილი მ-ის განწესება უჩვენებს, რომ ერეკლე I-ის შემდგომ მას თავისი ძველი ფუნქციები დაბრუნებია.
ქართულ წყროებში „სამურდროს“ სამი დებულებაა ცნობილი: ერთი „დასტურლამალშია“ შეტანილი, მეორე, 1703-1724 წლებში შედგენილი, ხოლო მესამე - „სამორდალოს განწესება“ მთავარმართებელ ციციანოვს წარუდგინეს ზაალ ბარათაშვილმა და იროდიონ გურგენიძემ. ამ განწესებათა მიხედვით, ქართლ-კახეთის მ-ებს ეკუთნოდათ სარგო სამეფოს ყოველი იჯარიდან, იასაულებისგან აღებული თამასუქებიდან, მეფის მიერ გაცემული დოკუმენტების, სიგელების, ოქმების, განაჩენთა დაბეჭდვისათვის და სხვ.; XVIII ს-ის მეორე ნახევარში ქართლ-კახეთის გაერთიანებულ სამეფოში ორი სამეფო მ. იყო - ქართლისა და კახეთის. „რაც მეფისგან წყალობა ებოძებოდათ ქართლსა და კახეთსა, თავადთა, აზნაურთა თუ გლეხთა თუ თათართა, ჩვენ, მორდლებისაგან უნდა მისცემოდათ წყალობის სიგელი“ - წერს გიორგი XII-ის ყოფილი მ. იროდიონ გურგენიძე აღნიშნულ მოხსენებაში.
მ-ის თანამდებობაზე, ძირითადად, ვხვდებით სამეფო აზნაურებს: ქართლში - თუმანიშვილებს, შანშეან-მარტიროზიშვილებს, კახეთში ხერხეულიძეებს, თავადთაგან ჩოლაყაშვილებს და სხვ.
წყაროები და ლიტერატურა
მესხია: 1948: 021, 46-47, 47-48; ქსის 1955: 146, 142-143; გაბაშვილი 1942: 177; სურგულაძე 1952: 242-244; შავორყ 1986.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017