ტაიფის საზავო ხელშეკრულება 1934

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ტაიფის საზავო ხელშეკრულება 1934''' – („ხელშეკრულება მუსლიმთა მ...)
 

მიმდინარე ცვლილება 01:06, 13 აგვისტო 2024 მდგომარეობით

ტაიფის საზავო ხელშეკრულება 1934 – („ხელშეკრულება მუსლიმთა მეგობრობისა და არაბთა ძმობის შესახებ“) საუდის არაბეთსა და იემენს შორის. დაიდო 20.V. ტაიფში (საუდის არაბეთი) 20 წლით და ამ ვადის შესაძლო გაგრძელებით. მოაწესრიგა ორ სახელმწიფოს შორის ასირის და ნაჯრანის ოლქების გამო ატეხილი კონფლიქტი, რომელმაც შეიარაღებული შეტაკება გამოიწვია. მხარეთა მიერ კონფლიქტის მოწესრიგების არაერთი მცდელობა დასრულდა 15.V.1934 ხელმოწერილი დაზავებით და საზავო ხელშეკრულების პირობების შეთანხმებით.

ხელშეკრულება, რომელმაც ორ სახელმწიფოს შორის სამუდამო მშვიდობა და მეგობრობა გამოაცხადა, ითვალისწინებდა დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ორმხრივ აღიარებას. საუდის არაბეთს გამოჰყავდა ჯარები იემენის ოკუპირებული ტერიტორიიდან, თავის მხრივ, იემენი უარს აცხადებდა სადავო ოლქებზე, რომელთა გამოც კონფლიქტი აღმოცენდა, ასევე კისრულობდა კონტრიბუციის სახით 100 ათასი გირვანქა სტერლინგის გადახდას ოქროთი. გადაწყდა ასევე საზღვრების დაზუსტება (საზღვრების სადემარკაციო სამუშაოები 1936 დასრულდა). ხელშეკრულებაში დაწვრილებით იყო რეგლამენტირებული მხარეებს შორის ურთიერთობები (დავების გადაჭრა საერთაშორისო არბიტრაჟის მეშვეობით, შინაურ საქმეებში ჩაურევლობა, დამნაშავეთა გაცემა, სავაჭრო კავშირები, საბაჟო რეჟიმი და სხვ.) ხელშეკრულებამ ხელი შეუწყო ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციას და პოლიტიკურ თანამშრომლობას.


[რედაქტირება] წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები