ფორეჯი
(ახალი გვერდი: '''ფორეჯი''' – Acipenser nudiventris Lovetsky, 1828 '''ტიპი:''' ქორდიანები<br /> '''კლასი:''' სხივ...) |
00:11, 31 დეკემბერი 2025-ის ვერსია
ფორეჯი – Acipenser nudiventris Lovetsky, 1828
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანნი
რიგი: ზუთხისნაირნი
ოჯახი: ზუთხისებრნი
გვარი: ზუთხი
სახეობა: ფორეჯი
გამსვლელი თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. მისი სიგრძე 2 მეტრამდე აღწევს და ზოგჯერ მეტიცაა. გავრცელებულია შავ, კასპიის და არალის ზღვებში, საიდანაც შედის მდიხარეებში.
საქართველოს ფარგლებში ფორეჯი ცნობილია რიონში, საიდანაც ის ქ. სამტრედიამდე ადის; ხოლო ზოგიერთი ეგზემპლარი ქ. ქუთაისამდეც კი აღწევს. ფორეჯი გვხვდება ჭოროხში, მტკვარში, სადაც მდ. იორის შესართავამდე აღწევს, ზოგჯერ პალიასტომის ტბაშიც გვხვდება. ფორეჯი მტკვარში გაზაფხულსა და შემოდგომაზე შედის. მისი სვლა გაზაფხულზე მაქსიმუმს აღწევს მარტში, ხოლო შემოდგომაზე კი – ოქტობბერში.
ფორეჯი ადვილი გასარჩევია სხვა ზუთხისნაირი თევზებისაგან ქვედა ტუჩის მთლიანობითა და ზედა ტუჩის ოდნავ ამოკვეთით, მაგრამ მისი უწყვეტობით. ფოჩიანი ულვაშების ფუძეები რამდე- ნადმე ახლოს არის პირთან და მათი წვეროები პირის ხვრელის წინა კიდემდე აღწევს. დინგის ფარები მრავალრიცხოვანია და ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული.
შეფერილობით ხურგი შავი აქვს, მუცელი – ღია ფერის, მარტის (1936) ცნობის მიხედვით 1930 წლის 30 მაისს რიონში სამტრედიის რკინიგზის საჯავახოს ხიდთან დაჭერილ იქნა დედალი ფორეჯი 104 სმ სიგრძისა. მას დაყრილი ჰქონდა ქვირითის ნარჩენი და ტოფობის შედეგად გამოფიტული (გამხდარი) იყო. მარტის ცნობით ფორეჯი რიონში იშვიათად იჭრება ხოლმე. პალიასტომის ტბაში 1932 წ. დაჭერილი იყო ერთი, 25 სმ სიგრძის ახალგაზრდა ფორეჯი.
ეს თევზი გიამსვლელია. იგი სიცოცხლის უმეტეს ნაწილს ზღვების სანაპირო ზოლში (50 მ სიღრმეზე) ატარებს. ფორეჯი უმთავრესად ფსკერზე ცხოვრებას ეწევა და უფრო შლამიან გრუნტს არჩევს. ტოფობის მიგრაციის დროს მდინარეში რჩება 2-10 თვე. მტკვრის გუნდის ნაწილი მდინარეში პირველ ათ წელს ატარებს და აქვე ზღვაში შესვლამდე მწიფდება. მტკვარში მას სასროლი დიდი ბადეებითა და სხვადასხვა სახის მისატყუებელი ჩანგლებით იჭერენ.
ტოფობა
ფორეჯი მტკვრის აუზში მრავლდება მაის-ივნისში წყლის 15-25 ტემპერატურის პირობებში. უმთავრესად ქვირითს ყრის ფსკერზე. მტკვრის ფორეჯის ნაყოფიერება 280-დან 1003-მდე აღწევს. ქვირითის განვითარების ხანგრძლიობა 5-6 დღით განისაზღვრება 19-20° ტემპერატურის პირობებში.
ფორეჯი უმთავრესად თევზებით იკვებება (ღორჯოთი, ატერინათი, ახალგაზრდა კაპარჭინებით, წვერათი, კიბოებით, მოლუსკებითა და სხვ.).
ფორეჯის სარეწაო მნიშვნელობა
მისი სარეწაო მნიშვნელობა, რიცხობრივი სიმცირის გამო, საქართველოს ფარგლებში არც ისე დიდია. საერთოდ კი ეს თევზი კარგი სარეწი ღირებულებისაა.
ფორეჯს ამზადებენ შეგრილებული და გაყინული სახით. მას იყენებენ აგრეთვე შებოლილი ნაწარმის დასამზადებლად. მისი ქვირითი ძვირად ფასობს.