თვალი (ორგანო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''თვალი''' – (лат. oculus), მხედველობის ორგანო თვალის კაკლისა და დამა...)
 

მიმდინარე ცვლილება 17:19, 11 ივნისი 2026 მდგომარეობით

თვალი – (лат. oculus), მხედველობის ორგანო თვალის კაკლისა და დამატებითი ორგანოებისგან შედგება. ფუნქციურად იგი ორ ძირითად სტრუქტურას აერთიანებს. ერთი რეცეპტორული აპარატია, რომელიც გარეგან და შინაგან გამღიზიანებლებს აღიქვამს, მეორე კი თვალის ოპტიკური სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხდება სინათლის სხივების ფოკუსირება და საგანთა მკაფიო გამოსახულება მიიღება.

სარჩევი

[რედაქტირება] თვალის კაკალი

თვალის კაკალი 78-80 გრამს იწონის, რაც მთელი სხეულის მასის დაახლოებით 0,01%-ია, მაგრამ, მცირე წონისა და მოცულობის მიუხედავად, გარემოდან მიღებული ინფორმაციის 80-85%-ს სწორედ იგი აღიქვამს. კაკალი სფერული ფორმისაა, თვალბუდეშია მოთავსებული და, როგორც ყველა სფერულ სხეულს, წინა და უკანა პოლუსები აქვს.

კაკლის წინა ნაწილია რქოვანა. ის გამჭვირვალეა და ძალიან ჰგავს საათის მინას. ძლიერ მგრძნობიარეა, ამიტომ მასზხზე პაწაწინა უცხო სხეულის მოხვედრაც კი ტკივილს იწვევს. კაკლის კედლის შუაში თვალის ფერადი გარსი – ირისი მდებარეობს, მის ცენტრში კი გუგა – 2-4 მმ დიამეტრის ხვრელი, რომელმაც თვალში სინათლე უნდა გაატაროს. გუგას ბადურა გარსი მოსდევს.

[რედაქტირება] ბადურა

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბადურას უკანა, ოპტიკური ნაწილი, რომელიც მხედველობის აღმქმელ სპეციალურ ნერვულ უჯრედებს: კოლბებსა და ჩხირებს შეიცავს. კოლბები სინათლეზე რეაგირებენ და იწყებენ მუშაობას, ჩხირები კი სიბნელეში უკეთ მუშაობენ. ბადურას ერთი ნაწილი გაცილებით მდიდარია ნერვული უჯრედებით, ეს მხედველობის ყველაზე აქტიური უბანი — ყვითელი ხალია. ის კოლბებითაა სავსე, ამიტომ მასში საუკეთესო ხილვადობაა. გარემოდან თვალის კაკალში შესულმა სხივებმა წინააღმდეგობის გარეშე უნდა გაიაროს გამჭვირვალე გარემოში და ისე გარდატყდეს, რომ გამოსახულების ფოკუსირება ზუსტად ბადურაზე მოხდეს და არა მის წინ ან მის უკან, ამას კი ორგანიზებას ბროლი უწევს.

[რედაქტირება] ბროლი

თვალის ბროლი ბიოლოგიური ლინზაა, ორმხრივ ამოზნექილი დისკოს ფორმის მკვრივი გამჭვირვალე სხეული, რომელიც წყლის, ცილებისა და მინერალური ნივთიერებებისგან შედგება. ბროლი განუწყვეტლივ იკვებება თვალშიდა სითხით. ის ხახვის ბოლქვის მსგავსი ფენებისგან შედგება. განასხვავებენ ცენტრალურსა და გარეთა ფენებს, რომლებიც უშუალოდ გარდატეხს სხივებს სხვადასხვა კუთხით: ცენტრალური ფენები – უფრო ძლიერად, გარეთა – შედარებით სუსტად. ბროლი ადამიანს საგნების მკაფიოდ დანახვის საშუალებას აძლევს, რადგან სინათლის სხივების ფოკუსირება და სუფთა გამოსახულების წარმოქმნა მასზეა დამოკიდებული.

[რედაქტირება] თვალის ოპტიკური სისტემა

თვალის ოპტიკური განყოფილების ცენტრალური ნაწილი ბადურაა, სადაც უშუალოდ მიიღება გამოსახულება. მისი დანარჩენი ნაწილებია რქოვანა გარსი, ბროლი და მინისებური სხეული, სადაც სხივები ბადურაზე მოხვედრამდე გაივლის.

მხედველობის ორგანოს ოპტიკურ ნაწილზე უშუალოდ არის დამოკიდებული მკაფიო გამოსახულების მიღება.

ნორმალური მხედველობისთვის ბადურაზე სხივების მოხვედრა არ კმარა; ამისთვის აუცილებელია, მხედველობის ორგანოში ნორმალურად ხორციელდებოდეს ისეთი ფიზიოლოგიური პროცესები, როგორებიც არის აკომოდაცია, რეფრაქცია, გუგის რეფლექსი, თვალის მოძრაობა, თვალის ადაპტაცია, თვალს ჰქონდეს მხედველობის სიმახვილისა და მხედველობის ველის ნორმალური მაჩვენებლები.

[რედაქტირება] აკომოდაცია

აკომოდაცია თვალის უნარია, დაინახოს და გაარჩიოს სხვადასხვა მანძილით დაშორებული საგნები, რაც ბროლის სიმრუდის ცვლილების მეშვეობით ხორციელდება.

აკომოდაციის მექანიზმში გადამწყვეტია თვალის სააკომოდაციო კუნთების როლი. ისინი ბროლის ორივე ბოლოზეა მიმაგრებული და მოთხოვნისამებრ იკუმშება და დუნდება, რის გამოც იცვლება ბროლის ამოზნექილობის ხარისხი: ახლოს მყოფი საგნების თვალიერებისას იგი უფრო მეტად ამოიზნიქება, შორეულთა თვალიერებისას კი ბრტყელდება.

ახალგაზრდის ნორმალური თვალის ნათელი მხედველობის უშორესი წერტილი უსასრულო მანძილზე მდებარეობს. რაც შეეხება აკომოდაციის უნარს, ის 65 სმ-ით დაშორებული საგნის აღქმით იწყება.

თვალის აკომოდაციური ფუნქცია გუგის სიდიდეზეა დამოკიდებული: ახლომდებარე საგნების თვალიერებისას გუგა ვიწროვგდება, შორს მდებარეების თვალიერებისას კი ფართოგედება.

ასაკთან ერთად იკლებს ბროლის ელასტიკურობა, სუსტდება სააკომოდაციო კუნთების შეკუმშვისა და მოდუნების ძალა, მცირდება თვალის აკომოდაციური უნარი. სწორედ ამის ბრალია, ასაკთან ერთად თვალისჩინი რომ იკლებს და ვითარდება პრესბიოპია – მოხუცებულობის შორსმხედველობა.

[რედაქტირება] რეფრაქცია

რეფრაქცია თვალში სხივების გარდატეხაა. ნორმალური ანუ ემეტროპული რეფრაქციის შემთხვევაში სხივები თვალის ოპტიკურ ნაწილში ისე გარდატყდება, რომ გამოსახულება ზუსტად ბადურაზე მიიღება, რეფრაქციის დარღვევისას კი სხივების გარდატეხის შედეგად გამოსახულება ბადურა გარსის წინ ან უკან ფოკუსირდება. პირველ შემთხვევაში რეფრაქციის დარღვევას ახლომხედველობას, სიბეცეს ანუ მიოპიას უწოდებენ, მეორე შემთხვევაში − შორსმხედველობას ანუ ჰიპერმეტროპიას.

რეფრაქციის დარღვევის ერთ-ერთი სახეა ასტიგმატიზმი – სხივები არათანაბრად, სხვადასხვა მიმართულებით გარდატყდება და ამის გამო ბადურაზე დამახინჯებული გამოსახულება მიიღება.

[რედაქტირება] გუგის რეფლექსი

გუგა თვალის ფერადი გარსის ცენტრში მოთავსებული წრიული ხვრელია. მისი დიამეტრის ცვლილება არეგულირებს თვალში გამავალი სინათლის სხივების რაოდენობას. თუ გარემოში საჭიროზე მეტი სინათლეა, გუგის კუნთები იკუმშება და ხვრელს ავიწროებს, არასაკმარისი განათებისას კი დუნდება და გუგის დიამეტრს ზრდის, რათა მასში საგანთა დანახვისთვის საჭირო ოდენობის სხივმა გაიაროს.

თვალის გუგების შევიწროებას მიოზი ეწოდება, ხოლო გაფართოებას – მიდრიაზი. ორივე ეს მოვლენა რეფლექსურად მიმდინარეობს. ჯანმრთელ ადამიანს ორივე თვალის გუგა ერთნაირად აქვს გაფართოებული ან შევიწროებული. ცალი თვალის განათებისას ვიწროვდება მეორის გუგაც.

გუგა ვიწროვდება ძლიერი განათებისას, ახლომდებარე საგნების თვალიერებისას, ძილში, ფართოვდება ცუდი განათებისას, ძლიერი ემოციის, მოხრჩობის, ნარკოხზის დროს. გუგის დიამეტრს ცვლის ზოგიერთი ჰორმონიც. ატროპინი მას აფართოებს, რის გამოც ამ ჰორმონს აქტიურად იყენებენ თვალის დაავადებათა დიაგნოსტიკაში, ადრენალინი კი, პირიქით, საგრძნობლად ამცირებს გუგის ხვრელის დიამეტრს.


[რედაქტირება] წყარო

ყველაფერი თვალის დაავადებების შესახებ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები