ლახტაობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ლახტაობა''' – ქართული ხალხური თამაში. შემოხაზულია წრე (დიამ...)
 

მიმდინარე ცვლილება 22:21, 11 ივნისი 2026 მდგომარეობით

ლახტაობა – ქართული ხალხური თამაში.

შემოხაზულია წრე (დიამეტრი 5-6 მ), მონაწილეობს ორი თანაბარი შემადგენლობის გუნდი (თითოეული 5–6) . კენჭის ყრით ერთნი თავდამსხმელებია, მეორენი იცავენ ლახტებს (ქამრებს) და თავიანთ თავს.

დამცველი გუნდი წრეშია, თითოეული მათგანი ფეხებს შორის ლახტს დებს ბალთით წრის ხაზთან, ბოლო წრის ცენტრისაკენაა მიქცეული.

თამაშისათვის მზადყოფნას ორივე გუნდი აცნობებს ერთმანეთს წამოძახილით – „ჯერია“. თავდამსხმელები წრეს უვლიან და ცდილობენ წაართვან (თითო თითოზეა) ლახტი ისე, რომ თვითონ არ მოხვდეთ ფეხი, ე. ი. არ ჩაიჭრან. დარტყმებს აყენებენ ფეხის ტერფით, მუხლს ქვემოთ. თამაშის დროს დამცველი შეიძლება წრიდან გამოვიდეს, მაგრამ ისე, რომ ცალი ფეხი წრის შიგნით დარჩეს. თავდამსხმელებს უფლება აქვთ ნებისმიერი ხერხით, მათ შორის წრის გარბენით, გადაგორებით და სხვ., წრიდან აიღონ ლახტი. მაგრამ უმეტესად ეს ხელით ხდება და ისიც იმ დროს, როცა დამცველი ცდილობს იგი ხელებით წრეში შემოათრიოს. თუ რომელიმე დამცველს წრიდან ააცალეს ლახტი, მას იყენებენ იმისათვის, რომ მისი მოშველიებით დანარჩენი ლახტებიც გამოაცალონ. დამცველები ლახტს მხოლოდ ფეხების ქნევით იცავენ, მაგრამ ზედ არ შედგებიან, მოწინააღმდეგის ჩაჭრას კი ხელებით ცდილობენ, შეიძლება წრეში შეიტაცონ კიდეც. „დაბრუნებული“ ლახტით შეიძლება წრის გარეთაც მოიგერიოს მოიერიშენი.

როცა ყველა ლახტს გამოათრევენ, იწყება წრეში მყოფთა ე წ. „ახურება“ ანუ ლახტით ცემა (ლახტის დარტყმა მხოლოდ წელს ქვემოთ შეიძლება). ეს უკანასკნელნი (დამცველები) ასეთ შემთხვევაში ერთმანეთს ზურგით ამოუდგებიან. იცავენ რა თავს, ერთდროულად ცდილობენ როგორმე ჩაჭრან ისინი. როცა ვინმე დამცველთაგანი მოწინააღმდეგეს გამოსტაცებს ლახტს, მაშინ (მოლაპარაკებით) იგი შეიძლება გუნდში ყველაზე გულადსა და მარჯვეს გადასცენ, რომელიც მისი ქნევით ცდილობს თავდამსხმელები წრეს მოაშოროს. თავდამსხმელები, ტაქტიკური მოსაზრებით, წრეს გარშემო უვლიან, შეიძლება გადაჭრან კიდეც. თუ ლახტის განოტაცებისას ან „ახურების“ დროს წრის გარეთ მყოფი ჩაიჭრება, მისი გუნდი წაგებულია, როლები იცვლება და თამაში თავიდან იწყება. არსებობს ლახტაობის მცირედ განსხვავებული ვარიანტები. მაგალითად, წრის (დიამეტრი 2–3 მეტრია) შუაში ერთი დახვეული ლახტი დევს, რომელსაც კენჭის ყრით, მხოლოდ ერთი იცავს. ხშირად თამაში ლახტის ამ რთული ვარიანტით თავდება.

ლახტაობა საქართველოში იმ ძალზე გავრცელებულ თამაშთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც სიმამაცეს, სიმარჯვესა და სხვა საუკეთესო თვისებებს უვითარებს მოთამაშეებს, ასწავლის ტკივილის გაძლებასა და სხვა.

ლახტაობაში სიმბოლურადაა გამოხატული ქალაქ-სიმაგრის დაცვა. წრის შიგნით მყოფნი იცავენ დასახლებულ პუნქტში რამოდენიმე (წრეში მდგომთა რიცხვის მიხედვით) სიმბოლურ შესასვლელს – რადიალურად განლაგებულ ლახტებს. თავდამსხმელები წრიდან ლახტთან ერთად თვით დამცველების გამოთრევასაც ლამობენ. ასეთ შემთხვევაში „ტყვეები“ თამაშიდან გამოდიან.

ჯგუფური დაცვა და ის, რომ აქ „დატყვევებას” აქვს ადგილი, ლაპარაკობს იმაზე, რომ ერთ შემთხვევაში ინდივიდუალურ მოქმედებებთან გვაქვს საქმე, ხოლო მეორეში კოლექტიური მოქმედებებია ასახული. პირველ შემთხვევაში დასჯა ითვალისწინებს მხოლოდ როლების შეცვლას, მეორეში – ლახტის დარტყმით ისჯებიან დაცვის სისუსტისათვის.


[რედაქტირება] წყარო

ფიზიკური აღზრდის ქართული ხალხური პედაგოგიკა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები