გაღრმავებული პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გაღრმავებული პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“''' - ღ...)

14:23, 2 ნოემბერი 2017-ის ვერსია

გაღრმავებული პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ - ღონისძიებების ფართო წრე, რომელიც მიღებულ იქნა 1997 წელს, პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ სამი ძირითადი მიმართულებით მნიშვნელოვანი გაძლიერების მიზნით. კერძოდ: პოლიტიკური კონსულტაციები ამ პროგრამის ჩარჩოებში, მისი ოპერატიულობის ხარისხის ამაღლება და პარტნიორობის საკითხებში გადაწყვეტილების მიღების პროცესი და ოპერატიულ დაგეგმვაში სახელმწიფო-პარტნიორების მონაწილეობის გაფართოება.


„პარტნიორობა მშვიდობისთვის” პროგრამა (პმპ) წარმოადგენს ფართომასშტაბიან ინიციატივას, რომელიც ნატომ 1994 წლის იანვარში, ნატოს ბრიუსელის სამიტზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე წამოაყენა. ამ თანამშრომლობის მიზანია სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მთელს ევრო-ატლანტიკურ რეგიონში. ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღების საშუალება მიეცა ყველა იმ ქვეყანას, რომელიც მონაწილეობას იღებდა ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს (North Atlantic Cooperation Council) მუშაობაში, აგრეთვე ყველა იმ სახელმწიფოს, რომლებიც იყვნენ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (მომავალში ეუთო) წევრები და გამოხატავდნენ სურვილს და ჰქონდათ შესაძლებლობა თავიანთი წვლილი შეეტანათ ამ პროგრამის განხორციელებაში. პროგრამაში ჩართვის მოწვევა 30-მა ქვეყანამ მიიღო. მოქმედების სფეროები, რომლებშიც მონაწილეობას თითოეული პარტნიორი ქვეყანა მიიღებდა, დამოკიდებული იყო ნატოსა და კონკრეტულ პარტნიორ სახელმწიფოს შორის ერთობლივად შემუშავებულ ინდივიდუალურ პარტნიორულ პროგრამებზე.

პროგრამაში მთავარი ყურადღება ეთმობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას, თუმცა იმავდროულად იგი სცილდება ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ორმხრივ დონეზე არსებული პარტნიორობის საერთო საზღვრებს, რადგანაც ეს პროგრამა იქცა მთელს ევრო-ატლანტიკურ რეგიონში პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობის განუყოფელ ნაწილად. პმპ ხელს უწყობს სტაბილურობის დამკვიდრებას, უსაფრთხოების საკითხებში მყარი თანამშრომლობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებული იქნება დემოკრატიულ პრინციპებზე და პრაქტიკული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე. საბაზისო და თანმხლები დოკუმენტების თანახმად, რომლებიც პროგრამის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენენ, ნატო თავის თავზე იღებს ვალდებულებას, აწარმოოს კონსულტაცია იმ პარტნიორ ქვეყნებთან, რომელთა უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობასაც პირდაპირი საფრთხე ემუქრება.


სარჩევი

პროცედურები და სტრუქტურები

ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც სურს ამ პროგრამაში გაწევრიანება, თავდაპირველად ჩრდილოატლანტიკური ალიანსისაგან იღებს მოწვევას, სადაც ნატო პოტენციურ პარტნიორს სთავაზობს ხელი მოეწეროს საბაზისო დოკუმენტს. პარტნიორობის მიზნების გარდა იქ მითითებულია ის ძირითადი პრინციპები, რომლებსაც თავისი საქმიანობის პროცესში პმპ პროგრამა ემყარება. როდესაც ქვეყნები ხელს აწერენ ამ დოკუმენტს, ისინი იმავდროულად იღებენ პასუხისმგებლობას დაიცვან ძირითადი დემოკრატიული პრინციპები და იხელმძღვანელონ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებით. პარტნიორი ქვეყნები ასევე იღებენ ვალდებულებას პატივი სცენ ეუთოს ჰელსინკის დასკვნით აქტში ჩამოყალიბებულ პრინციპებს, ნატოს წევრი ქვეყნებისა და სხვა პარტნიორი სახელმწიფოების დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ისინი გამოხატავენ თავიანთ მზადყოფნას თავიანთი წვლილი შეიტანონ ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.

საბაზისო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნაბიჯს წარმოადგენს პარტნიორი ქვეყნის მიერ ნატოსათვის საპრეზენტაციო დოკუმენტის წარდგენა. ამ დოკუმენტში აღნიშნულია ის პუნქტები, რომლებიც კონკრეტული ქვეყნის მიერ განხორციელებული იქნება პარტნიორობის მიზნების მიღწევის გზაზე, ასევე წარმოდგენილია ის სამხედრო რესურსი, რომლის გამოყენებასაც პმპ პროგრამის ფარგლებში გეგმავს ესა თუ ის ქვეყანა ნატოსთან პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცებისათვის. ასევე დოკუმენტში ჩადებულია ის კონკრეტული თანამშრომლობის მიმართულებები, რომელთა განხორციელებაც ნატოსთან ერთად პარტნიორის ძირითად მიზნებს წარმოადგენს.

პროგრამის ფარგლებში ნატოს მხრიდან კონკრეტული პარტნიორი ქვეყნისადმი ინდივიდუალური მიდგომის პრინციპი წარმოადგენს მნიშვნელოვან ასპექტს, რომლის შესაბამისადაც ალიანსის მხრიდან ხდება აღიარება იმისა, რომ სხვადასხვა პარტნიორი ქვეყნის მოთხოვნილებები სამხედრო თანამშრომლობის გზაზე ერთმანეთისაგან განსხვავდება, და შესაბამისად თითოეული ქვეყანა თვითონ განსაზღვრავს თანამშრომლობის ფორმას და მეთოდებს. სამუშაო პროგრამაში დაწვრილებითაა აღწერილი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება და ყველა სახელმწიფოსათვის სპეციალურ ღონისძიებათა ნუსხა ყალიბდება.

თანამშრომლობის სფეროები

პმპ-ის ფარგლებში თანამშრომლობის განვითარება გულისხმობს არამარტო სამხედრო საკითხებზე ურთიერთობას, არამედ იგი მოიცავს უფრო ფართომასშტაბიან თავდაცვის საკითხებს.

მთავარი სტრუქტურა, რომელიც დაკავებულია „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის საკითხებით, გახლავთ სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელი კომიტეტი. მისი სხდომები ტარდება სხვადასხვა ფორმატით, ან მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნების მონაწილეობით ან წევრებისა და პარტნიორების ერთობლივი მონაწილეობით.

პარტნიორობის სამხედრო საკითხების შემუშავება ხორციელდება ნატოს სამხედრო ანსამბლეის მიერ იმ რეკომენდაციების საფუძველზე, რომლებიც მას განსახილველად წარუდგინეს პარტნიორმა ქვეყნებმა. მთავარ სათათბირო ორგანოს სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით პმპ-ში წარმოადგენს პარტნიორობის სამხედრო კომიტეტის საქმიანი ჯგუფი, რომელიც გვევლინება ნატოს სამხედრო კომიტეტის საკონსულტაციო სტრუქტურის როლში. ჯგუფის სხდომები ტარდება როგორც მხოლოდ ნატოს წევრების მონაწილეობით, ასევე ალიანსის პარტნიორების მონაწილეობითაც. უფრო ხშირ შემთხვევაში ნატოს სამხედრო კომიტეტი სხდომებს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად ატარებს მათთან სხვადასხვა სამხედრო საკითხების განსახილველად.


პარტნიორთა საკორდინაციო ჯგუფი

პარტნიორთა საკორდინაციო ჯგუფი წარმოადგენს „პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის უნიკალურ სტრუქტურას. იგი განთავსებულია ქ. მონსში (ბელგია) სადაც იმყოფება ასევე ნატოს შეიარაღებული ძალების ევროპაში უმაღლესი მთავარსარდლის ოფისი. ეს ჯგუფი მუშაობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ეგიდით და თავის მოვალეობებს ასრულებს ნატოს ორივე სტრატეგიული ხელმძღვანელობის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ.

ამ ჯგუფის მიზანია, პმპ-ის ფარგლებში საერთო სამხედრო საკითხებზე მუშაობის კოორდინირება. ასევე მას ევალება სამხედრო დაგეგმარების საკითხებზე მუშაობა პმპ პროგრამის შესაბამისი მიმართულებით ძირითადი პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით. კერძოდ, ჯგუფის ფარგლებში განიხილება სამხედრო წვრთნების საკითხებზე ერთობლივი თანამშრომლობა, რომელიც გულისხმობს ღონისძიებების ორგანიზაბას ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამშვიდობო, ჰუმანიტარული სამძებრო და სამაშველო ოპერაციები. პარტნიორი ქვეყნების მიერ ნატოს შტაბ-ბინაში დაფუძნებულ იქნა სრულუფლებიანი დიპლომატიური მისიები, რომლებიც ოფიციალურად არიან ნატოს მიერ აკრედიტირებულები. ასევე აღსანიშნავია მათი მთავარი სამხედრო წარმომადგენლობის დაფუძნება ნატოს სამხედრო კომიტეტში. პარტნიორი ქვეყნის სამხედრო წარმომადგენელი ძირითადად სწორედ „პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამასთან დაკავშირებული საქმიანობითაა დაკავებული.

„პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის გაღრმავების პროცესი

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც პმპ-ის ფარგლებში თანამშრომლობის გააქტიურებას ითვალისწინებდა, გადადგმულ იქნა 1997 წელს და მის მიზანს ნატოს სხვადასხვა სტრატეგიულ და რეგიონალურ სამმართველო შტაბებში ე.წ. საშტაბო ელემენტების ჩამოყალიბება წარმოადგენდა. დღესდღეობით მიმდინარეობს ამ პროცესის მეორე ეტაპის განხილვა, რომელიც ითვალისწინებს საშტაბო ელემენტების შექმნას სუბრეგიონალურ დონეზე. ეს ელემენტები შედგება კონკრეტული ჯგუფებისაგან, რომლებშიც შედიან ნატოსა და მისი პარტნიორი ქვეყნების ოფიცრები, რომლებსაც გააჩნიათ საერთაშორისო სტატუსი და რომლებიც თანამშრომლობენ საწვრთნელი ოპერაციებისა და სხვა საერთო ვალდებულებების მქონე ღონისძიებების განხორციელების პროცესში.

„პარტნიორობა მშვიდობისათვის “ პროგრამის ფარგლებში დაგეგმარებისა და ანალიზის პროცესი

პმპ-ის საბაზისო დოკუმენტის თანახმად ნატო ვალდებულებას იღებს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად აწარმოოს დაგეგმარებისა და ანალიზის პროცესი, რომელიც მიმართულია განისაზღვროს სხვადასხვა სამხედრო შემადგენლობის ძალები და საშუალებები, რომლებიც შესაძლოა შემდგომში პარტნიორი ქვეყნების მიერ ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა წვრთნებზე, სასწავლო კურსებზე, ასევე სხვა ტიპის ოპერაციების ჩატარების პროცესში, რომლებიც მრავალეროვნულ დონეზე ნატოს ქვეყნებთან ერთად იქნება განხორციელებული. პროგრამის საწყის ეტაპზე ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მხოლოდ სამშვიდობო, სამძებრო-სამაშველო და ჰუმანიტარული ოპერაციებით შემოიფარგლნენ. თუმცა 1997 წლიდან პროგრამა უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა, სხვადასხვა ერთობლივი ოპერაციების ჩამონათვალი და მათი დაგეგმარების და შეფასების სპექტრი საგრძნობლად გაფართოვდა და მოიცვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ეგიდით ჩატარებული მისიებიც, სამშვიდობო ოპერაციების ჩატარების ჩათვლით. დაგეგმარებისა და ანალიზის პროცესში მონაწილეობა, პარტნიორი ქვეყნებისათვის ნებაყოფლობით ხასიათს ატარებს და შესაბამისად მასში მონაწილეობა მხოლოდ ცალკეული პარტნიორის სურვილზეა დამოკიდებული.

თითოეული პარტნიორის მოთხოვნილების საფუძველზე მუშავდება დოკუმენტი „დაგეგმარებისა და ანალიზის შეფასება”. საუბარია აგრეთვე იმ „პარტნიორული მიზნების” ნაკრებზე, რომელიც აყალიბებს იმ ღონისძიებათა ნუსხას, რომლის განხორციელებაც ევალება თითოეულ პარტნიორ ქვეყანას, მისი შეიარაღებულ ძალების ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობის განვითარების მიზნით.

1997 წლის გაზაფხულზე, თანამშრომლობის შედეგების განხილვის პროცესში საფუძველი ჩაეყარა ამ თანამშრომლობის გაღრმავებას. 1997 წლის ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების თათბირზე შემუშავებულ იქნა კონკრეტული რეკომენდაციები სამხედრო დაგეგმარების პროცესის გააქტიურების კუთხით.

ვაშინგტონის 1999 წლის სამიტის მიმდინარეობისას უმაღლესი დონის ყველა შეხვედრაზე, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა. სახელმწიფოების მეთაურებმა მხარი დაუჭირეს პარტნიორობის გაღრმავების გეგმებს და მის ოპერატიულობას, რაც მათი აზრით შექმნიდა დამატებით ბერკეტებს, რომლებიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ხელს შეუწყობდნენ მისი როლის გაძლიერებაში ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების და მშვიდობის დამყარების კუთხით. სამიტის გადაწყვეტილებამ დასაბამი მისცა რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებას „პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის ფარგლებში, რომელთა გატარების ინიციატივა ჯერ კიდევ 1997 წელს მადრიდის სამიტზე იქნა წამოყენებული. ღონისძიებათა ნუსხა მიმართული იყო პმპ-ის ოპერატიულობისა და პარტნიორი ქვეყნების როლის ამაღლებისთვის სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გარდა ამისა, განახლებულმა სტრატეგიულმა კონცეფციამ, რომელიც როგორც ვიცით ვაშინგტონში იქნა მიღებული, განსაზღვრა კრიზისების მართვის მიმართულებები და ამ კუთხით ნატოსა და პარტნიორებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობა. „პარტნიორობა მშვიდობისათვის” ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების პრიორიტეტის განხილვას ერთ-ერთი ძირითადი ადგილი დაეთმო ნატოს შემდეგი სამიტების გამართვის პერიოდშიც, კერძოდ პრაღაში 2002 წელს, სტამბულში 2004 წელს და ალიანსის რიგის 2006 წელს გამართულ სამიტზე.

პარტნიორობის მთავარი შემადგენელი ნაწილები

პმპ-ის ფარგლებში მიღებულ კიდევ ერთ დოკუმენტში, რომელიც სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში ნატოს ხელმძღვანელობით თანამშრომლობას ითვალისწინებს, გათვალისწინებულია პოლიტიკურ კონსულტაციებში პარტნიორების მონაწილეობა და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება, ასევე სპეცოპერაციების დაგეგმვა და ნატოს ხელმძღვანელობით ჩატარებული ოპერაციების სფეროში შეთანხმებათა განხილვა. მასში განიხილება ოთხი ფაზა:

(1) კრიზისების არარსებობის პერიოდში კონსულტაციების ჩატარება;
(2) კონსულტაციების გამართვა სამხედრო დაგეგმვის პროცესის ჩატარებამდე;
(3) სამხედრო დაგეგმვის პერიოდიდან დაწყებული და ოპერაციის ჩატარებით დამთავრების განმავლობაში კონსულტაციების გამართვა;
(4) ოპერაციის ჩატარების ფაზა.
ოპერატიული პოტენციალის გაძლიერება

ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში და შემდგომში კოსოვოსა და ავღანეთში განვითარებულმა მოვლენებმა და ამ პროცესებთან დაკავშირებულმა გამოცდილებამ ნათლად წარმოაჩინა პმპ-ის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. ნატოსა და მისი პარტნიორი ქვეყნების სამხედრო პოტენციალის გაზრდისა და მომავალ ოპერაციებში თანამშრომლობის მიზნით პმპ-ის ჩარჩოებში ჩამოყალიბებულ იქნა ახალი კონცეფცია: „ოპერატიული პოტენციალი”. მასში მთავარი ყურადღება ეთმობა იმ სამხედრო საშუალებებსა და ძალებს, რომლებიც პოტენციურად შეიძლება იქნეს გამოყენებული ასეთი ოპერაციების ჩასატარებლად.

ოპერატიული პოტენციალი წარმოადგენს სრულიად ახალ და უფრო ინტეგრირებულ მიდგომას სამხედრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით და აერთიანებს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის სხვადასხვა ელემენტებს. კონცეფციის პრინციპებზე შემუშავების უფრო მჭიდრო და მიზანმიმართული სამხედრო თანამშრომლობის ფორმები, რაც თავის მხრივ უფრო ზრდის პარტნიორი ქვეყნების მზადყოფნას შეთანხმებულად იმოქმედონ ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან. Gგარკვეული პერიოდის განმავლობაში კონცეფციის ძირითად პრინციპებზე მუშაობა დადებითად იმოქმედებს პარტნიორ ქვეყნებში შესაბამისი სამხედრო პოტენციალისა და საშუალებების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებელია ნატოს ხელმძღვანელობით კრიზისების მოგვარებისათვის, ეს კი გაზრდის ოპერაციების ჩატარებისას ერთობლივი მოქმედების დონეს. ასევე, ამ კუთხით თანამშრომლობა პოზიტიურ გავლენას მოახდენს სამხედრო ხარჯების რაციონალურად გამოყენებაზე და დამატებით პოზიტიურ შედეგს მოუტანს ამ პროგრამაში მონაწილეებს.

განათლებისა და წვრთნების სფეროს კოორდინაცია

პარტნიორობის ოპერატიული ასპექტის გაძლიერება გულისხმობს სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესის სრულყოფასაც. ეს გახლავთ პმპ-ის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებისა და საწვრთნელი პროგრამის ნაწილი, რომელიც მიმართულია პარტნიორობის მიმდინარე და სამომავლო პრიორიტეტების დაკმაყოფილებისაკენ. ეს პროგრამა ემსახურება ძალისა და საშუალებების ოპერატიული შეთავსებადობის სრულყოფას.

პარტნიორობის პოტენციალი კრიზისების დარეგულირების სფეროში

ვაშინგტონში 1999 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებებმა საფუძველი ჩაუყარეს პარტნიორობის კიდევ ერთი ახალი ეტაპის დაწყებას, რომელიც დაკავშირებულია კრიზისების დარეგულირების საკითხებთან. პმპ-ის ფარგლებში კოოპერაციამ უკვე დაამტკიცა თავისი აუცილებლობა პოლიტიკურ კონსულტაციების სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება შეეხოს კოსოვოში, ბოსნია და ჰერცოგოვინაში ან ავღანეთში ჩატარებული ოპერაციების როგორც პოლიტიკურ ასპექტებს, ასევე სხვადასხვა სამხედრო ხასიათის საკითხებს დაკავშირებულს მაგალითად განაღმვით ოპერაციებთან და ა.შ.

პროგრამის ფარგლებში პრაქტიკულმა თანამშრომლობამ ხელი შეუწყო ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო დანაყოფების მომზადებას საერთო ოპერაციების ჩატარების მიზნით.

იმ პროგრამებმა, რომლებიც სპეციალურად შექმნილ იქნა ცალკეული პარტნიორი ქვეყნებისათვის, ამ უკანასკნელთა მოთხოვნების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს განსაკუთრებით კოსოვოს საკითხთან დაკავშირებული კრიზისის დაძლევის საკითხში.

კრიზისების მართვასთან დაკავშირებული პროგრამები აგრძელებენ თავიანთ განვითარებას და ამ პროგრამების ფარგლებში მიღებულ იქნება ყველა ის გამოწვევა, რომლებიც დაკავშირებული იქნება ევროატლანტიკურ რეგიონში უსაფრთხოების გარემოს დინამიურ ცვლილებებთან.

სამშვიდობო სფეროში თანამშრომლობა

სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელი კომიტეტის სპეციალური ჯგუფი, რომელიც სამშვიდობო სფეროში არსებულ საკითხებზე თანამშრომლობს, წარმოადგენს სამშვიდობო ოპერაციების დარგში კონსულტაციების ორგანიზების მთავარ სტრუქტურას. თავისი საქმიანობის ფარგლებში კომიტეტი პერიოდულად ანგარიშით წარდგება საგარეო და თავდაცვის მინისტრების სხდომებზე, ხოლო კომიტეტის ყველა სხდომა პარტნიორების მონაწილეობით ტარდება.


1997 წელს პმპ-ის ფარგლებში მოქმედი კომიტეტის მიერ გამოცემული იქნა „სამშვიდობო საკითხებთან დაკავშირებით არსებული გამოცდილებისა და ხედვების დოკუმენტი”, სადაც ასახულია იმ ურთიერთგაგების მაღალი დონე, რომელიც ჩამოყალიბდა პარტნიორ ქვეყნებსა და სხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარებების სფეროში მოღვაწეობენ.


ჯგუფი ასევე ახორციელებს პოზიციათა შეჯერებას „პრინციპები, მეთოდები და გამოცდილებები შესაძლო კონფლიქტების ადრინდელ გამოვლენასა და მოგვარების შესახებ” დოკუმენტის ფარგლებში. ასევე დაკავებულია სხვა ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციებთან კონტაქტების გაღრმავებით.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები