დესანტსაწინააღმდეგო ოპერაცია
(ახალი გვერდი: '''დესანტსაწინააღმდეგო ოპერაცია''' - მიზნის, ამოცანების, ადგილ...) |
15:51, 5 დეკემბერი 2017-ის ვერსია
დესანტსაწინააღმდეგო ოპერაცია - მიზნის, ამოცანების, ადგილისა და დროის მიხედვით შეთანხმებული საერთო-საჯარისო გაერთიანებებისა და ფლოტის ძალების საბრძოლო მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც ერთიანი ჩანაფიქრით და გეგმით, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის გაერთიანებებთან ურთიერთქმედებით ხორციელდება.
დესანტსაწინააღმდეგო ოპერაცია ტარდება იმ მიზნით, რომ აღკვეთოს მოწინააღმდეგის ზღვიდან შემოჭრა, ჩაშალოს (მოიგერიოს) მისი საზღვაო და საჰაერო დესანტების გადმოსხმა და შეინარჩუნოს დასაცავი ზღვის სანაპირო.
ითვალისწინებს შემდეგ ეტაპებს:
- მოწინააღმდეგის დესანტისთვის თავმოყრის, სადესანტო რაზმების ჩასხდომის (ჩატვირთვის) და ფორმირების რაიონებში ზიანის მიყენებას;
- ზიანის მიყენებას დესანტის ძალებისა და საშუალებებისთვის მათი ზღვით გადასვლისას (გადაფრენისას);
- საზღვაო და საჰაერო დესანტების გადმოსხმის მოგერიებას;
- გადმოსხმული დესანტის ნაპირზე განადგურებას;
- ევაკუაციის ჩაშლას და უკუქცეული მოწინააღმდეგის დესანტის განადგურებას ზღვაში;
- მთელი ოპერაციის მანძილზე – მოწინააღმდეგის საჰაერო დარტყმების მოგერიებას.
დესანტსაწინააღმდეგო ოპერაციის ორგანიზებისა და განხორციელებისთვის პასუხისმგებლობა, ჯარებისა და ძალების დაქვემდებარების წესი განისაზღვრება ვითარებიდან გამომდინარე ზემდგომი სარდლობის მიერ. დესანტსაწინააღმდეგო ოპერაციას, ჩვეულებრივ, ორგანიზებას უწევს საერთო-საჯარისო გაერთიანების სარდლობა. ცალკეულ შემთხვევებში (კუნძულების რაიონის, ფლოტის დიდმნიშვნელოვანი ობიექტების თავდაცვა) სარდლობა შეიძლება დაეკისროს ფლოტის გაერთიანების სარდალს. მთავარია, მიღწეულ იქნეს სარდლობისა და ხელქვეითების ერთიანობა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017