ცაგარელი სულხან
სულხან ცაგარელი – (დ. 1937 წლის 10 თებერვალი, ქ. თბილისი - გ. 2021 წლის 20 აგვისტო, ქ. თბილისი), ქართველი ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
სულხან ცაგარელმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს.
1961 წელს მუშაობას იწყებს თსუ ფიზიკის ფაკულტეტის კიბერნეტიკის პრობლემურ ლაბორატორიაში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1969 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „დორსალური ჰიპოკამპის როლი თეთრი ვირთაგვების ემოციურ რეაქციებსა და პირობითრეფლექსურ მოქმედებაში“. 1975-1982 წლებში იგი იყო ამავე ფაკულტეტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 1982-2006 წლებში ს. ცაგარელი ხელმძღვანელობდა ნეიროკიბერნეტიკის განყოფილებას. 1994 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ჰიპოკამპის ფუნქციური როლი მეხსიერებისა და ქცევის სხვადასხვა ფორმებში“. 1997 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება. 1992-2006 წლებში იყო ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, ხოლო 1995-2003 წლებში - ამავე ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი. წლების მანძილზე იყო დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 2006 წელს ს. ცაგარელი აირჩიეს ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის პროფესორად, სადაც მუშაობდა 2018 წლამდე. ს. ცაგარელმა მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო პედაგოგიურ საქმიანობას - კითხულობდა ბიოსოციოლოგიის, ნეირობიოლოგიის, ქცევის ნეირობიოლოგიურ საფუძვლებს, ნეირონულ ქსელებსა და ინტეგრაციული ფიზიოლოგიის სალექციო კურსებს ბიოლოგიისა და ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისთვის. მისი მეცნიერული ინტერესები მოიცავდა თანამედროვე ფიზიოლოგიის პრობლემათა ფართო სპექტრს, კერძოდ, კოგნიტური პროცესების ნეიროფიზიოლოგიის, სქესობრივი დიმორიფიზმის კოგნიტური პროცესების კვლევას, ლიმბური სისტემის როლის დადგენას მეხსიერებასა და დასწავლაში, კლასტერ-ანალიზის გამოყენებას ქცევითი პროცესების განსაზღვრაში.
ს. ცაგარელი იყო მრავალი საერთაშორისო და რესპუბლიკური კონფერენციის მონაწილე. მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია 3 სადისერტაციო ნაშრომი, არის 7 სახელმძღვანელოსა და 130-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. ბიოლოგი, ფიზიოლოგი, პედაგოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ორგანიზაციის ან ასოციაციის წევრი
- საქართველოს ფიზიოლოგიური საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი (1995 წლიდან)
- საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1996 წლიდან)
- ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის- IBRO - წევრი (1996 -წლიდან)
ჯილდოები
2003 წ. - ღირსების ორდენი
ნაყოფიერი პედაგოგიური და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის
ბიბლიოგრაფია
- ბიოლოგია: სახელმძღვ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გამოცდების ეროვნული ცენტრი. მე-3 გამოც., (თანაავტორი). - თბილისი, 2021, 310 გვ. ISBN 978-9941-9738-4-0
- ძილი, სიზმარი და კოგნიტური ევოლუცია:. სახელმძღვ. (ავტორი).- თბილისი, თსუ, 2017,
- 202 გვ. ISBN: 978-9941-1359-03.
- ცნობიერება: სახელმძღვ. (ავტორი). -თბილისი. თსუ, -2008, 179 გვ. ISBN: 978-9941-13-006-9.
- ბიოსოციოლოგია: - სახელმძღვ. (ავტორი). -თბილისი. თსუ, 2004, 871 გვ. ISBN 99940-20-89-7
- ბიოლოგიის შესავალი: სახელმძღვ. სტუდენტებისათვის, (თანაავტორი). - თბილისი, 1999. - 144 გვ.
- ზოგადი ბიოლოგია: სახელმძღვ. უმაღლესი სასწავლებლების ბიოლოგიისა და მედიცინის სპეციალობის სტუდენტებისათვის, (თანაავტორი).- თბილისი, 1998, 393 გვ.
- ბიოლოგია : კითხვა-პასუხები, ამოცანები, ტესტები : სახელმძღვ. საშ. სკოლის მოსწ. (თანაავტორი). - თბილისი, 1997. - 316 გვ.
წყარო
ბიოგრაფია შეადგინა აივენრო შათირიშვილმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა