გორგაძე ვასო
გორგაძე ვასო – (1895 –1973), ქართველი მთარგმნელი და პოეტი. დაიბადა სოფელ ზედა ილემში (ზესტაფონი). 1915 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და სწავლა განაგრძო კიევის უნივერსიტეტში, საიდანაც გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. 1916 წელს დაამთავრა პეტერგოფის სამხედრო სასწავლებელი, თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და შევიდა ახლად გახსნილ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. 1922 წელს ვასო გორგაძემ სანდრო ცირეკიძესთან, ნიკო ლორთქიფანიძესთან , ჯაჯუ ჯორჯიკიასთან და სხვებთან ერთად ჩამოაყალიბა საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილება; დააარსა ჟურნალი „უქიმერიონი”. 1924 წლიდან იგი მუშაობდა თბილისში, ჟურნალ „მნათობის” რედაქციაში. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1914 წელს ჟურნალ „ჯეჯილში“. ავტორია რამდენიმე ლირიკული კრებულისა: „ექსპრესი“, „მიწა და ფოლადი“, „ორბის სიჭაბუკე“... თარგმნა ნიკოლოზ ნეკრასოვის ლექსები და პოემები, ალექსანდრე ბლოკის „თორმეტნი“, ოსური ხალხური ეპოსი „ნართები“ და სხვა.
- ძველი სოფელი (ლანდშაფტი)
- უბრალო, სუფთა ლანდშაფტი სოფლის,
- (ეგზოტიკური უცხო მორგანა),
- ღარიბ ჩარჩოში სახე ღვთისმშობლის,
- დაუვიწყარი, ვით „დონნა ანნა“.
- ცა – ჭორფლიანი მთვარით ნაბური,
- ტევრი – დატეხილ ლალის ტვირთებით,
- საღამოს სერზე გაშლილი ბური
- და ვაზის რტოზე – მწვანე კვირტები.
- ნისლების საბანს მთები იცილებს,
- ჭალებში ძროხებს ჰშიათ ალერდი,
- ეზოში ქორი აფრთხობს წიწილებს,
- ბარტყებს ახარებს დედის ალერსი.
- მარგლიან სიმინდს მამაკაცები,
- ქანაობს ზანტად მაღალი ყანა.
- მზე გადიხრება! და აღტაცებით
- ისმის ჩიტების წმინდა ოსანნა.