ნადირაძე დიმიტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნადირაძე დიმიტრი – (1861 – 1903), ფსევდონიმები — დ. მაჩხანელი, თერგდალეული, მთადიდელი, ლახვარიძე. ნამდვილი სახელი და გვარი დიმიტრი მიხეილის ძე ნადირაძე. მწერალი, პუბლიცისტი. იყო მოსკოვის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. ლექსების პირველი კრებული „ახალი სიზმარი“ 1880 გამოსცა, მეორე – „სიყვარულის კონა“ – 1881. მაჩხანელის მოთხრობები, პიესები, პუბლიცისტური წერილები იბეჭდებოდა ქართულ პრესაში („ივერია“, „მოამბე“, „აკაკის კრებული“, „ჯეჯილი“ და სხვ.). 1887 ცალკე წიგნად გამოქვეყნდა მაჩხანელის „ძმური სიტყვა“, რომელიც პუბლიცისტური ფელეტონების სახით იბეჭდებოდა „ივერიაში“. მაჩხანელი განიცდიდა ხალხოსნების გავლენას. მაჩხანელის ზოგიერთი ლექსი („ჩემ საყვარელ სამშობლოს“, „ვედრება“, „ტურფავ მოდი, ნუ ხარ მტრულად“) სიმღერად იქცა (მუსიკა ნიკოლოზ სულხანიშვილისა). ნათარგმნი აქვს ა.ს.პუშკინის „ფერია” (დაიბეჭდა 1904 წელს ქუთაისში).


მესტვირე
საქართველო მოვიარე, ვადიდე და ვაძლიერე;
ზღვის ოდენა შაირები სტვირით გავაქვეყნიერე,
დედა-ენაც გავამდიდრე, კილო გავუმშვენიერე,
გავატკბილე, გავათაფლე, გავამადლნაყოფიერე:
ტანჯულს გული მოვუშაქრე, მკვდარი მოვასულიერე,
ჭკვიანს გონი მივუმატე, უფრო გავამეცნიერე.
უნუგეშო ვანუგეშე, უჭკვო მოვაგონიერე,
ვაჟი კაცსა ვაჟკაცობის წადილი გავუძლიერე;
ღარიბი გავალომგმირე, უგრძნო გავაგრძნობიერე;
მრუდს ღალატი შევაზიზღე, გულქვა გავალმობიერე!
ვირს წიხლი მოვაშლევინე, ბრიყვი გავაგულხმიერე,
ეშმაკს გული დავუდაღე, უღვთო მოვაღვთისნიერე.
მტრობა დავწვი, დავანელე, ძმობა გავაგულძლიერე,
მშვიდობას თაყვანი ვეცი, კეთილი ვაბედნიერე,
სიყვარული გავამეფე, მადლი გავასახიერე,
მოძმე მოძმეს შევაყვარე, გავაკეთილგონიერე,
ერთობა და სიყვარული გავუმრავალჟამიერე...
ეგრე სტვირო, ჩემო სტვირო, − უკარ და იღვთისნიერე:
ავი მავნე შეარცხვინე, კარგი მოიმადლიერე,
მძინარეს ძილი დაუფრთხე, უქმი გაასაქმერე!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები