ბლეიკი რობერტ
ბლეიკი რობერტ (1886, სან-ფრანცისკო - 1950, კემბრიჯი, მასაჩუსეტსი) - ამერიკელი აღმოსავლეთმცოდნე, ქართველოლოგი, პროფესორი.
1911 სწავლა დაიწყო პეტერბურგის უნივერსიტეტში პროფესორ ნიკო მარის ხელმძღვანელობით. 1918 მოწვეულ იქნა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორად. 1918-1921 წლებში უნივერსიტეტში ასწავლიდა ბერძნულ ენასა და ბიზანტიის ისტორიას. 1921 წლის თებერვალში რუსეთის საქართველოზე თავდასხმისას იგი მონაწილეობას იღებდა ტაბახმელასთან ბრძოლაში. 1921 დაბრუნდა ჰარვარდში.
1928-1937 წლებში იყო ჰარვარდის ბიბლიოთეკის დირექტორი. ბლეიკმა შეისწავლა პალესტინაში და ათონზე დაცული მრავალი ქართული ხელნაწერი. ამერიკაში გამოსცა ქართული ჰაგიოგრაფიული ტექსტები თარგმანით. ავტორია მნიშვნელოვანი გამოკვლევებისა ბიბლიოლოგიისა და პატროლოგიის დარგში.
- მანანა ლილუაშვილი
ლიტერატურა
- მ. შანიძე, რობერტ ბლეიკი, ქსე, ტ. II,თბ., 1977;
- ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926“, თბ., 2006.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი