შრეში
Eremurus spectabilis Bieb. – შრეში ფესურიან-ფუნჯაფესვიანი პოლიკარპული მცენარეა, ფესვთანური, გრძელი ვიწრო ფოთლებითა და 1 მ-მდე სიმაღლის უფოთლო საყვავილე ღეროთი, რომელიც მთავრდება ხშირი საყვავილე მტევნით, მრავალრიცხოვანი, მოთეთრო-მოყვითალი ყვავილებით. ნაყოფი ბურთივით მრგვალი კოლოფია, დანაოჭებული და თავწვეტიანი; თესლი სამწახნაგოვანია, ოდნავ ფრთიანი, სიგანეზე ნაოჭიანი. ყვ. III-IV, ნყ.VI-VII.
ხასიათდება დეკორატიულობით, სამკურნალო და საკვები თვისებებით. მნიშვნელოვანია ფლორის ისტორიის შესწავლისათვის. კავკასიურ-წინა აზიური სახეობაა, მესამეული პერიოდის რელიქტი. კლასიკური ადგილსამყოფელია ჩრდ.კავკასია, მდინარეებს კუმასა და საბლიას შორის. საერთო გავრცელება: ყირიმი, შუა აზია, მცირე აზია, ირანი.
კავკასია: იმიერკავკასია; ამიერკავკასია: აზერბაიჯანი, სომხეთი (Гроссгейм, 1940; Фл. СССР, 1935).
საქართველოში გავრცელებულია: სამხრ. ოსეთი, ქართლი, ჯავახეთი. (საქ. მც. სარკვ., 1969). ჩვენი მონაცემებით დამატებით აღინიშნება ფშავსა და ხევსურეთში (არაგვის ხეობა).
თბილისის მიდამოებში ლიტერატურისა და ჰერბარიუმებში (TGI, TGM) დაცული მასალების მიხედვით შემდეგ ადგილებშია მითითებული: ვერეს ხევი, კარსანი, მცხეთა, ნატახტარი, მარტყოფი – წმინდა ანტონის მონასტრის მიდამოები, საგურამო (მაყაშვილი, 1953; ანელი, 1973).
ჩვენს მიერ 1985 წელს აღნიშნული სახეობა ნანახი იყო მცხეთის მიდამოებში („ბებრის ციხის” მოპირდაპირე ფერდობზე, 5 კვ. მM ფართობზე), საიდანაც შეგროვდა მასალა ბოტანიკური ბაღის სამკურნალო მცენარეთა კოლექციის შევსება – გაფართოების მიზნით.
შემდგომ პერიოდში მარშრუტული მიზნობრივი გასვლებით თბილისის მიდამოებში გამოვლინდა ერთადერთი ადგილსამყოფელი მართაზის ან სანგრის ხევში, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „ჩხერგილს” უწოდებს. საკმაოდ მყუდრო და საინტერესო ხეობაა მრავალფეროვანი ბალახოვანი საფარით. ტყის ძირითადი ტიპი მუხნარ-ჯაგრცხილნარ-ისლიანია, რომელსაც ერევა ღვია Juniperus foetdissima, J.rufescens და სხვ. ერთ-ერთ ასეთ დარღვეულ ეკოსისტემაში, 100 მ2 ფართობზე, ფლატეზე, ზღ.დ. 600 მ სიმაღლეზე, სამხრეთ-დასავლეთ ექსპოზიციაზე, დახრილობა 35-400, საშუალო მოძრავი ნაშალები, მცირე მიწა, კარგადაა გამოხატული შრეშის ფრაგმენტი. მცენარეები საკმაოდ კომპაქტურადაა დასახლებული, ინდივიდთა საერთო რაოდენობა 90-100-მდეა.
მეზოქსეროფიტია, სინათლის მოყვარული. იზრდება ღორღიან ადგილებში, მშრალ ფერდობებსა და კლდეებზე, ბუჩქნარებში, მთის წინებსა და მთის შუა სარტყელში, ზღ.დ. 500-1200 მ; გავრცელების ოპტიმუმია 500-800 მ. გვხვდება მცირე ჯგუფებისა და მცირე ფრაგმენტების სახით.
თბილისის მიდამოებში დღევანდელი მდგომარეობით სახეობას გაქრობა ემუქრება. დაკავებული ფართობი და მასთან ერთად რიცხოვნობა უკიდურესად მცირეა.
წყარო
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]