ქემერტი
ქემერტი — სოფელი საქართველოში, ქურთის მუნიციპალიტეტში, 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, 2006 წლამდე გორის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1040 მეტრი, ცხინვალიდან 12 კილომეტრი. ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
აქედანაა ცნობილი ქართული გვარი ქემერტელიძე. ტოპონიმ ქემერტის წარმოშობა, შესაძლებელია, ანთროპონიმული მონაცემების გათვალისწინების გზით გაირკვეს. საქმე ისაა, რომ გასული საუკუნის დამლევს შედგენილ ამიერკავკასიის მხარის ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ რუკაზე სოფელი ქემერტი დატანილია როგორც ქემერთა (Кемерта). სხვათა შორის, ზოგი ჩვენი ისტორიკოსი და არქეოლოგიც ამ ტოპონიმს ქემერთა-დ მოიხსენიებს. მაშასადამე, ტოპონიმის საწარმოქმნო მოდელი (ქემერ-თა, ქე-მერ-თ-ი) გვაფიქრებინებს მის ანთროპონიმულ წარმომავლობას. ტოპონიმისათვის, კერძოდ ამოსავალი ჩანს გვარი ქიმერიძე. ამ გვარის, ბუნის ერთად მყოფობა ტოპონიმში გაფორმდა როგორც ქიმერ-თ-ი (–ქემერ-თ-ი||ქემერ-თა) – „ქიმერიძეების სოფელი“, „ქიმერიძეების დასახლებული უბანი“.
ამ თვალსაზრისით ძალზე საყურადღებოა, რომ ვახუშტი ბატონიშვილი თავის ცნობილ ნაშრომში ამ სოფელს ქიმერეთად მოიხსენიებს: „ახალდაბას ზეით ერთვის მტკვარს სამხრიდამ ხევი ქიმერეთისა… ქიმერეთისხევს ზეით ერთვის მტკვარს სამხრიდამვე ხევი კორტანეთისა“ ეს სოფელი ქიმერთი-ს სახით არის მოხსენიებული იოანე ბატონიშვილის ქართლ-კახეთის აღწერაში“. ტოპონიმს, მაშასადამე, ასეთი ფონეტიკური ცვლილებანი განუცდია: ქიმერეთ-ი||ქიმერთ-ი – ქემერთა – ქემერტა – ქემერტ-ი.