ბზარნალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:01, 29 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბზარნალი – ტყის სახელად გვხვდება ზემო იმერეთში (სოფ. ცუცხვათი, ტყიბულის რ.). ხალხური გადმოცემის მიხედვით ბზარნალი თურმე გაბზარვა სიტყვისაგან ყოფილა წარმოქმნილი: „აქანა უწინ თამარ ნეფეს გოუვლია თავისი ჯარით და ამალით. კბოდეზე რო გაადენილა, უცებ თამარის ცხენს ნალი გაბზარვია და გზა ვეღარ გაუგძელებია. აქანა, ამ ადგილას ჩამოსულა და დოუსვენებიათ“ (ლუიზა შოთას ასული გვენეტაძე, ქ. ქუთაისი).

ტოპონიმი ბზარნალი მცენენარე ბზის სახელისაგან არის წარმომდგარი. იგი ნიშნავს: „ბზა-ნარ-ი ადგილი“, „ადგილი, სადაც ბევრი ბზა ხარობს“. ზემო იმერეთის ტერიტორიაზე საკმაოდ ხშირად დასტურდება მცენარე ბზის მიხედვით წარმოქმნილი მიკროტოპონიმები: ბზანალა, ბზანალის ღელე (სოფ. პერევი), ბზანვარ-ი (სოფ. კაცხი) ბზარნალ-ი (ს. ს. სანახშირე, ქროლი, ეწერი, ქვედა საზანო, ღვითორი…), ბზარნალის ღელე (სოფ. ქვედა წიფლავაკე), ბზანარ-ი (სოფ. ვაჭევი, პირველმაისი). ასევე მცენარე ბზის მიხედვით ჩანს წარმომდგარი სოფელ ბზვანის სახელწოდებაც (ვანის რაიონში). აქაა ზედა ბზვანი და ქვედა ბზვანი. ბზვანი ნიშნავს: ბზ-ოვან-ი „ბზის ხით მდიდარი ადგილები“.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები