ქართული ანბანი
ქართული ანბანი - ქართველებს სამი სახის დამწერლობა ანუ სამი სახის ანბანი გვაქვს: I. მრგლოვანი ანუ ასომთავრული, II. ნუსხური ანუ ნუსხა- ხუცური და III. მხედრული ანუ თანამედროვე.
ნუსხური დამწერლობა მრგლოვანს მე-9 საუკუნეში გამოეყო, ხოლო მრგლოვანი დამწერლობა იხმარებოდა მხოლოდ დასათაურებისათვის და წინადადების საწყისი სიტყვის ან პირველი ასოსთვის, ასევე საპატივცემულო სიტყვის (მაგ. ღმერთი, უფალი) დასაწერად. ამიტომ მრგლოვან დამწერლობას ასომთავრულიც ეწოდა.
მრგლოვან ანუ ასომთავრულ და ნუსხა-ხუცურ დამწერლობას იყენებდნენ ხუცესები და ამიტომ ორივეს ხუცურიც ეწოდება.
მე-11 საუკუნიდან ხუცურს გამოეყო მხედრული ანუ თანამედროვე დამწერლობა.
მსოფლიოში რამდენიმე ათასი ენაა, ანბანი კი 14, მათ შორისაა ქართული, რომელიც ყველაზე ძველი და სრულყოფილი ანბანია.
მრავალი მეცნიერის აზრით, ქართული მრგლოვანი ანბანი შეუქმნია ქართველ წარმართ ქურუმს ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნეში, კერძოდ 430-410წ.წ. ხოლო გაერთიანებული საქართველოს პირველ მეფე ფარნავაზს ძვ. წელთაღრიცხვის ΙV-ΙΙΙ საუკუნეში შეუქმნია «მწიგნობრობა ქართული“ (იხ. „ფარნავაზი“).
ბატონი რ. პატარიძე ქართული ასომთავრული ანბანის შესახებ წერს: „ძვ.წ. აღ. 284 წლიდან ქართული ასომთავრული ანბანი ქართული დამწერლობისა და ქართული წარმართული კალენდრის ფუნქციებს ასრულებს“ და „სრულიად ქართული ეროვნული წელთაღრიცხვა შეიძლება შემოღებულიყო მხოლოდ და მხოლოდ ძვ. წ. 284 წელს.“.
გურამ შარაძემ 1972 წელს გამოაქვეყნა წიგნი „თეიმურაზ ბაგრატიონის ცხოვრება“, რომელშიც თეიმურაზ ბაგრატიონი წერს: „არა უწიგნონი იყვნენ ქართველნი უწინარესთა ჟამთაცა შინა, ვიდრე ფარნავაზამდე. წერდნენ ისინი უხუცესთა წერილითა... ფარნავაზმან წერილთა მათაგან განჰყო მხედრობისათვის თვისისა მხოლოდ ხელით წერილი განყოფილი ასონი და არა სხვით რაჲთამე“ (გ. შარაძე, „თეიმურაზ ბაგრატიონი, ცხოვრება, თბ. 1972 წ., გვ. 122-127; რ. პატარიძე, ქართული ასომთავრული, გვ. 17). მხედრულ ანბანზე წერდნენ მარი ბროსე და ნიკო მარიც: „ფარნავაზის მეფობაში... შეადგინეს ეგრეთ წოდებული მხედრული ანბანი, რომელიც აქომამდე ხმარებაშია“ (მარი ბროსე, საქ. ისტ. ნაწ. Ι, თბ., 1895 წ. გვ. 26). ივანე ჯავახიშვილი წერს, რომ ნიკო მარს მხედრული დამწერლობა წარმართული დროის ქრთული დამწერლობის ნაშთად ეხატება. (ივ. ჯავახიშვილი, ქართული პალეოგრაფი, გვ. 195).
წყარო
ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილისი, 2013 წ.