ღომი
ღომი - დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სამეურნეო კულტურის სახეობა. სიმინდის შემოსვლამდე და შემდეგაც, მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი საკვები მარცვლეული. ღომს თესავდნენ გვიან გაზაფხულზე. ოგაფათი მოხნულ მიწაში და თოხით სამ-ოთხჯერ მარგლავდნენ. ღომი სამეგრელოში იზრდება მაღალი და ოქტომბერში ნამგლით მომკიდნენ. მომკილი ღომის თავთავებს გამოსაშრობად ჩაყრიდნენ მოწნულ ძარში, რომელიც მაღალ ბოძებზე იყო შემდგარი და ქვეშ შეუნთებდნენ ნელ ცეცხლს, ნებისად რომ გამომშრალიყო, ამის შემდეგ ღომის თავთავებს ფეხით სრესდნენ („ჩაჩუა“) და აცილებდნენ ბზესა და ღეროებს („გვადუა“) გარჩეული ღომის თავთავებს საცეხველში („ჩამური“) ჩაყრიდნენ, რომელიც მთლიანი ხისაგან იყო გამოთლილი და მოკაუჭებული ხის საცეხველით („კაკუტი“) ცეხვავდნენ. ღომის ცეხვას („ჩხვარუა“) ძირითადად აწარმოებდა სამი ადამიანი, რომლებიც მორიგეობით ურტყამდნენ კაკუტებს ჩამურში ჩაყრილ ღომს. დაცეხვილ ღომს ჩამურიდან ამოიღებდნენ და გაანიავებდნენ („მოხინწუა“ ან „ხიორუა“) ხოლო ბრელოიან ნარჩენს („ნოყური“) ქათმებს გადაუყრიდნენ. ღომის გამცეხვავნი ძირითადად ქალები იყვნენ. ღომისაგან შემდეგ იხარშებოდა ერთგვარი ფაფა. ღომის ნამგლით მომკას „გიმუა“ ეწოდებოდა და რადგანაც ეს პროცესი ოქტომბერში სრულდებოდა ამ თვეს მეგრულად „გიმათუთა“ დაერქვა.
ლიტერატურა
ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, 2007. ე.ნ.
