მახარებლები
მახარებლები – ქრისტეს ცხოვრება, თითქმის ყველა მისი ქადაგებით, აღწერა ქრისტეს ოთხმა მოწაფემ. მათ – მახარებლები, ხოლო მათ მიერ შედგენილ წიგნებს სახარება ეწოდება. ეს მახარებლებია: წმინდა მათე, წმინდა მარკოზი, წმინდა ლუკა და წმინდა იოანე. წმინდა მათე და წმინდა იოანე არიან თორმეტ მოციქულთაგანნი, ხოლო წმინდა მარკოზი და წმინდა ლუკა – სამოცდაათ მოციქულთაგანი.
უძველესი დროიდან ქრისტიანი მწერლები ოთხ მახარებელს ოთხ სიმბოლოს მიაკუთვნებენ: ადამიანის მსგავს ანგელოზს, ლომს, ხარსა და არწივს.
მათე მახარებელს გამოსახავენ ანგელოზთან ერთად, რადგან იგი მოგვითხრობს ძე ღმრთისას ადამიანური წარმომავლობის შესახებ.
წმ. მახარებელი ლუკა – წმინდა ლუკა წარმოშობით ებრაელი იყო, სირიის ანტიოქიიდან. იცოდა ეგვიპტური და ბერძნული ენები, იყო გამოცდილი ექიმი და დახელოვნებული მხატვარი. იგი 70 მოწაფეთაგანი იყო. წმინდა ლუკა პავლე მოციქულის უსაყვარლესი მოწაფე იყო და ყოველთვის თან დაჰყვებოდა. ქრისტეს აღდგომიდან მე-15 წელს დაწერა წმინდა სახარება. მისი სიმბოლოა ხარი, რადგანაც იგი ხარივით შრომობდა და მოგვითხრობს ქრისტეზე, როგორც მღვდელმთავარზე, რომელმაც შესწირა თავი ჩვენი ცოდვებისათვის. წმინდა მახარებლის აღსასრულის შესახებ ორგვარი ცნობა მოგვეპოვება: ზოგან წერია, რომ მშვიდობით აღესრულა 80 წელს გადაცილებული, ზოგან კი – წამებით აღესრულაო. წმინდა ლუკა უამრავ სასწაულს ახდენდა არა მარტო ცოცხალი, არამედ გარდაცვლილიც კი. იგი კონსტანტინე დიდის შვილმა კონსტანციმ, ეგვიპტიდან კონსტანტინოპოლში გადმოაბრძანებინა და დიდი პატივით დამარხა 12 მოციქულის სახელობის ტაძრის ტრაპეზის ქვეშ.
ლუკა მახარებლის დაწერილია არა მარტო სახარება, არამედ – „მოციქულთა საქმეც“. მის მიერაა დახატული ღმრთისმშობლის რამდენიმე ხატი, რომლებიც თვით ღმრთისმშობელს ასე დაულოცავს: „ჩემგან შობილისა და ჩემი მადლი იყოს ამ ხატებზე“. ამბობენ, რომ ხახულის ღმრთისმშობლის ხატი და წილკნის ღმრთისმშობლის ხატიც ლუკა მახარებლის დახატულია, ქართველი სპეციალისტების აზრით კი, წილკნის ღმრთისმშობლის ხატი მეოთხე საუკუნისაა, ხოლო ხახულისა – მეათე–მეთერთმეტე საუკუნეებისა.
იოანე მახარებლის სიმბოლოს წარმოადგენს არწივი, რადგანაც წმინდა იოანე აზრის სიმაღლითა და შორსმჭვრეტელური წინასწარმეტყველებებით არწივს ემსგავსება, რომელიც სულ უფრო მაღლა მიისწრაფვის და ძალიან შორს ხედავს. (წმ. იოანე მახარებელზე დამატებით და წმ. მათე მახარებელზე იხ. წმ თორმეტ მოციქულში. მე–5 საუკუნიდან აქ ხსენებული სიმბოლოები თან ახლავს მახარებელთა ფრესკებს და ხატებს.) წმ. მახარებელი მარკოზი – წმინდა მახარებელი მარკოზი წარმოშობით ებრაელი იყო, წმინდა პეტრე მოციქულის მოწაფე და მუდმივი თანამგზავრი. პეტრე მოციქულს ძალიან უყვარდა მარკოზი და თავის სულიერ შვილად მიიჩნევდა. თავის ერთ–ერთ ეპისტოლეში, მოციქული ამბობს: „მოგიკითხავს თქვენ რჩეული ბაბილონისა და მარკოზიც, ძე ჩემი სულიერად და არა ხორციელად“.
წმინდა მარკოზი გაჰყვა თავის მოძღვარს რომშიც, სადაც მორწმუნეთა გულმოდგინე თხოვნით დაწერა წმინდა სახარება. სანამ ხელნაწერს რომაელ ქრისტიანებს ჩააბარებდა, პეტრე მოციქულს აჩვენა „და ვითარცა იხილა წმიდამან პეტრე, გულისხმა–ჰყო, რამეთუ ჭეშმარიტ იყო. თვით მანაც დაამტკიცა და წარჰსცა ყოველთა ეკლესიათა“ – გადმოგვცემს წმიდა სოფრომი.
წმიდა პეტრე მოციქულის ლოცვა–კურთხევით წმიდა მარკოზ მახარებელი გაემგზავრა ღმრთის სიტყვის საქადაგებლად ჯერ აკვილიაში,შემდეგ ეგვიპტეში, ალექსანდრიაში, სადაც მან ეპარქია დააარსა და იყო მისი პირველი ეპისკოპოსი. მანვე იქადაგა სახარება ლიბიასა და პალესტინაში. თავისი მოღვაწეობით მრავალი წარმართი გაანათლა.მრავალი უძლური განკურნა, „ეშმაკთა განასხმიდა“ და მრავალ სასწაულს ახდენდა.
წმინდა მარკოზ მახარებლის ხატებზე ხშირად გამოსახავენ ხოლმე ლომს, ნიშნად ძლიერებისა, რომ მის მიერ ნაქადაგარი ქრისტე ყველა წარმართ ღმერთსა და კერპზე ძლიერია. წმინდა მარკოზი მოწამებრივად აღესრულა პალესტინაში. დასჯის წინ მას თვით უფალი გამოეცხადა და ახარა, რომ ის მთავარანგელოზებთან და ანგელოზებთან ერთად გაიხარებდა სამოთხეში.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.