ჰელე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:06, 16 დეკემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰელე – (ბერძნ.) ათამასისა და ნეფელეს ასული. ფრიქსოსის და.
ჰელესა და ფრიქსოსის დედა, მართალია, ღრუბელთა ქალღმერთი ნეფელე იყო, მაგრამ ბავშვები იზრდებოდნენ მამასთან, ორქომენოსის სამეფო კარზე. როდესაც ათამასმა ცოლად მოიყვანა კადმოსის ასული ინო, დედინაცვალმა შეიძულა გერები და მათი თავიდან მოცილება განიზრახა. ნეფელეს არ გამოჰპარვია ეს და ჰერმესს მიმართა დასახმარებლად. ჰერმესმა კი და-ძმას მფრინავი ოქროს ვერძი მოუვლინა, რომელმაც ღრუბლებში გახვეული ბავშვები კოლხეთისაკენ გააქროლა. აზიისა და ევროპის გასაყართან ჰელემ თავი ვერ შეიკავა და წყალში ჩავარდა. მას შემდეგ იმ ადგილს, სადაც ჰელე დაიხრჩო, „ჰელესპონტოსი“ (ჰელესპონტი) ანუ „ჰელეს ზღვა“ ეწოდება.