ყარალაშვილი სოლომონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყარალაშვილი სოლომონ გაბრიელის ძე (1870-1924) - ქართველი სამხედრო ოფიცერი. რუსეთის საიმპერატორო არმიის პოლკოვნიკი და ქართული არმიის გენერალი.

ბიოგრაფია

დაწყებითი განათლება მიიღო ოჯახში. სამხედრო სამსახური დაიწყო 1888 წელს. დაამთავრა ჩუგუევის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი და მიიღო პოდპორუჩიკის წოდება. სამსახური გააგრძელა 102-ე ვიატსკის პოლკში. 1897 წელს მიენიჭა პორუჩიკის წოდება. 1899 წლის 14 ოქტომბერს დაინიშნა 1- ლი კავკასიური საარმიო კორპუსის სარდლის ადიუტანტად. მონაწილეობდა რუსეთის არმიის 1900- 1901 წლების ჩინეთის ლაშქრობაში..

1901 წელს მიენიჭა შტაბს-კაპიტნის, ხოლო 1905 წელს – კაპიტნის წოდებები. 1906 წელს დაინიშნა მისი უდიდებულესობა მეფისნაცვლის მოადგილის ობერ-ოფიცრად კავკასიაში.

1910-1911 წლებში მსახურობდა კავკასიის მეფისნაცვალთან სამხედრო-სახალხო სამმართველოში.

1911 წლიდან მსახურობდა თერგის მხარის ვედენოს ოლქის (ჩეჩნეთი) სამხედრო უფროსად. ცნობილია იმით, რომ 1913 წელს, მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაჭერილი იქნა ცნობილი აბრაგი ზელიმხანი (ზელიმხან ხარაჩოელი), რისთვისაც მას ვადაზე ადრე მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება (06.12.1913 წ.).

დაჯილდოებული იყო: წმ. ანას III (1905 წ.), წმ. სტანისლავის II ხარისხის (1908 წ.) და წმ. ვლადიმირის ორდენებით.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918-1921 წლებში, მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში. იყო ცხინვალის ლაშქრის უფროსი, ფოთის პორტისა და სადგურის გენერალ-გუბერნატორი, ფოთში განლაგებული ჯარების და ჯავშანმატარებლის უფროსი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსეთის მიერ ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის მარტიდან, ემიგრაციაში არ წასულა და დარჩა სამშობლოში. სამხედრო სამსახური გააგრძელა წითელ არმიაში. 1924 წლის აჯანყების დროს ეკავა დასავლეთ საქართველოს ჯარების სარდლის თანამდებობა. დახვრიტეს 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ.


იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს გენერლები და ადმირალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები