ახმეტელი სტეფანე
ახმეტელაშვილი (ახმეტელი) სტეფანე გიორგის ძე - (6.II.1877 - 1922) - მეფის არმიის ქართველი ოფიცერი, რუსეთის საიმპერატორო არმიის პოლკოვნიკი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალი. 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიისა და I მსოფლიო ომების მონაწილე. წმ. გიორგის ორდენის კავალერი.
თავდაპირველი განათლება სიღნაღის საქალაქო სასწავლებელში მიიღო. 1897 წელს სამხედრო სამსახური დაიწყო. დაამთავრა თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი. შემდეგ მსახურობდა თურქესტანის მე-4 ბატალიონში. იყო პოდპორუჩიკი (1895), პორუჩიკი (1899), შტაბსკაპიტანი (1903). 1904-1905 წლის რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე. გამოირჩეოდა ტყვეებისადმი კარგი დამოკიდებულებით, რის გამოც იაპონიის ფლოტის სარდალმა, ადმირალმა ხეიხატირო ტოგომ იაპონური ხმალი გამოუგზავნა. კაპიტანი (1907). 1913 თურქესტანის მე-9 მსროლელთა პოლკშია. I მსოფლიო ომის მონაწილე. პოლკოვნიკი (1915).
1917 წლის მაისში მე-6 საზღვაო პოლკის უფროსია.
დაჯილდოებული იყო ორდენებით:
წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. ანას მე-2 ხარისხის ხმლებით, წმ. გიორგის მე-4 ხარისხის. 1918-
1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. იყო ქართული საჯარისო ნაწილების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორი. 1918 წელს იყო ქართული კორპუსის სარდალი. გენერალი (1918). 1918 წლის დეკემბერში, სომხეთთან ომის დროს, სარდლობდა ეკატერინეფილდის (ბოლნისის) ფრონტს. შემდგომში იყო სახალხო გვარდიის თბილისის გარნიზონის უფროსი, სასაზღვრო ჯარების პირველი სარდალი. 1921 წლის თებერვალში იმყოფებოდა კახეთში და იქ დისლოცირებულ მე-6 ათასეულთან ერთად უკან იხევდა. ტყვედ ჩაუვარდა რუსებს. დახვრიტეს რიაზანის ჩეკაში.
მიხეილ ბახტაძე
ლიტერატურა
- Русская армия в Великой войне http://www.grwar. ru;
- М. Гогитидзе, Военная элита Кавказа, т 1, 2007;
- ა. ჩაჩხიანი, დაშნაკთა ნაციონალისტურ-ექსპანსიონისტური იდეოლოგია და სომხეთ-საქართველოს 1918-1919 წლების ომი, თბ., 2007.
იხილეთ აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი
- ქართველი გენერლები
- პირველი მსოფლიო ომის მონაწილეები
- საქართველოს პირველი რესპუბლიკის გენერლები
- წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენოსნები
- წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენოსნები
- წმინდა ანას II ხარისხის ორდენოსნები
- წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენოსნები
- საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში
- ახმეტელები