ჭინჭარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭინჭარი

ჭინჭარი – (Urtica pilulifera) მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ცნობილია მრავალრიცხოვანი მსუსხავი ბუსუსებით, ღერო სწორმდგომია ან აღმავალი, ჩვეულებრივ სუსტად დატოტვილი. მიეკუთვნება ჭინჭრისებრთა – Urticaceae-ს ოჯახს. ჭინჭრის სიმაღლე 150 სმ-მდეა, ზოგჯერ კი 2 მ-საც კი აღწევს. ღერო ოთხკუთხაა, მარტივი, ზედა ნაწილში ზოგჯერ დატოტიანებულია. უხვადაა შემოსილი ხეშეში მარტივი, ჯირკვლოვანი ბეწვებით. ფოთლები მოპირდაპირეა, დიდი ზომის, ყუნწიანი, მუქი-მწვანე, ყვავილედი თავთავისებურია. ნაყოფი კვერცხისებრი კაკლუჭაა, რომლის სიგრძე 1-1,5 მმ-ია.

ტოტებსა და ფოთლებზე, მოთავსებულია მსუსხავი ბუსუსები. ბუსუსები წამახვილებულია - ფუძესთან განიერი, წვეროსკენ თანდათან წვრილდება. ბუსუსების წვეროს კედლები გაჟღენთილია კაჟმიწით. ისინი შეხებისას ადვილად იმსხვრევიან და ნემსა ბოლოთი კანს აზიანებენ. დაზიანებულ კანში ხვდება ბუსუსში მოთავსებული მჟავა, რასაც „დასუსხვას“ ეძახიან.

ჭინჭრის სამკურნალო თვისებები საქართველოში ადრეული ხანიდან უნდა ყოფილიყო ცნობილი, რაზეც აღნიშნული მცენარით მკურნალობის ფართოდ გავრცელებულობა უნდა მიუთითებდეს.

დასავლეთ საქართველოში დღემდე შემორჩა ფქვილსა და რძეში შერეული, მოხარშული, გაწურული, მორეგვილი და დაჭრილი ჭინჭრით ინდაურის ჭუკების გამოზრდის წესი. ამგვარად დამზადებული ინდაურის ჭუკები დიასახლისის ხელისგულიდან იკვებებოდნენ. საერთო აზრით, ჭინჭარი მრავალმხრივ იყო სასარგებლო და ხელს უწყობდა ჭუკების სწრაფ ზრდასა და სიმსუქნეს.


ჭინჭარი – ბიბლიური მცენარე

„იმიტომაც, ვფიცავ, ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, რომ დაემსგავსება მოაბი სოდომს და ყამონელები — გომორას, ჭინჭრიან ადგილს, მარილის ორმოს და უდაბნოს უკუნისამდე“. (სოფონია 2, 9)

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები