კოდისწყარო
კოდისწყარო – სოფელ ქვემო ჭალაში (კასპის რაიონი).
მაკე ღორს მუცელი ასტკივნია და წამოსულა ადგილის საძებრად, რომ გოჭები დაყაროს. ტყე-ტყე უვლია, უვლია და, ბოლოს, წყარო უნახავს და ჩაწოლილა, მოუგია გოჭები. ახლა ღორის პატრონი ხუთი ვაჟის მამა, გვარად ღვინაძე, გაჰყოლია ღორის ნაფეხურებს. ნაკვალევს წყაროსთან მიუყვანია და, აჰა, ხედავს, მისი ღორი წყაროსთან წევს და გარშემო ახლადმოგებული გოჭები ახვევია. მოწონებია ღვინაძეს ეს ადგილი და გადაუწყვეტია აქ დასახლებულიყო. აიყარა ჭალიდან და თავის ხუთ შვილთან ერთად აქ გაიჩინა სახლი და კარ-მიდამო. ვიდრე გადმოსახლდებოდა, ხურვალეთში მღვდლებისთვის უთქვამს, ბატონს გამოვექეცი და დამიცავითო – ეს ადგილი საეკლესიო ადგილი ყოფილა. მღვდლებს უთქვამთ ბატონისთვის, ეს ხალხი კარგი გლეხები არიან, რაკი ეკლესიის ადგილზე დასახლდნენ, ეკლესიას შემოეხვეწნენ, ამიერიდან ეკლესიის ყმები არიან და არ შეაწუხოო. ბატონიც შეეშვა მათ. ასე დააღწია თავი ღვინაძემ ღორის დახმარებით თავის ბატონს. ხუთი ვაჟი გამრავლებულა და სოფელიც აშენებულა. იმ წყაროს გამო, სადაც ღორმა გოჭები დაყარა, სოფელს კოდისწყარო დაარქვეს