ალავერდის ეპარქია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:34, 15 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალავერდის ეპარქია - საქართველოს სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო აღმოსავლეთ საქართველოში (კახეთი). საეპისკოპოსო კათედრალია წმ. გიორგის სახელობის ტაძარი სოფელ ალავერდში (ახმეტის მუნიციპალიტეტი), მდინარე ალაზნის ველზე, ქ. თელავიდან 20 კმ დაშორებით. ალავერდის ეპარქიის ისტორიულ საზღვრებს წარმოადგენდა: ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით – კავკასიონის ქედი და მდინარე სტორი, სამხრეთ-აღმოსავლეთით – მდ. თურდო, დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით, კახეთისა და ცივ-გომბორის ქედები. მთიანეთიდან ა.ე-ში შედიოდა ფშავ-ხევსურეთი და თუშეთი. დღეს ა.ე. მოიცავს თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას. ალავერდის მონასტერს VI ს. II ნახ-ში საფუძველი იოანე ზედაზნელის ერთ-ერთმა მოწაფემ, იოსებ ალავერდელმა, ჩაუყარა. ასურეთიდან მოსულ მამათა მოღვაწეობის მიზანი ქრისტ. ეკლესია-მონასტრების დაარსება, ადგილ. მოსახლეობის მოქცევა ან მოქცეულთა სარწმ. განმტკიცება იყო (იხ. „ალავერდი“). X ს. დასაწყისისათვის ალავერდი კახრთის ქორეპისკოპოსთა მთავარი სალოცავია, ხოლო XI ს. შუა ხანებისათვის დიდი საკათედრო ტაძრის აშენების შემდეგ საეპისკოპოსო ცენტრად იქცა. ეპარქიის დაარსებისთანავე ალავერდელი მწყემსთავარი აბბა (ამბა) ალავერდელის წოდებით იხსენიება. ეს ტრადიცია უკავშირდება იოსებ აბბა ალავერდელს, მონასტრის პირველ მამას (სირიული აბბა-ამბა ქართ. „მამის“ შესატყვისია). ალავერდელი ეპისკოპოსები იმავდროულად ალავერდის მონასტრის წინამძღვრებად ითვლებიან და დღემდე ატარებენ მონასტრის „მამის“, აბბას ზედწოდებას. ალავერდის ტაძრის მშენებლობის ინიციატივასა და მატერიალურ შეწევნაში, ადგილობრივ ქტიტორთა გარდა, მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქების – მელქისედეკ I-ისა (1010-1033) და იოანე V ოქროპირის (1039-1049) – წვლილი. მელქისედეკ კათოლიკოს-პატრიარქის ბიზანტიაში პირველი ვიზიტის შედეგად განახლდა და შეიმკო სვეტიცხოვლის ტაძარი და ქ. მცხეთა, ხოლო მისი მომდევნო ვიზიტების შედეგად მან სვეტიცხოველს შეძენილი მამულები უბოძა და მიიღო მატერიალური შეწევნა სხვა ქართ. ეკლესიებისათვის, სავარაუდოა, ალავერდის ტაძრის შენებისათვისაც. ახლანდ. ალავერდის ტაძრის მშენებლობის დასაწყისი უნდა ვივარაუდოთ დაახლ. 1025 წ., როდესაც რანთა და კახთა მეფე იყო კვირიკე III დიდი, ხოლო საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქი – მელქისედეკი. ტაძრის მშენებლობის ინიციატორი იყო ქართ. სახელმწიფოს უზენაესი საერო და სასულიერო ხელისუფლება, უმთავრესი განმახორციელებელი – საქართვ. საპატრიარქო, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ მთლიანობას მყარ იდეოლოგიურ საფუძველს უქმნიდა. ალავერდის კათედრალის მშენებლობა იყო გაგრძელება და შემადგენელი ნაწილი ბაგრატ III-ის პოლიტ. კურსისა, რომელიც ქართველთა მეფის ხელდებულ ტერიტორიაზე სასულიერო ცენტრების დაარსება-განახლების საშუალებით ქვეყნის პოლიტიკურ და კულტუტულ-რელიგიურ ერთიანობას ემსახურებოდა.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები