ალექსანდრე ოქროპირიძე (ეპისკოპოსი)
ალექსანდრე (ოქროპირიძე ალექსი) - (1824, სოფელი დისევი, გორის მაზრა – 09.11.1907, შიომღვიმის მონასტერი)], წმ. მღვდელმთავარი (ხსენ. დღე 26.10/8.11), გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. გორის სას. სასწავლებლის დამთავრებისთანავე, 1839 წ., ჩაირიცხა თბილ. სას. სემინარიაში, რომელიც 1845 წ. დაამთავრა. სემინარიის დამთავრების შემდეგ 1845 წ. 8 ივლისს ბერად აღიკვეცა თბილ. ფერისცვალების მონასტერში. იმავე წლის 18 აგვისტოს აკურთხეს დიაკვნად. 1846-1850 წწ. სწავლობდა ყაზანის სას. აკადემიაში; 1849 წ. მღვდელ-მონაზვნის ხარისხში აიყვანეს; 1850 წ., აკად. დამთავრებისას, მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი. 1851 წ. თბილ. სას. სემინარიის დაბალ განყ-ბაზე წმ. წერილს, ლათინურ ენას, მართლმადიდე
ბლურ სარწმუნოებას, ხოლო უმაღლეს განყოფილებაზე – ზნეობრივ ღვთისმეტყველებასა და ბიბლიურ არქეოლოგიას ასწავლიდა. 1851 წ. აფხ. სას. სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა, პარალელურად, 1851 წ. 28 ივლისიდან 28 სექტემბრამდე ქუთაისის სას. სასწავლებლის ინსპექტორისა და უმაღლესი განყ-ბის მასწავლებლის მოვალეობას ასრულებდა.
18 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა აფხაზეთში, სადაც განვლო გზა მღვდელმონაზვნობიდან ეპისკოპოსობამდე და ღრმა კვალი დატოვა კუთხის ცხოვრებაში. 1852 წ. ილორში ჩამოაყალიბა სკოლა, სადაც ბავშვებს ამზადებდა სას. სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად. 1852 წ. ლიხნში ამოქმედდა სას. სასწავლებელი, რომელიც უწმინდესმა სინოდმა 1851 წ. დააფუძნა, თუმცა რეალურად არ მოქმედებდა. სასწ. პროცესის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის საჭირო სახსრები ა-მ საკუთარი თანხებიდან გაიღო. ყირიმის ომმა (1853-1856) მკვეთრად შეცვალა პოლიტ. ვითარება მხარეში – აფხაზთა მნიშვნელოვანი ნაწილი თურქეთს მიემხრო და სასწავლებელი დროებით დაიხურა. 1854-1855 წწ. ა. კვლავ ქუთაისის სას. სასწავლებლის ზედამხედველისა და უმაღლესი განყ-ბის მასნავლებლის მოვალეობას ასრულებდა; იმავდროულად იყო გელათის მონასტრის წინამძღვარიც (დროებით). 1855 წ. იღუმენის ხარისხში აიყვანეს; იმავე წელს იღუმენი ა. აფხ. მთავრის მიწვევით ზუგდიდის მაზრის სოფ. ჭკადუაშში ჩავიდა მთავრის ტახტის მემკვიდრის, 9 წლის გიორგი მიხეილის ძე შერვაშიძის, აღსაზრდელად.
ყირიმის ომის შემდეგ აფხაზთა ნაწილი ისლამს დაუბრუნდა, რასაც ხელს უწყობდა ჩრდ. კავკასიაში რუს. იმპერიის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისმღვრელი ბრძოლები. არქიმანდრიტის ხარისხში აღყვანილი ა. მისიონერული საქმიანობის ახალ გზებს ეძებდა. 1860 წ. მან ჩამოაყალიბა და საქართვ.-იმერეთის სინოდალურ კანტორას წარუდგინა „მოსაზრება აფხაზეთში ქრისტიანობის გავრცელებისა და ქრისტიანობის განვითარების შემაფერხებელი მიზეზების შესახებ“. მისი აზრით, აფხაზთა შორის ქრისტიანობის წარმატებით გავრცელებისათვის აუცილებელი იყო სას. სასწავლებლის გახსნა, უძველესი ტაძრების აღდგენა, სამღვდელოების მატერ. მდგომარეობის გაუმჯობესება და ა.შ. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ღვთისმსახურების წარმართვას ქართულ ენაზე, რადგან აფხაზეთში ღვთისმსახურება მუდამ ამ ენაზე აღესრულებოდა. მთავრის ოჯახი ქართულ ენას „სუფთად და თანდაყოლილად“ ფლობდა, „რუსულს – სრულებითაც არა“; ამიტომ აფხაზეთში მოღვაწე ყველა მისიონერმა უნდა იცოდეს ეს ენა, – ასკვნიდა ა. 1862 წ. 4 მარტს ა. სიონის საკათედრო ტაძარში აკურთხეს ეპისკოპოსად და დაინიშნა აფხ. ეპარქიის მმართველად. 1863 წ., როგორც აფხ. ეპისკოპოსმა, ა-ემ საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორაში წარადგინა აფხ. ეპარქიის „სტატისტიკური აღწერა“, სადაც მხარეში ქრისტიანობის წარმატებისათვის აუცილებელი პირობები იყო განხილული. 1866 წ. საქართვ. ეგზარქოსს წარუდგინა აფხაზეთში ქრისტიანობის უფრო გაბედულად და წარმატებით გავრცელებაზე ზრუნვის პროექტი; 1867 წ. კი სოხუმის სამხ. განყ-ბის უფროსისათვის შეადგინა წერილი: „აფხაზეთში ქრისტიანობის მდგომარეობისა და მისი გაძლიერებისათვის აუცილებელი ღონისძიებების შესახებ“. ა-მ სოხუმში 1867-1868 წწ. საკუთარი სახსრებით განაახლა ორი ეკლესია, ასევე საკუთარი ხარჯებით 8 აფხაზ ყმაწვილს სას. განათლება მიაღებინა, მონათლა 3 ათასამდე აფხაზი და ამით ისინი თურქეთში გადასახლებისაგან იხსნა. მისივე ინიციატივით 1867 წ. ბიჭვინტაში სას. სასწავლებელი გაიხსნა, სადაც რუსულთან ერთად დიდი ყურადღება ეთმობოდა ქართ. და აფხ. ენების სწავლებას. სამწყსოსადმი კეთილი დამოკიდებულებით მოსახლეობაში (თვით მუსლიმთა შორისაც) დიდი სიყვარული მოიპოვა, დაიმკვიდრა აფხ. „მეორე მოციქულის“ სახელი. 1869-1882
წწ. ა. გორის ეპისკოპოსი და საქართვ. ეპარქიის ვიკარია. 1871 წ. ა. წმ. ანას I ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს; 1878 წ. დაამტკიცეს კავკასიაში მართლმადიდებლობის აღმდგენი საზ-ბის კომიტეტის წევრად. ა. იღვწოდა ქართ. ენისა და კულტ. დასაცავად. ეგზარქოს იოანიკეს დროს მან აიძულა სას. ხელისუფლება, ქართვ. მოწაფეთათვის სავალდებულო საგნებად ეცნოთ ქართ. ენა და გალობა.
1881-1886 წწ. ა. გურიის ეპისკოპოსია, 1886-1898 წწ. – კვლავ გორის ეპისკოპოსი. 1898 წ. 20 მარტიდან 1903 წ. 4 ნოემბრამდე გურია-სამეგრელოს ეპარქიის მმართველია. 90-იან წწ. მან შეაკეთა და განაახლა ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლები: შიომღვიმე, ზედაზენი და დავით-გარეჯა. დიდძალი თანხები შესწირა ქართველთა შორის წ.კ. გამავრცელებელ საზ-ბასა და საეკლ. მუზეუმს. ღარიბ მოწაფეთა დასახმარებლად დააწესა სტიპენდიები.
ა. ღიად დაუპირისპირდა ქართველი ერის გათიშვის, სამეგრელოდან ქართ. ენის გამოდევნის იმპერიულ პოლიტიკას, რაც მძაფრად გამომჟღავნდა 1902 წ. აპრილში, როდესაც ეგზარქოსი ალექსი (ოპოცკი), დეკანოზ ი. ვოსტორგოვის თანხლებით, სტუმრობდა სამეგრელოსა და აფხაზეთს ვითომდა ქართულ-მეგრულ ენებს შორის განსხვავების შესასწავლად. თბილისში დაბრუნებულმა ეგზარქოსმა უწმ. სინოდის ობერპროკურორს საიდუმლო წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ღია შეკრებებზე, თავადების თანდასწრებით, რუსი ხალხისა და რუსი ხელისუფლების მისამართით უხამს განცხადებებს აკეთებდა და მოუწოდებდა თავადებს „თავისუფლების დასაცავად“ გაერთიანებისაკენ. 1903 წ. ა. სამსახურიდან დაითხოვეს. ფოთის ქალაქისთავმა, ნიკო ნიკოლაძემ, ფოთის საზ-ბამ და სამღვდელოებამ მას გულთბილი გაცილება მოუწყვეს. გაცილებასთან დაკავშირებული პარაკლისი სიონის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) გადაიხადა. ტაძარში სიტყვა ილია ჭავჭავაძემ წარმოთქვა. ცხოვრების დარჩენილი წლები მან შიომღვიმის მონასტერში გაატარა.
ა. იყო მრავალი საქველმოქმედო საზოგადოებისა და დაწესებულების წევრი, მათ შორის – ქართველთა შორის წ.-გ. გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი. მან საკუთარი სახსრებით გამოსცა ანტონ I კათოლიკოსის „მზამეტყველება“ და „სწორმეტყველება“, ანტონ ნეკრესელის „სიტყვანი და მოძღვრებანი“, ისტ. საბუთები შიომღვიმის მონასტრისა, ს.-ს. ორბელიანის ლექსიკონი და ა.შ. მანვე დააფინანსა ქართ. საეკლ. გალობის ნოტებზე გადაღება. ა. ცდილობდა რუს. ეგზარქოსების მმართველობის პირობებში დაკნინებული სამონასტრო ცხოვრების აღორძინებას, ლავრა-მონასტრებში ქართველი ბერების გამრავლებას, სას. განათლების დონის ამაღლებასა და ამ გზით სარწმუნოების განმტკიცებას. მცხეთის სვეტიცხოვლის აღსადგენად მან 1500 მან. გაიღო, იყო ამ ტაძრის განმაახლებელი კომიტეტის თავ-რე; აღადგინა ეკლესიები მშობლიურ სოფ. დისევში, გურიაში, აჭარაში. 21 ათასი მანეთი შესწირა შიომღვიმის მონასტერს, 11700 მან. – იოანე ზედაზნელის სავანეს. ასევე ა-ეს ხარჯით მრავალმა უსახსრო მოსწავლემ მიიღო განათლება თბილ. სას. სემინარიაში, მის მიერ დაარსებულ საეპარქიო ქალთა სასწავლებელში, ილორის სკოლაში, ბიჭვინტისა და ქუთ. სას. სასწავლებლებში, ყაზანის სას. აკადემიაში და სხვ.
1995 წ. 17 სექტემბერს საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდმა ა. წმინდანად შერაცხა წმ. მღვდელმთავრის სახელით. ლიტ.: აბაშიძე ზ., განუწყვეტელი სათნოება, „ფუძე“, 2005, №1; გურგენიძე ვ., წმ. მარიამის წილხვედრ ქვეყანაში, წგ., 2, თბ., 1997; თავბერიძე ი., XIX ს. ქართველი მოღვაწეები და საეკლესიო გალობა, თბ., 2005; წმინდა მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე) და აფხაზეთი, ჯ. გამახარიას გამოც., თბ., 2006; ჭიჭინაძე ზ., გურია-სამე გრელოს ეპისკოპოსი ყოვლადსამღვდელო ალექსანდრე; ტფ., 1903; მისივე, სიტყვანი და წერილები ყოვლადსამღვდელო ალექსანდრეზე, ტფ., 1907. ჯ.გამახარია